ქართული სტარტაპი Payze და Wix პარტნიორები გახდნენ
ქართული სტარტაპი Payze 21 დეკემბერს Wix-ის პარტნიორი ოფიციალურად გახდა! ერთი დღით ადრე, კომპანიამ მომხმარებელს კიდევ ერთი წარმატების, Shopify-სთან პარტნიორობის მიღწევის შესახებ ამცნო.
Wix
როგორც კომპანიის განცხადებით ვიგებთ, ამიერიდან მათ, ვისაც Wix-ზე ვებ-გვერდი აქვთ, იქ Payze-ის გადახდების ფუნქციონალის ჩაშენება და პროცესების გამარტივება შეეძლებათ.
Wix 2006 წელს ისრაელში შექმნილი კომპანიაა, რომელსაც ოფისები ბრაზილიაში, კანადაში, გერმანიაში, ინდოეთში, ირლანდიაში, იაპონიაში, ლიეტუვაში, პოლონეთში, ნიდერლანდებში, აშშ-ში, უკრაინასა და სინგაპურში აქვს.
Wix მომხმარებლებს drag-and-drop (ეკრანზე ობიექტის ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილება) ინსტრუმენტების საშუალებით HTML5 საიტებისა და მათი მობილური ვერსიების შექმნის საშუალებას აძლევს.
ამჟამად Wix-ის დარეგისტრირებულ მომხმარებელთა რიცხვი დაახლოებით 220 მილიონს შეადგენს. W3Techs-ის სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოს ტოპ 10 მილიონი ვებსაიტიდან Wix-ს 2.3% იყენებს, რაც საკმაოდ კარგი რიცხვია.
Payze
Payze ფინტექ სტარტაპია, რომელიც ფულის მიღებისა და გადახდების ონლაინ, მარტივ საშუალებებს გვთავაზობს. კომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ რთული პროცესების მართვას Payze-ის საშუალებით თვალის დახამხამებაში შევძლებთ.
2021 წლის მარტში Payze აქსელერაციის პროგრამა 500 Startups Georgia-ს მე-2 ნაკადის ორ გამარჯვებულს შორის ერთ-ერთი იყო, მოგვიანებით კი გახდა პირველი ქართული სტარტაპი, რომელიც წამყვან ამერიკულ აქსელერატორში — Y Combinator-ში მოხვდა.
ასევე იხილეთ: ქართული სტარტაპი Payze — ინოვაციური იდეიდან ამერიკულ აქსელერატორ Y Combinator-მდე
პლატფორმა გადახდების სისტემის გამარტივებისთვისაა შექმნილი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ მაღაზიას არ ფლობთ და თქვენს პროდუქტს სოციალური ქსელების მეშვეობით ყიდით, Payze-ს დახმარებით საშუალება გექნებათ, დააგენერიროთ payment link-ები, პროდუქციის ფოტოს აღწერაშივე მიუთითოთ ბმული, რომელზე გადასვლის შემდეგაც მომხმარებელი გადაიხდის თანხას და ეს ინფორმაცია თქვენს ელ-ფოსტაზე ან ტელეფონზე მოვა მესიჯის სახით.
Payze იღებს VISA, Mastercard, Amex, UnionPay, Diner’s club, JCB ბარათებს და აქ გადახდების წარმოებას ლარში, დოლარსა და ევროში შეძლებთ. სტარტაპი იღებს საერთაშორისო ბარათებსაც, ამ შემთხვევაში სტანდარტული საკომისიო საქართველოში 3.2%-ია. კომპანია მომხმარებლის უსაფრთხოებაზე მაქსიმალურად ზრუნავს, PCI DSS სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია და ბარათის მფლობელის მონაცემების დასაცავად იყენებს AWS (Amazon Web Services) სერვერებს.
კომენტარები