მოუსმინეთ: როგორ ხმას გამოსცემს ჩრდილოეთის ნათება
ჩრდილოეთის ნათება, იგივე ავრორა ბორეალისი, შთამბეჭდავი ფენომენია, რომლის დროსაც მზის დამუხტული ნაწილაკები დედამიწის ჩრდილოეთ პოლუსზე ატმოსფეროსთან ურთიერთქმედებს და საოცარ სანახაობას ქმნის. მსგავსი მეტეოროლოგიური მოვლენა სამხრეთშიც ხშირია.
ასევე იხილეთ: ნახეთ: ჩრდილოეთის ციალის 25 გასაოცარი ფოტო, რომელიც მის მშვენიერებაში დაგარწმუნებთ
გარდა იმისა, რომ ეს ცაზე ულამაზეს ციალს აჩენს, ბევრ ადამიანს აღუნიშნავს, რომ მას განსაკუთრებული ხმაც აქვს. ბოლო წლების განმავლობაში მეცნიერებმა ამის მტკიცებულებები შეაგროვეს და აუდიო ჩანაწერებიც მოიპოვეს. სპეციალისტებმა ასეთი აკუსტიკური მახასიათებლის მექანიზმიც შეისწავლეს.
მათ დაადგინეს, რომ ავრორა ბორეალისის ხმიანობა საკმაოდ ხშირია და ის ზოგჯერ ვიზუალურად ხილული ნათების გარეშეც ისმის. ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ ციალი ტკაცუნის ხმას გამოსცემს და ის პლანეტის გეომაგნიტურ აქტიურობასთანაა დაკავშირებული. ავტორები ამბობენ, რომ სათანადო მონაცემების შესწავლის გზით იმის 90-პროცენტიანი სიზუსტით პროგნოზირებაცაა შესაძლებელი, თუ როდის გავიგებთ ჩრდილოეთის ნათების ხმას.
ადრეულ კვლევაში, რომელსაც ახალი ნაშრომი ეფუძნება, მეცნიერებმა ციალის ხმა სპეციფიკურ გარემოებებთან დააკავშირეს, მაგალითად, ხელშემწყობ ამინდთან, რადგან აკუსტიკური ჟღერადობა ატმოსფეროს ინვერსიული შრიდან მოდის, ანუ ჰაერის თბილი ფენიდან. ის დღის განმავლობაში მაღლა იწევს და იონები, იგივე დამუხტული ნაწილაკებიც გადააქვს. ხმა სწორედ იქ მომხდარ ელექტრულ განმუხტვას მოჰყვება.
შესაბამისად მსგავსი ხმა შესაძლოა, ავრორა ბორეალისის გარეშეც გაისმას, რაც გასაკვირი სულაც არაა. ის ხშირად ყინულის გაბზარვის ხმაში ეშლებათ და ვერც კი ხვდებიან, რომ მისი წყარო ატმოსფეროშია და არა ხმელეთზე.
ასობით აკუსტიკური ჩანაწერი მეცნიერებმა ფინეთის ერთ-ერთ სოფელში, ღამეების განმავლობაში, გასული წლის იანვარში მოიპოვეს. სტატისტიკური შედარებებისთვის კი მათგან მხოლოდ 60 შეარჩიეს. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში ResearchGate გამოქვეყნდა.
კომენტარები