ჰაბლმა ვარსკვლავთშორის აირში მოქცეული ახალგაზრდა მნათობები დააფიქსირა
ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპისგან ახალი შთამბეჭდავი სურათი მივიღეთ, რომელზეც მოცისფრო-მოიისფრო ნისლეულში გახვეულ ახალგაზრდა მნათობებს ვხედავთ. ეს ღია ვარსკვლავთგროვაა, რომელიც NGC 1858-ის სახელითაა ცნობილი და საერთო გრავიტაციით შეკავშირებულ ობიექტებს აერთიანებს.
მართალია, ვარსკვლავები თავმოყრილია, მაგრამ ისინი ერთმანეთთან მჭიდროდ არაა განლაგებული, რის გამოც ცაზე NGC 1858-ს მოწესრიგებული ფორმა არ აქვს. აღნიშნულ რეგიონში ე.წ. ემისიურ ნისლეულსაც ვხედავთ, რომელსაც ფერადოვანი ღრუბლის სახე აქვს.
თვალწარმტაცი მოცისფრო ნისლეული, რომელიც სურათის ცენტრსა და მარჯვენა ქვედა მხარესაა გამოსახული, აირია. ულტრაიისფერი გამოსხივების მეშვეობით, რომელიც ვარსკვლავებიდან მომდინარეობს, ის იონიზაციას განიცდის და ხილულ სპექტრში კაშკაშებს.
მნათობების უმეტესობა აქ დაახლოებით 10 მილიონი წლის წინაა ფორმირებული და დედამიწისგან თითქმის 160 000 სინათლის წელი აშორებს. თითოეული მათგანი განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა. NGC 1858 ირმის ნახტომის თანამგზავრი ჯუჯა გალაქტიკის, მაგელანის დიდი ნისლეულის ნაწილია, რომელიც ცის სამხრეთით მდებარეობს.
"NGC 1858-ში მკვლევრებმა პროტოვარსკვლავი დააფიქსირეს, ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ძალიან ახალგაზრდა მნათობი, რაც მიუთითებს, რომ იქ ვარსკვლავების ფორმირების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს ან სულ ახლახან შეწყდა", — ვკითხულობთ NASA-ს პრესრელიზში.
კომენტარები