როგორ ავიცილოთ თავიდან აკნე — რჩევები
აკნე კანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც საკმაოდ ბევრ ადამიანს აწუხებს. ამ პრობლემის გამო ხშირად თვითშეფასებაც ქვეითდება, რადგან გამონაყარი, განსაკუთრებით სახის მიდამოში, ვიზუალურად თვალშისაცემია. მართალია, აკნე მოზარდობისას მეტ-ნაკლებად ყველას აღენიშნება და შემდეგ ქრება, თუმცა მოზრდილებშიც არაა იშვიათი.
წინამდებარე სტატიაში რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ, რომელიც აკნეს თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
შეინარჩუნეთ კანის სისუფთავე
სახის დაბანა დღეში ორჯერაა რეკომენდებული — დილით და საღამოს, რათა ჭუჭყი, კანის მკვდარი უჯრედები და ზედმეტი ცხიმი მოიშოროთ. არაა გამორიცხული, რომ ორზე მეტჯერ დაბანამ მეტი ზიანი მოგაყენოთ, ვიდრე სარგებელი, ამიტომ ამისგან თავი უნდა შეიკავოთ. გამოიყენეთ თბილი წყალი და მსუბუქი დასაბანი გელი, ასევე, ეცადეთ, რომ კანი არ გაიღიზიანოთ და სუფთა პირსაწმენდით ნელა გაიმშრალოთ.
კანი დაიტენიანეთ
თუ უკვე აკნე გაქვთ და მის საწინააღმდეგო საშუალებებსაც მოიხმართ, გეცოდინებათ, რომ მათში შემავალი ნივთიერებები კანის გამოშრობას იწვევს. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ სახეს დაიტენიანებთ, რათა ის არ აიქერცლოს. წაისვით არაკომედოგენური კრემები, რა გზითაც ფორების დახშობის რისკს შეამცირებთ.
მოერიდეთ კოსმეტიკას
რაც უფრო იშვიათად გამოიყენებთ კოსმეტიკურ საშუალებებს, მით უკეთესი იქნება თქვენი კანისთვის. მათ შორისაა ტონალური კრემი, პუდრი, რუჟი (ე.წ. რუმიანა) და ა.შ. იმ დღეებში, როცა მაკიაჟს გაიკეთებთ, დაძინებამდე ის აუცილებლად მოიშორეთ. აგრეთვე, რეკომენდებულია ისეთი კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც ცხიმს, საღებავსა თუ გამღიზიანებელ ქიმიურ ნივთიერებებს არ შეიცავს და არაკომედოგენურია.
ყურადღება მიაქციეთ, რას ისვამთ თმაზე
ხშირად თმაზე წასმული პროდუქტები ბოლოს მაინც სახეზე ხვდება და მასზე უარყოფით გავლენას ახდენს. ამას აკნეს გამოწვევაც შეუძლია, რის გამოც ყურადღება უნდა მიაქციოთ, რა შემადგენლობისაა ესა თუ ის პროდუქტი, რათა გამონაყარის გაჩენის რისკის ქვეშ არ აღმოჩნდეთ. მაგალითად, უნდა მოერიდოთ სპეციალურ სუნამოებს, ზეთებს, საცხებსა და გელებს.
ეცადეთ, სახეს ხელებით არ შეეხოთ
მოგეხსენებათ, დღის განმავლობაში ხელებით მრავალ ნივთსა და ადგილს ვეხებით, როგორიც კარის სახელურია. ამ უკანასკნელზე უამრავი ბაქტერია სახლობს, რომელიც შესაძლოა, ხელიდან ჩვენს სახეზე გავრცელდეს და აკნეს ჩამოყალიბებას დაუდოს საფუძველი. არასდროს იწვალოთ მუწუკები, რადგან ამით კანის გაღიზიანებისა და პრობლემის გამწვავების შანსი იზრდება.
მოერიდეთ მზის სხივებს
ყველასთვის ცნობილია, რომ მზის ულტრაიისფერი გამოსხივება ჩვენი კანისთვის და ზოგადი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მათ შორის მსგავსი რადიაცია რისკის შემცველია აკნეს შემთხვევაშიც, რადგან კანის ზედაპირს აღიზიანებს და აწითლებს. თუ მზეზე გიწევთ ყოფნა, აუცილებლად დაიტანეთ მისი სხივებისგან დამცავი კრემი, რომელიც ასევე არაკომედოგენური იქნება.
ჯანსაღად იკვებეთ და ივარჯიშეთ
ჯანსაღი კვება ადამიანის ორგანიზმისთვის ნებისმიერ შემთხვევაში სასარგებლოა. ეს ეხება აკნესაც. ყოველდღიურ რაციონში ხილის, ბოსტნეულისა და მთლიანი მარცვლეულის შეტანით კანს საჭირო ვიტამინებითა თუ ელემენტებით მოამარაგებთ, რაც გამონაყარისგან დაგიცავთ. მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტიურობაც, რაც მთლიან სხეულზე დადებითად მოქმედებს.
გახსოვდეთ, რომ აკნეს უყურადღებოდ დატოვება არ ღირს, რადგან ის შესაძლოა, რაიმე დაავადებაზეც კი მიანიშნებდეს. თუ გამონაყარი გაწუხებთ, გირჩევთ, დერმატოლოგთან კონსულტაცია გაიაროთ და ამ პრობლემას დროულად მიხედოთ.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები