ნახეთ: რამდენად შორს შეძლებთ ბურთის სროლას სხვადასხვა ციურ სხეულზე
ბავშვობაში ბურთით, ალბათ, თითქმის ყველა ჩვენგანს უთამაშია და ისიც კარგად ვიცით, რამდენად შორს შეგვიძლია მისი სროლა დედამიწის გრავიტაციის პირობებში. ამის მიუხედავად, მზის სისტემის სხვადასხვა ციურ სხეულს ჩვენი პლანეტის მსგავსი მახასიათებლები არ აქვს, ამიტომ თითოეულ მათგანზე ბურთს მოსალოდნელზე შორს ან ახლოს გადავაგდებდით.
ამის საჩვენებლად ბრიტანელი ასტრონავტის, ჯეიმს ო'დონოჰიუს მიერ შექმნილი სადემონსტრაციო ვიდეო გამოგვადგება, რომელიც მათემატიკურ გამოთვლებს ეფუძნება. აქვე გეტყვით, რომ ადამიანებმა ბურთის სროლის შესაძლებლობა მთვარეზე ყოფნისას უკვე გამოიყენეს. ეს პრივილეგია 1971 წელს განხორციელებულ მისია Apollo 14-ში მონაწილე ალან შეპარდს ხვდა წილად, რომელმაც დედამიწის თანამგზავრზე გოლფის ჯოხით 2 ბურთი მოისროლა.
რაც შეეხება ჯეიმს ო'დონოჰიუს ვიდეოს, მასში ადამიანის საშუალო ძალაა გათვალისწინებული, რომლის მაქსიმალურად გამოყენებითაც ის, ჩვეულებრივ, ბურთს ისვრის. ეს ინფორმაცია მან ინტერნეტში არსებულ ამა თუ იმ წყაროში მოიძია. დანარჩენს ციური სხეულების გრავიტაცია განსაზღვრავს, რომელიც მათ მასაზეა დამოკიდებული, მნიშვნელოვანია სიმკვრივეც.
ასევე, იხილეთ: ნახეთ: რა დაემართება მანქანას, თუ მას სხვადასხვა პლანეტის გრავიტაციის პირობებში ობიექტი დაეცემა
მაგალითისთვის, თუ დედამიწაზე ბურთი 2.9 წამში 41 მეტრის მოშორებით დაეცემა, იუპიტერზე ის 1.1 წამში 16 მეტრს დაფარავს. ნეპტუნზე მას 36 მეტრ მანძილზე 2.5 წამში ვისვრით, სატურნზე კი — 2.7 წამში 38 მეტრ დისტანციაზე. ურანზე ბურთს სულ რაღაც 3.2 წამში შედარებით შორს, 45 მეტრ მანძილზე გადავაგდებთ, იგივე შედეგი გვექნება ვენერაზეც.
თუ წითელ პლანეტაზე ბურთით თამაშს გადაწყვეტთ, მარსი გაგაოცებთ, რადგან ის იქ 7.6 წამში 108 მეტრს გაივლის, თანაც 27 მეტრ სიმაღლემდე ააღწევს, მსგავსი რამ მოხდება მერკურიზეც. ამის მიუხედავად, მთვარე კიდევ უფრო მოულოდნელობითაა აღსავსე, რადგან მასზე ნასროლი ბურთი პიზის წარმოსახვით კოშკსაც კი გადაახტება და 17 წამში 247 მეტრის მოშორებით დავარდება.
ამით ყველაფერი არ მთავრდება. ჯუჯა პლანეტა პლუტონზე რეკორდს დაამყარებთ, რადგან ბურთი გიზის წარმოსახვით პირამიდას თავზე გადაუფრენს და 47 წამში 667 მეტრს დაფარავს. ეს ნიშნავს, რომ მთვარის 2/3 დიამეტრის მქონე ციურ სხეულზე ნასროლი ბურთი, ძალიან სუსტი გრავიტაციის პირობებში იმაზე 16-ჯერ შორს დაეცემა, ვიდრე დედამიწაზე.
კომენტარები