სიმპტომები, რომლებიც ფილტვების ანთებას ახასიათებს
ფილტვების ანთება, ჩვენი რესპირაციული ორგანოს ინფექციაა, რომელსაც ხველა ახასიათებს. ის ზოგჯერ გრიპსა და გაციებაში ერევათ, რადგან მათ საერთო სიმპტომებიც აქვთ. ამის მიუხედავად, არსებობს კონკრეტული ნიშნები, რომლებიც უფრო პნევმონიის დროსაა გავრცელებული.
წინამდებარე სტატიაში სწორედ მათზე გესაუბრებით.
პნევმონიის სიმპტომები
პნევმონიის მიმდინარეობისას შესაძლოა, გამოვლინდეს როგორც მწვავე, ასევე მსუბუქი სიმპტომები. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რითაა ის გამოწვეული და როგორია ადამიანის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა.
საყურადღებო ნიშნებს შორისაა:
- მაღალი ტემპერატურა (40.5°C)
- მომწვანო, მოყვითალო ან სისხლიანი ნახველი
- ჟრჟოლა და კანკალი
- სუნთქვის უკმარისობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოძრაობთ
- დაღლილობა
- უმადობა
- გულ-მკერდის არეში ძლიერი ტკივილი, რომელიც ღრმად ჩასუნთქვისას და ხველისას მძაფრდება
- ჭარბი ოფლიანობა
- სწრაფად სუნთქვა
- აჩქარებული გულისცემა
- ტუჩებისა და ფრჩხილების გალურჯება
- დაბნეულობა, რომელიც უფრო ასაკოვან ინდივიდებში ვლინდება
სხვაობა ბაქტერიულ და ვირუსულ პნევმონიას შორის
როგორც წესი, ფილტვების ანთებას ჩვენს ორგანიზმში შემოჭრილი ბაქტერიები ან ვირუსები იწვევს, ზოგჯერ კი ეს სოკოსა და პარაზიტების გამო ხდება. როდესაც საქმე ბაქტერიებთან გვაქვს, დაავადება ან ძალიან ნელა გვატყდება თავს, ან ძალიან სწრაფად. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მიკრობები სერიოზულ გართულებებს განაპირობებენ, ვიდრე სხვა პათოგენები.
როდესაც პნევმონიის ჩამოყალიბებაში მთავარი "დამნაშავე" ვირუსია, სიმპტომები რამდენიმე დღის განმავლობაში იკვეთება. პირველ ეტაპზე ის ძალიან ჰგავს გაციებას, რადგან მშრალი ხველა, სიცხე, თავის ტკივილი და სისუსტე ახასიათებს, მაგრამ 1-2 დღეში სიტუაცია უარესდება.
პნევმონიის სიმპტომები ბავშვებში
ბავშვებში ფილტვების ანთების შემჩნევა შედარებით ძნელია. მათ შესაძლოა, აღენიშნებოდეთ:
- სწრაფი სუნთქვა
- სუნთქვის გაძნელება
- მაღალი ტემპერატურა
- ხველა
- სუნთქვისას სტვენის მსგავსი ხმის გამოცემა
- კანის, ტუჩების ან ფრჩხილების გალურჯება
ჩვილებში ეს ნიშნები ხშირად ბუნდოვანია და მოუსვენრობას ან კვების პრობლემებს უკავშირდება.
პნევმონია, როგორც წესი, გრიპსა და გაციებას ახლავს თან, რადგან მათი გამომწვევი პათოგენები ფილტვებში ხვდება. გაციება უფრო ნელა იწყება, ის ყელის ტკივილით, ცემინებითა და ცხვირიდან გამონადენით ვლინდება. გრიპი კი პირიქით, უეცრად გვატყდება თავს და სიცხეში, თავის ან სხეულის სხვა ნაწილების ტკივილში, ძლიერი დაღლილობასა და მშრალ ხველაში გამოიხატება.
ჩამოთვლილი სიმპტომები საყურადღებოა, მით უმეტეს, თუ მდგომარეობა რამდენიმე დღეში არ უმჯობესდება, არამედ უარესდება. ეს შესაძლოა, მიუთითებდეს, რომ გაციება ან გრიპი პნევმონიაში გადაიზარდა. ამ შემთხვევაში, სპეციალისტთან კონსულტაცია დაუყოვნებლივ უნდა გაიაროთ და მკურნალობა დროულად დაიწყოთ.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები