ილონ მასკის მიერ Twitter-ის ყიდვის კვალდაკვალ, მომხმარებელთა ნაწილმა ალტერნატიული პლატფორმის ძიება დაიწყო. ერთ-ერთი, რომელმაც ამ პროცესით იხეირა, Mastodon-ია. ალბათ, თქვენც იგივე კითხვა გაგიჩნდათ — რა არის Mastodon?

სოციალურ ქსელს ამ მომენტისთვის 655 000 მომხმარებელი ჰყავს, რომელთაგან თითქმის მესამედი, 230 000 ანგარიში, გასულ კვირას შეემატა.

ზედაპირულად თუ შევხედავთ, Mastodon Twitter-ს ძალიან ჰგავს. დარეგისტრირებული მომხმარებლები წერენ პოსტებს, რომელთაც toot-ები ეწოდება. შესაძლებელია ხსენებული "ტუტები" სხვა მომხმარებელმა მოიწონოს, გააზიაროს, ან კომენტარის ფუნქციით ისარგებლოს.

თუ უკეთ შევხედავთ, ქსელი განსხვავებულად მოქმედებს. ეს მისი უეცარი გაპოპულარულების ერთ-ერთი მიზეზია, თუმცა სისტემა ყველა ახლად დარეგისტრირებული პიროვნებისთვის გასაგები არ არის.

პლატფორმა ახალი არ არის — ის ექვსი წელია არსებობს, თუმცა მიმდინარე აქტივობა უპრეცედენტოა, შესაბამისად, ტრაფიკის არაპროგნოზიურებადი ზრდით გამოწვეული ხარვეზები შესამჩნევია.

გთავაზობთ გზამკვლევს, რომელიც Mastodon-ის მოქმედების მექანიზმის უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ.

სერვერები

პირველი, რასაც რეგისტრაციისას აკეთებთ, სერვერის არჩევაა. სერვერებს ირჩევთ სხვადასხვა თემატიკით, რომლებიც შეიძლება განაწილებული იყოს გეოგრაფიული (ქვეყანა, ქალაქი) ან ინტერესის სფეროს (ტექნოლოგიები, მედიცინა, სერიალები და ა.შ) მიხედვით.

დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომელს აირჩევთ, რადგან შესაძლებლობა მაინც გრჩებათ, გამოიწეროთ სხვა სერვერზე ბაზირებული მომხმარებლებიც და მოიცვათ ყველა სფერო. მიუხედავად ამისა, სასტარტო წერტილი, პირველი საზოგადოება, რომელსაც Mastodon-ზე გადაეყრებით, სწორედ სერვერის მიხედვით იქნება შემოთავაზებული.

ამ ეტაპზე ყველაზე პოპულარული სერვერები მოთხოვნის გამო ძალიან ნელა მუშაობს. რაიან ვაილდს, რომელიც MastodonApp.UK სერვერს აკონტროლებს, მოუწია რეგისტრაციის პროცესი დროებით შეეჩერებინა, რადგან ბოლო 24 საათში 6000 ახალი მომხმარებელი შემოემატა.

როგორ ვიპოვოთ სასურველი მომხმარებლები?

სერვერი, რომელსაც ირჩევთ, თქვენი მომხმარებლის სახელის ნაწილი ხდება. მაგალითად, თუ თქვენი სახელია Next, და აირჩევთ UK სერვერს, საბოლოო სახელი იქნება @[email protected]. სხვა მომხმარებლები თქვენს მოძებნას სწორედ ამ სახელით შეძლებენ.

თუ თქვენ და პიროვნება, რომელსაც ეძებთ, ერთსა და იმავე სერვერს იყენებთ, მის მოსაძებნად სრული სახელის ნაცვლად მხოლოდ სახელის ჩაწერაც საკმარისი იქნება.

Twitter-ისგან განსხვავებით, Mastodon არ შემოგთავაზებთ ადამიანებს, რომელთა გამოწერითაც შეიძლება იყოთ დაინტერესებული. ასევე, შესაძლებელია ჰეშთეგით ძიებაც.

რატომ სერვერები?

მართალია, სისტემა ცოტა რთულია, თუმცა ამის მიზეზს აგიხსნით.

საქმე ისაა, რომ Mastodon არ არის ერთიანი პლატფორმა, რომელიც კერძო პირს ან ფირმას ეკუთვნის. ყველა ეს სერვერი ერთმანეთს უკავშირდება და ერთიანდება, თუმცა თითოეული მათგანის მფლობელი განსხვავებული პერსონა ან ორგანიზაციაა.

შეიძლება ითქვას, Mastodon დეცენტრალიზებული პლატფორმაა, რაც შორიდან არც ისე ხელსაყრელი ჩანს, თუმცა მომხმარებლებს ის სწორედ ამის გამო მოსწონთ — Mastodon ვერ გაიყიდება ერთ ბიზნესმენზე ისე ერთიანად, როგორც მისი "კოლეგა".

დეცენტრალიზაციის უარყოფითი მხარე კი ის არის, რომ თუ მფლობელი სერვერის მიტოვებას და შეჩერებას გადაწყვეტს, არავინ რჩება, ვინც ამ პროცესს შეაჩერებს და ასე ანგარიშს დაკარგავთ. ამის შესაჩერებლად, Mastodon სერვერის მფლობელებს გათიშვამდე 3 თვით ადრე ინფორმირებას ავალდებულებს.

დეცენტრალიზებული სისტემა მოსწონს Twitter-ის დამაარსებელ ჯეკ დორსსაც, რომელიც ახალ ქსელ BlueSky-ზე მუშაობს. სავარაუდოდ, ეს უკანასკნელი ასევე დეცენტრალიზებული იქნება.

როგორ ხდება მოდერაცია

ამ მომენტში ყველა სერვერს მოდერაციის საკუთარი წესები აქვს, ზოგს კი საერთოდაც არ აქვს. შეიძლება ერთი სერვერმა დაბლოკოს მეორე ისეთი, რომელშიც დიდი რაოდენობით ბოტები ან ძალადობის შემცველი კონტენტი გვხვდება. ამ შემთხვევაში, მომხმარებლები ერთმანეთის კონტენტს ვერ იხილავენ. შესაძლებელია კონკრეტული პოსტების გასაჩივრებაც, შესაბამის ზომებს კი სერვერის მფლობელი იღებს.

თუ კონტენტი წესებს არღვევს, შეიცავს ძალადობის წახალისებას ან მსგავს შინაარსს, მფლობელი მას წაშლის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის ყველგან წაიშლება. ეს კი პლატფორმის ზრდის შემთხვევაში დიდი პრობლემა შეიძლება გახდეს.

რეკლამები და საფასური

შეხვდებით თუ არა ნერვებისმომშლელ რეკლამებს Mastodon-ზე? არა. მიუხედავად ამისა, რეკლამისშემცველი პოსტის დაწერა შეზღუდული არ არის.

Twitter-ისგან განსხვავებით, Mastodon-ზე სასურველი პოსტების შერჩევით ნახვა არ შეგიძლიათ. თქვენი მიმდევარი ხედავს ყველაფერს, რასაც მოცემულ მომენტში პოსტავთ.

რაც შეეხება საფასურს, ესეც, რასაკვირველია დეცენტრალიზებულია. ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ სერვერს იყენებთ. ზოგი სერვერი დონაციებს ითხოვს, ზოგი ფასიანია, ზოგი კი საერთოდაც უფასო.

ჯერჯერობით, Mastodon-ის მომხმარებელთა რიცხვი, მიუხედავად ბოლოდროინდელი ზრდისა, სასაცილოა, თუმცა თუ ტემპები შენარჩუნდება, არ არის გამორიცხული, სოციალური ქსელების გიგანტებს ახალი კონკურენტი გამოუჩნდეთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.