სულ ცოტა ხნის წინ თიბისის ბიზნესდაჯილდოების 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინეს. თიბისის წარმატებული პროექტი, რომელიც წელს მეშვიდედ გაიმართა, ქართული ბიზნესის განვითარებას, გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესების, რეგიონის განვითარებაზე ორიენტირებული წამოწყებების, ტექნოლოგიური განვითარებისთვის მომუშავე კომპანიების გამორჩევასა და დამწყები მეწარმეების წახალისებას ისახავს მიზნად.

დაჯილდოების ჟიურიმ გამორჩეული ბიზნესები 5 სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა.

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის

ფოტო: თიბისი

  • Veli.store
  • პაცცა
  • სასტუმრო ეპიზოდი

გამარჯვებული გახდა Veli.store, ონლაინ საყიდლების პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს პროდუქტების დიდ ასორტიმენტს სთავაზობს.

"ჩვენთვის იმ გადაწყვეტილების ჟიურისთან ერთად მიღება, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ნომინაციის გამარჯვებული, იყო საპასუხისმგებლო და ობიექტურიც, რადგან ჩავატარეთ კვლევა და მომხმარებელს ვკითხეთ აზრი. ჟიურის დავეხმარეთ გადაწყვეტილების მიღებაში, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ამ სამ საუკეთესოს შორის საუკეთესო", — აღნიშნა კვლევითი კომპანია ანოვას დამფუძნებელმა, ქრისტინე ლორთქიფანიძემ.

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

ფოტო: თიბისი

  • POSTRED
  • ATOM KIDS
  • LOGICMETER

გამარჯვებული გახდა Postred, გამორჩეული ქართული კომპანია, რომელიც ხმის დიზაინის და მუსიკის სერვისებს სთავაზობს არა მხოლოდ ლოკალურ ბაზარს, არამედ ჰოლივუდსაც.

"ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნომინაციაა, რადგან ყველაზე მეტი აპლიკაცია სწორედ ამ კატეგორიაში შემოდის. საუკეთესო პროდუქტის ან სერვისის ნომინაციაში გამარჯვებული გახდა კომპანია, რომლითაც ყველა უნდა ვამაყობდეთ", — განაცხადა სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა.

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

ფოტო: თიბისი

  • სამკერვალო საწარმო ლიდერი
  • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
  • საქართველოს ეტლების საწარმო

გამარჯვებული გახდა სამკერვალო საწარმო ლიდერი, რომელიც შიდა ქართლში მცხოვრებ სხვადასხვა სოციალური საჭიროების მქონე ქალებს ეხმარება, აძლიერებს, პროფესიას აძლევს, კერძოდ მათთვის ჭრა-კერვის სწავლებასა და შემდგომ დასაქმებას უზრუნველყოფს.

"ვფიქრობ, რომ ეს განსაკუთრებული ნომინაციაა, განსაკუთრებით საქართველოსთვის, სადაც მრავალი სოციალური პრობლემა არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორმა კარგად გაიაზროს თავისი როლი, პასუხისმგებლობა, რომ საზოგადოებაში არსებული სოციალური პრობლემების გადაჭრაში შეიტანონ საკუთარი წვლილი", — აღნიშნა Impact Hub-ის თანადამფუძნებელმა, ქეთევან ებანოიძემ.

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

ფოტო: თიბისი

  • Artisio
  • CALEN AI
  • კერნელი

გამარჯვებული გახდა Artisio, აუქციონების მართვის სიტემა, რომელიც ერთი ინტეგრირებული სოფტის ქვეშ აქცევს აუქციონების ბიზნესის სამართავად საჭირო ყველა მიმართულებას.

"რასაც ვაკვირდები, ყოველი მოწინავე სტარტაპი, რომელიც არსებობს ქვეყანაში, იღებს ამ დაჯილდოებაში მონაწილეობას და შესაბამისად ვულოცავ ყველა ფინალისტს“, — განაცხადა აღნიშნული ნომინაციის წინა წლის გამარჯვებული სტარტაპის, Payze-ის თანადამფუძნებელმა გეგა წურწუმიამ.

გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

ფოტო: თიბისი

  • სადგური
  • აბბე ტიმეო

გამარჯვებული გახდა სადგური, კაფე და ლუდის ბაღი ძველ გერმანულ სოფელ ელიზაბეტთალში, თეთრწყაროს რაიონში, რომელიც სოფელში არსებული ერთადერთი ადგილია, სადაც მოგზაურს / ტურისტს შესვენება, სადილობა შეუძლია.

"რეგიონალურ განვითარებაში კრიტერიუმები იყო შემდეგი: რეგიონში ტონის მიმცემი, რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის, ტურიზმის განვითარებისთვის გამორჩეული ადგილი, საწარმო, კომპანია და რაც მთავრია, შემოსავლების ზრდა და მიზიდულობა", — განაცხადა Forbes Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა, გიორგი ისაკაძემ.

ფოტო: თიბისი

გარდა ამისა, ბიზნესდაჯილდოების პარტნიორმა, UN Women-მა გენდერული თანასწორობისთვის საკუთარი რჩეული კომპანია წელს პირველად გამოავლინა. აღნიშნული მიმართულებით გამარჯვებული ედენა გახდა.

"გამარჯვებული არის ძალიან კარგი, მცირე საწარმო, რომელიც რაჭაში, ონში დაფუძნდა და მუშაობს ქალების მიერ. თანამშრომლები არიან ქალები, მუშაობენ ძირითადად ქალები, ასაქმებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებს", — აღნიშნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ანა ფაშალიშვილმა გამარჯვებულის გამოვლენისას.

ხოლო, გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდმა გამორჩეული კომპანია მწვანე ინიციატივებისთვის დაასახელა. ამ კატეგორიის საუკეთესო ბიზნესად სიდერი დასახელდა.

"გამარჯვებული ორგანიზაცია სოფლის მეურნეობის სექტორში საქმიანობს, კერძოდ გურიაში, ოზურგეთის რაიონში, სადაც თავისი ენერგომოხმარების დაკმაყოფილებისთვის გადაწყვიტა, რომ მზის მიკროელექტროსადგური გაეკეთებინა. აღნიშნული სადგური დაახლოებით 50 ოჯახისთვის საკმარის ელექტროენერგიას ჰყოფნის. ისინი ჭარბ ელექტროენერგიას უშვებენ ქსელში და ინფორმაციასა და გამოცდილებას უზიარებენ სხვა მცირე და საშუალო ბიზნესებსაც", — განაცხადა კლიმატის გლობალური პარტნიორობის ფონდის (GCPF) წარმომადგენელმა, ლევან ხმიადაშვილმა.

ფოტო: თიბისი

ღონისძიების დასასრულს სპეციალური ჯილდო ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის თეგეტა ჰოლდინგს გადაეცა.

"მიხარია, რომ თეგეტამ შეძლო და საპატიო ჯილდო მიიღო. ჩვენი ერთ-ერთი მიზანი, სწორედ ბიზნესისა და ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანაა", — აღნიშნა ვახტანგ კაჭარავამ, თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელმა დირექტორმა.


თიბისის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ დაჯილდოების ღონისძიებაზე თიბისის 30-წლიან ისტორიაზე და ბიზნეს გარემოს განვითარებაზე ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ 7 წლის წინ წამოწყებული ბიზნესდაჯილდოება თიბისისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან "3 ათას კომპანიას აქვს სურვილი, რომ ასეთ დაჯილდოებაში მიიღოს მონაწილეობა, თავისი წარმატება გაუზიაროს პარტნიორს თუ კონკურენტს და უთხრას, რომ მე ეს გავაკეთე წარმატებით და ხვალ შეიძლება შენც გააკეთო".

შეკრებილებს მიმართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემაც და ეკონომიკის შენებაში ბიზნესის როლზე, მათ შორის, კოვიდ პანდემიით გამოწვეულ გამოწვევებზე საპასუხოდ აღებულ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მისასალმებელია თიბისის ბიზნესდაჯილდოების მთავარი ღირებულება, რაც მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობას გულისხმობს.

თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ, თორნიკე გოგიჩაიშვილმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ "წლიდან წლამდე იზრდება დაინტერესება თიბისის ბიზნესდაჯილდოების მიმართ" და 2022 წელს, ბიზნესდაჯილდოებაში 412 კომპანია მონაწილეობდა.

"ბიზნესდაჯილდოების პლატფორმის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ის გაცდა თიბისის კუთვნილებას და სრულად ეკუთვნის ბიზნეს საზოგადოებას, თითოეულ თქვენთაგანს და ეს ძალიან გვიხარია", — მიმართა შეკრებილებს თორნიკე გოგიჩაიშვილმა.

Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა და უფროსმა დირექტორმა კავკასიაში, დიანა კიღურაძემ ბიზნესის განვითარებაში ტექნოლოგიების როლზე ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ "ნებისმიერი წამოწყება, რომელიც ჩვენს პატარა ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის კეთდება" მნიშვნელოვანია და ამიტომ აღნიშნული ბიზნესდაჯილდოებას დიდი როლი აქვს.