შინაური ცხოველის ყოლა ხანშიშესული ადამიანების ტვინს იცავს — კვლევა
ზოგჯერ, ის რაც კარგია თქვენი გულისთვის, ასეთივეა ტვინისთვისაც.
აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ, რომლის სამიზნე ჯგუფიც 50 წელს გადაცილებული ადამიანები იყვნენ, საინტერესო შედეგი აჩვენა. აღმოჩნდა, რომ ის ადამიანები, რომლებსაც შინაური ცხოველი 5 წელზე მეტია ჰყავთ, კოგნიტური მახსოვრობის ტესტებში უკეთეს შედეგებს აფიქსირებენ, ვიდრე ისინი, რომლებიც ოთხფეხა მეგობრებთან ერთად არ ცხოვრობენ.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევრები ამტკიცებენ, რომ "შინაური ცხოველის ეფექტი" გულთან ერთად დაბერებისგან ტვინსაც იცავს.
შედეგები 2010-2016 წლებში ჩატარებულ გამოკითხვაზეა დაფუძნებული, რომლის ფარგლებშიც, სხვა კითხვებთან ერთად, 50 წელს გადაცილებული ადამიანების შინაური ცხოველების სტატუსსაც ამოწმებდნენ. კვლევაში მონაწილეობა 20 000-მა ადამიანმა მიიღო.
მკვლევრებმა გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით აჩვენეს, რომ განსხვავებები შინაური ცხოველების მფლობელებისა და სხვა ადამიანების კოგნიტურ მაჩვენებლებს შორის აშკარა იყო.
შედეგები განსაკუთრებით თვალსაჩინო 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში აღმოჩნდა. ეს განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ჩვეულებრივ, დემენციის სიმპტომები სწორედ ამ ასაკში ვლინდება.
ამ ასაკობრივ ჩარჩოში მყოფი ადამიანების ხანმოკლე და ხანგრძლივი მეხსიერების კვლევისას აღმოაჩინეს, რომ შინაური ცხოველების მფლობელები აშკარად უკეთეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე ის ადამიანები, რომელთაც მათთან შეხება არ აქვთ.
ამ ადამიანებს 6 წლის განმავლობაში პერიოდულად ტესტავდნენ, ცხოველების მოყვარულების ფლანგი კი ყოველ ჯერზე უკეთეს შედეგებს აჩვენებდა. განსხვავება დროის გასვლასთან ერთად უფრო და უფრო თვალსაჩინო გახდა.
რა თქმა უნდა, ამ ტიპის კვლევა "შინაური ცხოველის ეფექტის" არსებობის დამამტკიცებელ საბუთად ვერ გამოდგება. ეს უბრალოდ ერთ-ერთი კვლევაა მრავალთა შორის, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ცხოველის ყოლა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. მიუხედავად ამისა, ეს თეორიები საბოლოოდ დამტკიცებული არ არის.
მაგალითად, ძაღლის ყოლა აიძულებს მის პატრონს, რომ უფრო ხშირად წამოდგეს და მეტი იმოძრაოს, რაც ჯანმრთელობისათვის, განსაკუთრებით სიბერეში, სასარგებლოა.
ასევე, ცხოველებს ოჯახის ცხოვრებაში ახალი ბაქტერიები შემოჰყავთ, რომელიც შესაძლოა ჩვენი ნაწლავების ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებდეს. სხვათა შორის, ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ნაწლავებისა და ტვინის კავშირი იმაზე ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა.
შეიძლება, ცხოველები უბრალოდ გვაბედნიერებენ. მეცნიერული დადასტურება არ სჭირდება იმას, რომ შინაური ცხოველს მარტოსულობისა და სტრესის დაძლევაში ჩვენი დახმარება შეუძლია.
დემენციის რისკ-ფაქტორებს შორის ფიზიკური აქტივობის ნაკლებობას, მარტოობას, გულის დაავადებებს, დეპრესიას, შფოთვასა და სტრესს ხშირად ასახელებენ.
ერთი სიტყვით, შინაური ცხოველის ყოლას შეუძლია კოგნიტური დაქვეითების მრავალი ფაქტორი აგვარიდოს თავიდან.
ადრეული კვლევების უმრავლესობა ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, თუ როგორ ზემოქმედებენ კატები და ძაღლები ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, თუმცა ძალიან ცოტა მეცნიერი თუ აქცევდა ყურადღებას მათ გავლენას ჩვენს ტვინზე.
ამ კვლევების ნაწილმა არანაირი შედეგი არ აჩვენა. მიუხედავად ამისა, მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევრები თვლიან, რომ ამის მიზეზი ხანგრძლივი დროა, რომელიც შინაური ცხოველის ყოლას ჩვენს ჯანმრთელობაზე ზემოქმედებისთვის სჭირდება. მარტოსულობა ერთ დღეში ვერ დამარცხდება, ისევე როგორც სრულყოფილი მეგობრობის ჩამოყალიბებას სჭირდება საკმაოდ დიდი დრო.
კვლევა ჟურნალ Aging and Health-ში გამოქვეყნდა
კომენტარები