სინათლის სიჩქარეზე სწრაფად გადაადგილება არაფერს შეუძლია. ეს მოცემულობა აინშტაინის ფარდობითობის სპეციალური თეორიის საფუძველშივე დევს და მისი დარღვევა მთელ რიგ პრობლემებს უკავშირდება. ამის მიუხედავად, ვარშავის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერები, სინგაპურის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწე კოლეგებთან ერთად, მივიდნენ იდეამდე, რომელიც ფიზიკის კანონებს არ ეწინააღმდეგება და პოტენციურად ახალ თეორიებსაც უხსნის გზას.

მას მკვლევრებმა "სპეციალური თეორიის გაგრძელება" უწოდეს. ის დროის სამ და სივრცის ერთ განზომილებას აერთიანებს ("1+3 დრო-სივრცე"), როცა ჩვეულებრივ განზომილებების რაოდენობა პირიქითაა გადანაწილებული (დროის ერთი და სივრცის სამი). მსგავსი სისტემით ლოგიკური წინააღმდეგობების გარეშე დაიშვება, რომ სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობა შესაძლებელია ისე, რომ ფიზიკური კანონები არ დაირღვეს.

"არ არსებობს ფუნდამენტური მიზეზი, თუ რატომ ვერ იქნება აღწერილ ფიზიკურ სისტემებში სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრავი დამკვირვებელი თავად მასში სუბიექტი", — ამბობენ ავტორები.

ამ მოდელის მიხედვით, მსგავსი სუპერლუმინალური ობიექტი ნაწილაკს დაემსგავსება, რომელიც სივრცეში ბუშტივით ფართოვდება და ის ერთდროულად დროის რამდენიმე მიმდინარეობაში ჩაებმება. მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაშიც კი, სინათლის სიჩქარე ვაკუუმში მუდმივი იქნება, ანუ აინშტაინის ფუნდამენტურ პრინციპს დაემორჩილება.

ფოტო: Pixabay

"მოსალოდნელია არა მხოლოდ ისეთ ფენომენთა ხილვა, რომლებიც სპონტანურად, განსაზღვრული მიზეზის გარეშე ხდება, არამედ რამდენიმე მიმართულებით ნაწილაკთა ერთდროული გადაადგილებაც.

სუპერლუმინალური დამკვირვებლისთვის ნაწილაკის ხნიერება სამივე დროით ხაზში დამოუკიდებლად იმატებს, თუმცა ჩვენი პერსპექტივიდან ეს გამოიყურება, როგორც სივრცის ყველა მიმართულებით თანადროული მოძრაობა", — აცხადებენ მეცნიერები.

რა თქმა უნდა, ავტორები აცნობიერებენ, რომ ასეთი სისტემა ახალ კითხვებს აჩენს და შესაძლოა, კვანტური ველის თეორიასთანაც გაერთიანდეს, ესაა კვანტური მექანიკის, სპეციალური ფარდობითობისა და კლასიკური ველის თეორიის ნაზავი. მსგავს მოდელში ნაწილაკებს განსაკუთრებული მახასიათებლები ექნება

ერთ-ერთი კითხვაა, შევძლებთ თუ არა ოდესმე ამგვარ განგრძობად ფენომენზე დაკვირვებას, თუმცა მასზე პასუხის გაცემასა და ახალი ფუნდამენტური ნაწილაკის აღმოჩენას დიდი დრო და ბევრი მეცნიერის შრომა დასჭირდება. უკანასკნელი კვლევა გამოცემაში Classical and Quantum Gravity გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.