ახალი კვლევა ქრონიკული დაღლილობისა და ფიბრომიალგიის გამომწვევი მიზეზების მიგნებას უხნის გზას
მკვლევრების აზრით, აღნიშნული დაავადებების მიმდინარეობის პროცესში ტვინის არანორმალური ფუნქციონირება გადამწყვეტ როლს თამაშობს.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (CFS), იგივე მიალგიური ენცეფალომიელიტი (ME), მსოფლიოში არაერთ ადამიანს აწუხებს. UniSC-ის ტომპსონის ინსტიტუტის ახალი კვლევა კი შეიძლება იყოს გასაღები ამ მდგომარეობის ნეირობიოლოგიური წარმოშობის საბოლოოდ დასადგენად.
წამყვანი მკვლევარი ზაკ შანი ამბობს, რომ ამ საკითხის გარშემო ჩატარებული მსოფლიოში პირველი კვლევა იყენებს MRI-ს 300 მონაწილის ტვინის აქტივობისთვის თვალყურის სადევნებლად, რათა დადგინდეს, თუ როგორ აკონტროლებს ტვინი სისხლის ნაკადს ენერგიის მოთხოვნილებების შესატყვისად. ეს საშუალებას მოგვცემს, უკეთ გავიგოთ დაღლილობასთან დაკავშირებული დაავადებების მიმდინარეობის პროცესი.
გარდა ME/CFS-ის მქონე ადამიანებისა, კვლევამ მოიძია მონაწილეები ხანგრძლივი COVID-ითა და ფიბრომიალგიით, ქრონიკული მდგომარეობით, რომელიც იწვევს კუნთებისა და ძვლების ტკივილს, დაღლილობას და ძილის, მეხსიერებისა და განწყობის პრობლემებს.
ჯანმრთელი მოხალისეები, რომლებიც, ძირითადად, უმოძრაო ცხოვრებას ეწევიან, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყვნენ კვლევისთვის, რათა მკვლევრებს შეედარებინათ მათი ტვინის აქტივობა ME/CFS-ითა და ფიბრომიალგიით დაავადებული ადამიანების ტვინის აქტივობასთან. ამან მკვლევრებს საშუალება მისცა, გაეგოთ, რით განსხვავდება ტვინის კონკრეტული უბნები ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მქონე ადამიანებსა და ჯანმრთელ ინდივიდებს შორის.
"თუკი ქრონიკული დაღლილობის სინდრომის გამომწვევ ფაქტორებს დავადგენთ, მათ შორის, ნეირომარკერებს ან ბიოლოგიურ ინდიკატორებს — როგორც ME/CFS-ისთვის, ასევე ფიბრომიალგიისთვის — დიაგნოზის დასმას უფრო სწრაფად შევძლებთ", — აღნიშნა შანმა.
დოქტორი შანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ME/CFS-ისა და ფიბრომიალგიის მიზეზები დაუდგენელი რჩება, ღრმა დაღლილობა და ძილისა და კოგნიტიური დარღვევები მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული დაავადებების მიმდინარეობის პროცესში ტვინის არანორმალური ფუნქციონირება გადამწყვეტ როლს თამაშობს.
ტვინი მთელი სხეულის ენერგიის 20%-ს მოიხმარს, მაგრამ ენერგიის რეზერვუარი ან შეზღუდული აქვს ან საერთოდ არ გააჩნია. ნორმალური ფუნქციონირებისთვის კრიტიკულად აუცილებელია, ლოკალური სისხლის ნაკადის მიწოდება შეესაბამებოდეს ნერვული ენერგიის მოთხოვნილებას. მკვლევრების აზრით, ზემოხსენებული დაავადებების განვითარებაში მთავარი პასუხისმგებელი ამ ფუნქციის "ანომალიებია", როგორიცაა ნეიროვასკულური დაწყვილება.
ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად, მონაწილეებს სკანირების დროს მიეცათ შემეცნებითი დავალებები, რათა გაეზომათ, თუ როგორ არეგულირებს მათი ტვინი სისხლის ნაკადს საპასუხოდ და რა მიმართება აქვს მას დაღლილობის სიმძიმესთან. როდესაც ისინი დავალებებს ასრულებდნენ, სკანირებამ ასევე გაზომა ცვლილებები მათი ტვინების ქიმიურ შეტყობინებებში.
შანის თქმით, შედეგებს გამოიყენებენ, რომ შექმნან ტვინის შაბლონი განაწილებული კლასტერებისთვის, რომლებიც დაავადების სიმძიმეს პროგნოზირებს და პოტენციურად გვაწვდის ნეირომარკერს ME/CFS მდგომარეობების პროგნოზირებისთვის.
ეს კვლევა გზას უხსნის სხვა კვლევებს ქრონიკული დაღლილობის სინდრომის შესახებ. თუმცა, ჯერჯერობით, საჭიროა მეტი მონაწილე, მათ შორის, ფიბრომიალგიით დაავადებულები და ჯანმრთელი ადამიანები. მონაწილეობის მიღება, უმთავრესად, მოიცავს კითხვარების შევსებასა და ჯანმრთელობის შემოწმებას.
კომენტარები