40-წლიანი კვლევა ცხადყოფს, რომ იუპიტერის ატმოსფეროში რაღაც უჩვეულო ხდება
40-წლიანი პერიოდის განმავლობაში კოსმოსური ზონდებისა და ხმელეთზე განლაგებული ტელესკოპების მეშვეობით იუპიტერის ატმოსფეროზე ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ მზის სისტემის აირის გიგანტად წოდებულ პლანეტაზე ამინდის უჩვეულო მახასიათებლებია. კერძოდ, იქ ყოველი წელიწადის მიმდინარეობისას, რომელიც დედამიწის 12 წელს უდრის, ერთმანეთს ცივი და ცხელი პერიოდები ენაცვლება, თუმცა ყველამ ვიცით, რომ იუპიტერზე სეზონური ცვლილებები არაა.
მისგან განსხვავებით, დედამიწაზე გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი გვაქვს, ანუ ამინდი სეზონების მიხედვით განსხვავდება, რისი მიზეზიც მზის სიბრტყის მიმართ ჩვენი პლანეტის ღერძის 23-გრადუსიანი დახრილობაა. ამის გამო მნათობის სხივები წლის განმავლობაში მსოფლიოს ამა თუ იმ ნაწილში სხვადასხვაგვარად ნაწილდება.
რაც შეეხება იუპიტერს, მისი ღერძი მხოლოდ 3 გრადუსითაა დახრილი. ეს ნიშნავს, რომ მისი 1 ხანგრძლივი წლის ნებისმიერ პერიოდში აირის გიგანტის ესა თუ ის რეგიონი თითქმის ერთნაირი რაოდენობის მზის სხივებს იღებს. შესაბამისად, მის ატმოსფეროში დაფიქსირებული ტემპერატურული მერყეობა უცნაურია.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ ყველაფერს შესაძლოა, გარკვეული კავშირი ჰქონდეს ტელეკომუნიკაციის სახელით ცნობილ ატმოსფერულ ფენომენთან. ის პლანეტის ატმოსფერული სისტემის პერიოდულ ცვლილებას გულისხმობს, რომელიც კავშირის არმქონე სხვადასხვა არეალში არსებულ თანმხვედრ პროცესებს შეესაბამება.
დედამიწაზე ტელეკომუნიკაციის შესახებ უკვე სამი საუკუნეა, ვიცით. მისი ყველაზე ცნობილი მაგალითი აქ ე.წ. ლა ნინია-ელ ნინიოს ციკლია. ამ დროს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში პასატური ქარების ცვლილება ჩრდილოეთ ამერიკაში წვიმის სახით წამოსული ნალექის ცვლილებასთანაა თანხვედრაში.
ახალი კვლევის მიხედვით, როცა იუპიტერის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს კონკრეტულ განედებზე ტემპერატურა იმატებს, სამხრეთ ნახევარსფეროს იმავე განედებზე პირიქით ხდება, თითქოს ის მისი სარკული ანარეკლი იყოს. ეს ნიშნავს, რომ ამ არეალებს შორის ერთგვარი ტელეკომუნიკაცია დგება. საინტერესოა ისიც, რომ იუპიტერის სტრატოსფეროში (ატმოსფეროს ზედა ფენაში) ტემპერატურის მატების პარალელურად, ტროპოსფეროში (ქვედა ფენაში) ცივდება. აღსანიშნავია, რომ სწორედ იქ ბობოქრობს მზის სისტემის უდიდესი პლანეტის უზარმაზარი შტორმები.
ეს მონაცემები იუპიტერის უკეთ შესწავლაში და მისი მსგავსი ეგზოპლანეტების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში დაგვეხმარება. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
კომენტარები