Mastodon-მა არაკომერციულ ორგანიზაციად დასარჩენად საინვესტიციო შეთავაზებები უარყო
"Mastodon არ გადაიქცევა ყველაფერ იმად, რაც Twitter-ში გეზიზღებათ. მას ვერ იყიდის წინააღმდეგობრივი მილიარდერი, ის არ გაითიშება, არ გაკოტრდება და ა.შ. ეს არის ჩვენს შორის განსხვავება".
Financial Times-ის მიხედვით, სოციალური ქსელი Mastodon არაკომერციულ ორგანიზაციად დარჩენას აპირებს. ამის გამო კომპანიამ უკვე სილიკონ ველის საინვესტიციო ფირმების ხუთ შემოთავაზებაზე თქვა უარი.
მასკის მიერ Twitter-ის შეძენის შემდეგ Mastodon-ის მომხმარებელთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, რის გამოც, ის პოპულარული სოციალური პლატფორმის მთავარ კონკურენტად მიიჩნევა. Mastodon-ის გერმანელი დამაარსებლის, ოიგენ როჩკოს თქმით, ამ პერიოდში კომპანიამ 5 შეთავაზება მიიღო, თუმცა ყველა მათგანზე უარი განაცხადეს.
ხელშეუხებელი სტატუსი
როჩკოს თქმით, Mastodon-ის სტატუსი ხელშეუხებელია.
"Mastodon არ გადაიქცევა ყველაფერ იმად, რაც Twitter-ში გეზიზღებათ. მას ვერ იყიდის წინააღმდეგობრივი მილიარდერი, ის არ გაითიშება, არ გაკოტრდება და ა.შ. ეს არის ჩვენს შორის განსხვავება", — განაცხადა როჩკომ
ორი კვირის წინ, Twitter-მა Mastodon-ის ანგარიში დროებით დაბლოკა მას შემდეგ, რაც იქ მასკის პირადი თვითმფრინავის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
როჩკომ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ხსნის, რომ ცენტრალიზებულ პლატფორმებს შეუძლიათ, დაადგინონ უსამართლო წესები, თუ რისი თქმა შეგვიძლია და რისი არა. ამავე პოსტში ვკითხულობთ, რომ ოქტომბრიდან ნოემბრამდე Mastodon-ის აქტიური მომხმარებლების რიცხვი 300 000-დან 2.5 მილიონამდე გაიზარდა.
ასევე იხილეთ: Twitter-ს ალტერნატივა გამოუჩნდა — რა არის Mastodon?
მსგავსი, თუმცა განსხვავებული
Mastodon დაახლოებით Twitter-ის მსგავს მომსახურებას გვთავაზობს, თუმცა იმ განსხვავებით, რომ დეცენტრალიზებულია და დამოუკიდებელი სერვერებისგან შედგება. ეს ნიშნავს, რომ თუ Twitter ერთი ვებსაიტია, Mastodon ათასობით ვებსაიტისგან შედგება, რომელთაც ერთმანეთთან აქვთ კონტაქტი.
ამჟამად Mastodon-ს ერთადერთი აქციონერი ჰყავს — როჩკო, რომელიც გასულ წელს პლატფორმით თვეში დაახლოებით 2500 დოლარს გამოიმუშავებდა.
აქამდე სოციალური ქსელი სრულად დონაციებით ფუნქციონირებდა, დამაარსებელი კი ამბობს, რომ ეს ასე გაგრძელდება. ამჟამად Mastodon-ს 8500-ზე მეტი დონორი ჰყავს.
ოიგენ როჩკოს იმედი აქვს, რომ ერთ დღეს მისი პლატფორმა კომერციულ სოციალურ ქსელებს ჩაძირავს. რამდენად გამართლდება ეს ამბიციები, დრო გვიჩვენებს.
კომენტარები