სიმპტომები, რომლებიც აპენდიციტზე მიანიშნებს
აპენდიციტს ხშირად ბრმა ნაწლავის ანთებასაც უწოდებენ, თუმცა ამ გართულებას მასთან მჭიდრო კავშირი სულაც არ აქვს. მსგავსი პრობლემის დროს ანთებითი პროცესი აპენდიქსში, ანუ ე.წ. ჭიანაწლავში იჩენს თავს, რომელიც ბრმა ნაწლავის ერთგვარი დანამატია და წაგრძელებული ფორმა აქვს.
აპენდიციტი ადამიანებში საკმაოდ გავრცელებულია და უმეტესწილად ახალგაზრდებს აღენიშნებათ, მაგრამ ბევრად მოზრდილებშიც არცთუ ისე იშვიათად ვლინდება. ის შესაძლოა, გამოიხატოს როგორც მწვავე, ასევე მსუბუქი ფორმით, თუმცა, ძირითადად, ქირურგიული ჩარევა ხდება ხოლმე საჭირო.
აღსანიშნავია, რომ ამგვარი ანთების აღმოჩენის შემთხვევაში, დროს დიდი მნიშვნელობა აქვს. წინამდებარე სტატიაში სწორედ იმ საყურადღებო სიმპტომებს გაგაცნობთ, რომლებიც აპენდიციტისთვისაა დამახასიათებელი.
აპენდიციტის სიმპტომები
ჭიანაწლავის ანთებას ხშირად თან ახლავს:
- ყრუ ტკივილი, რომელიც მუცლის ქვედა მარჯვენა მხარეს ინაცვლებს და ნელ-ნელა მძაფრდება. როგორც წესი, ეს აპენდიციტის ერთ-ერთი პირველი ნიშანია, მაგრამ მხოლოდ შემთხვევების დაახლოებით ნახევარში ვლინდება
- უმადობა
- ტკივილის თანმხლები გულისრევის შეგრძნება ან ღებინება
- მუცლის შესივება
- სხეულის მაღალი ტემპერატურა 37.7-დან 38-3°C-მდე
- კუჭში შეკრულობა ან დიარეა და აირების დაგროვება
- აირების გამოთავისუფლების გაძნელება ან შეუძლებლობა
ზოგჯერ ატიპიური სიმპტომებიც ფიქსირდება, როგორიცაა:
- ყრუ ან მწვავე ტკივილი მუცლის ქვედა/ზედა ნაწილში, ზურგის არეში ან სწორი ნაწლავის მიმდებარედ
- ტკივილი, რომელიც მოშარდვისას იჩენს თავს
- ღებინება, რომელიც მუცლის ტკივილს წინ უძღვის
როდის უნდა მიმართოთ ექიმს
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით სპეციალისტს, თუ:
- ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გაწუხებთ, რადგან ექიმის ჩარევის დაგვიანების გამო, შესაძლოა, აპენდიციტი ფატალურადაც კი დასრულდეს. ასევე, თვითნებურად არ გამოიყენოთ ტკივილგამაყუჩებლები, ანტაციდური საშუალებები, საფაღარათო პრეპარატები და სათბურა ბალიშები. თავი შეიკავეთ სითხისა და საკვების მიღებისგანაც
- აპენდიციტის გამო ქირურგიული პროცედურა უკვე ჩატარებული გაქვთ, მაგრამ ჭიანაწლავის ანთებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მაინც აღგენიშნებათ. შესაძლოა, ამის მიზეზი საშარდე გზების ინფექცია, მენჯის ანთებითი დაავადება, დივერტიკულიტი, გასტროენტერიტი, მილოვანი გარე ორსულობა, კოლორექტული სიმსივნე ან მსხვილი ნაწლავის ანთება იყოს.
ექიმს მიმართეთ, თუ აპენდოქტომიის შემდეგ:
- ხშირად აღებინებთ
- მუცელი უწყვეტად გტკივათ
- თავბრუ გეხვევათ და გონებას კარგავთ
- ექსკრემენტებში, შარდსა და ამონაღებ მასაში სისხლია
- მაღალი ტემპერატურა გაქვთ
- კუჭი გაქვთ აშლილი
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები