როგორც ჩანს, ალცჰაიმერი დელფინებსაც ემართებათ — მკვლევრებმა ნაპირზე გამორიყული დელფინის ტვინი შეისწავლეს
მეცნიერებმა ნაპირზე გამორიყული სამი სხვადასხვა სახეობის დელფინის ტვინში ალცჰაიმერის დაავადების ნიშნები აღმოაჩინეს.
მიუხედავად იმისა, რომ ვეშაპებისა და დელფინების ნაპირზე მასობრივი გამორიყვის ფენომენს კაცობრიობა უკვე ძალიან დიდი ხანია იცნობს, ამის მიზეზი დღემდე უცნობია.
ცალკეულ შემთხვევებში დადასტურებულა, რომ გამორიყვა ექოლოკატორმა გამოიწვია, ან ცხოველი ავად იყო და მუცელი პლასტმასის ნარჩენებით ჰქონდა სავსე, თუმცა მასობრივი გამორიყვის შემთხვევების უმრავლესობა ჯერ ისევ ამოუხსნელია.
კბილიან ვეშაპებსა (ოდონტოცეტები) და ადამიანებს არაერთი საერთო მახასიათებელი აქვთ, მათ შორის მენოპაუზაც (სულ მცირე, 5 სახეობაში ეს დადასტურებულია). იმის გამო, რომ ამ არსებებს რეპროდუქციული წლების დასრულების შემდეგაც შეუძლიათ იცხოვრონ, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ისინი გვიანი ასაკის დაავადებებისკენ იყონ მიდრეკილი.
ადამიანებში სიბერესთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი პრობლემა ალცჰაიმერის დაავადებაა, რომელიც მახსოვრობასა და კომუნიკაციის უნარებს აუარესებს. შესაძლოა, ამ პრობლემისგან ზღვის ძუძუმწოვრებიც არ იყონ დაზღვეული.
"მე სულ მაინტერესებდა პასუხი შეკითხვაზე, ემართებათ თუ არა დემენცია მხოლოდ ადამიანებს? ჩვენი კვლევები ამ პასუხის პოვნაში გვეხმარება, რადგან გვაჩვენებს, რომ დემენციასთან დაკავშირებული პათოლოგია მხოლოდ ადამიანებში არ გვხვდება", — განაცხადა სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტის ნევრობიოლოგმა ფრენკ გან-მურმა
ალცჰაიმერის ბიოქიმიური ნიშნების მოსაძებნად, ლეიდენის უნივერსიტეტის ბიოლოგმა მარისა ვაშერმა და მისმა კოლეგებმა 22 გამორიყული დელფინის ტვინი შეისწავლეს. კერძოდ მეცნიერები ჰიპერფოსფორილირებულ tau-ცილებსა და ბეტა ამილოიდებს ეძებდნენ, რომლებიც ალცჰაიმერის პირდაპირი ნიშანი არ არის, თუმცა მოჭარბებულ რაოდენობას ყველა პაციენტში ვხვდებით.
როგორც უკვე ვახსენეთ, ამ ნიშნებს მკვლევრებმა სამ სხვადასხვა სახეობის დელფინში მიაკვლიეს. ყველა მათგანს სიბერის ისეთი გამოხატული ნიშნები ჰქონდა, როგორიც გაცვეთილი კბილები და ტვინის ქსოვილში ნაცრისფერი და თეთრი ნივთიერების მატებაა.
მეტიც, დელფინის ტვინის დაზიანებული ნაწილები დაემთხვა იმ ზონებს, რომლებიც ალცჰაიმერის დაავადების მქონე ადამიანებს უზიანდებათ.
ბუნებრივია, მკვლევრები გადაჭრით ვერ იტყვიან, ჰქონდა თუ არა ალცჰაიმერის დაავადება ამ დელფინებიდან რომელიმეს, რადგან კოგნიტური ფუნქციების შემოწმებას ცოცხალი პაციენტი სჭირდება. მიუხედავად ამისა, მედიცინის ისტორიას არ ახსოვს შემთხვევა, როცა ტვინში ორივე ხსენებული ცილა აღმოჩნდა და პაციენტს ალცჰაიმერის დაავადება არ ჰქონია.
შეიძლება იფიქროთ, რომ ერთი დელფინის ალცჰაიმერით დაავადება მასობრივ გამორიყვასთან არაფერ შუაშია, თუმცა ავადმყოფი ლიდერის თეორია ამ ფენომენის ახსნასთან ძალიან ახლოს მიდის.
მასობრივი გამორიყვა Globicephala melas სახეობაში საკმაოდ ხშირია. ადამიანებში ალცჰაიმერის დაავადების პირველი სიმპტომი სივრცისა და დროის შეგრძნების დაქვეითება, მიმართულების შეგრძნების კარგვა და ზოგადი დაბნეულობაა. თუ დელფინთა ჯგუფის ლიდერი მიმართულების შეგრძნებას დაკარგავს, მაღალია ალბათობა იმისა, რომ თანამოძმეები ისეთ დინებაში შეიყვანოს, რომლის დასასრულიც სანაპიროზე გამორიყვა იქნება.
თეორია საკმაოდ დამაჯერებელია, თუმცა საკითხი დამატებით კვლევას მაინც საჭიროებს.
კვლევა ჟურნალ European Journal of Neuroscience-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები