დეპრესიასთან დაკავშირებული მითები და ფაქტები
დეპრესია საკმაოდ ბევრ ადამიანს აწუხებს და მათ ცხოვრების ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ის საზიანოა არა მხოლოდ ჩვენი მენტალური კეთილდღეობისთვის, არამედ ფიზიკური ჯანმრთელობისთვისაც.
დეპრესიასთან დაკავშირებით საზოგადოებაში მრავალი მცდარი მოსაზრებაა გავრცელებული, რაც ხშირად მსგავსი პრობლემის მქონე ინდივიდების მდგომარეობას აუარესებს, რადგან ისინი სათანადო თანადგომასა და ემპათიას ვერ იღებენ. ამ სტატიაში სწორედ ასეთ მითებს გაგაცნობთ და საინტერესო ფაქტებზეც მოგიყვებით.
მითი: დეპრესია ნამდვილი დაავადება არაა
სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როცა საზოგადოების მხრიდან დეპრესია სერიოზულ მენტალურ პრობლემად არ აღიქმება. რატომღაც. მას უბრალო სევდასთან და მოწყენილობასთან აიგივებენ, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ასე არაა. დეპრესია სახუმარო მდგომარეობა როდია, ის ჩვეულებრივი უხასიათობის საზღვრებს სცდება და გენეტიკურ, ჰორმონალურ თუ ნერვულ დონეზეც ვლინდება, რადგან ამ დროს ტვინის ფუნქციონირება იცვლება.
ფაქტი: დეპრესია ყველას შეიძლება დაემართოს
არ აქვს მნიშვნელობა, პოეტი ხართ, ფეხბურთელი, ბიზნესმენი, მასწავლებელი თუ ექიმი. არც იმას, რომელ სქესს წარმოადგენთ ან რომელ ეთნიკურ ჯგუფში ერთიანდებით — დეპრესიისგან დაზღვეული არავინაა. როგორც წესი, ეს აშლილობა 20-30 წლის ასაკში ან მოზარდობისას ვლინდება, თუმცა შუახნის პირებსა და ხანდაზმულებშიც არაა იშვიათი.
მითი: დეპრესიის სამკურნალოდ წამლები მთელი ცხოვრება უნდა სვათ
მიუხედავად იმისა, რომ დეპრესიის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ყველა ეფექტიანი საშუალება სწორედ მედიკამენტებია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათ მიღება მთელი ცხოვრების განმავლობაში მოგიწევთ. მეტიც, პრეპარატები მკურნალობის მხოლოდ ცალკეული მეთოდია და შესაძლოა, ის საერთოდ არ დაგჭირდეთ. მსგავს სიტუაციაში ალტერნატიული და საკმაოდ შედეგიანია ფსიქოლოგიური თერაპიებიც, რომელსაც ხშირად მიმართავენ.
ფაქტი: დეპრესია შესაძლოა, ნელა შემოგეპაროთ
დეპრესია ძალიან განსხვავდება ისეთი მენტალური პრობლემისგან, როგორიც, მაგალითად, პანიკური შეტევაა, რომელიც მოულოდნელად გვატყდება თავს. დეპრესია ჩვენს გონებაში ნელ-ნელა იკიდებს ფეხს, რა დროსაც ცუდი დღეები უფრო და უფრო ხშირად მეორდება, ადამიანი სამსახურის ან სასწავლებლის გაცდენას იწყებს, სხვებთან კონტაქტს კი გაურბის. მისი ერთ-ერთი მსუბუქი ფორმა დისთიმიაა, რომელიც ზოგ შემთხვევაში წლები გრძელდება და ცხოვრებისა თუ ურთიერთობების ხარისხს აუარესებს, მაგრამ არსებობს უფრო მწვავე ფორმებიც.
მითი: დეპრესიის მქონე ადამიანები ხშირად ტირიან
ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე, რომ დეპრესია მოწყენილობასთან, სევდასთან და უხასიათობასთან იგივდება, ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ მსგავსი აშლილობის მქონე ინდივიდები ხშირად ტირიან. სინამდვილეში, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. არაა გამორიცხული, რომ დეპრესიის დიაგნოზით მცხოვრები პირი სულაც არ ტიროდეს და სევდიანად არც კი გამოიყურებოდეს.
ფაქტი: ოჯახის ისტორიაში არსებული დეპრესია ბედისწერა არაა
თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს დეპრესია ჰქონდა, არ ნიშნავს, რომ ის თქვენც აუცილებლად დაგემართებათ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში აღნიშნული პრობლემის გამოვლენის შანსი იზრდება, თუმცა რისკი 100-პროცენტიანი არასდროსაა. ასეც რომ არ იყოს, შეგიძლიათ, საგანგაშო სიმპტომებს დააკვირდეთ და მის წინააღმდეგ ბრძოლა დროულად დაიწყოთ.
მითი: დეპრესია დაბერების თანმდევი მოვლენაა
დაბერების პროცესი ადამიანებისთვის ძნელად შესაგუებელია და მენტალურ ცვლილებებსაც უკავშირდება, რადგან ვიაზრებთ, რომ სიკვდილი ახლოვდება, ძველებურად ვეღარ ვმოძრაობთ და ფიზიკურად ვსუსტდებით. ამის მიუხედავად, დეპრესია მასთან კავშირში არაა და ადამიანთა დიდი ნაწილი ხანდაზმულობაში ისე აბიჯებს, რომ ეს პრობლემა არ ექმნება.
ფაქტი: დეპრესია დემენციას ჰგავს
დეპრესიის მქონე ინდივიდებში სიმპტომების სახით ხშირია მეხსიერების პრობლემები, დაბნეულობა, და, ზოგ შემთხვევაში, ბოდვაც. საინტერესოა, რომ ეს ნიშნები დემენციასაც ახასიათებს, ამიტომ დიაგნოსტირებისას ზოგჯერ ამ ორი პრობლემის გამიჯვნა ჭირს. საბედნიეროდ, სათანადო მკურნალობით ჩამოთვლილი სიმპტომების გაქრობა შესაძლებელია.
დეპრესია მარტივი დაავადება არაა, ამიტომ საეჭვო ნიშნების უყურადღებოდ დატოვება არ ღირს. თუ თავს ცუდად გრძნობთ, გირჩევთ, სპეციალისტთან კონსულტაცია რაც შეიძლება სწრაფად გაიაროთ და მკურნალობა დაიწყოთ.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები