რა არის ცივი ამინდის ალერგია და გაქვს თუ არა ის შენ
ადამიანების უმეტესობისთვის ზამთარი ახალი წლის განწყობასთან ასოცირდება, თუმცა ზოგიერთისთვის ის ცივ კიდურებსა და ალერგიულ რეაქციებთან არის კავშირში.
ასევე იხილეთ: რატომ აქვს ზოგიერთ ადამიანს მუდმივად ცივი კიდურები? — რას ამბობს მეცნიერება
ამ ალერგიას ჭინჭრის ციება ეწოდება და მისი ყველაზე გავრცელებული სიმპტომები კანზე ქავილი, სიწითლე და შეშუპებაა. ეს რეაქცია ხშირად გამოწვეულია ცივ წყალში ცურვით, ტემპერატურის ვარდნით ან რაიმე გაყინულის დალევითა თუ ჭამით.
ამ ალერგიას შეიძლება, მოჰყვეს რეაქციების მთელი რიგი, დაწყებული არასაშიში სიმპტომებით (ქავილი, წვის შეგრძნება კანის გათბობისას, თავის ტკივილი, დაღლილობა, შფოთვა, სახსრების ტკივილი, შეშუპება), დამთავრებული სიცოცხლისთვის უფრო საშიში სიმპტომებით (ანაფილაქსია, გახშირებული გულისცემა, არტერიული წნევის დაქვეითება, სუნთქვის პრობლემები, სისუსტე, შოკი, ენისა და ყელის შეშუპება).
ვის შეიძლება ჰქონდეს ჭინჭრის ციება?
ჭინჭრის ციების 2 ძირითადი ტიპი არსებობს:
- შეძენილი: რეაქცია შეიძლება, მოხდეს საწყისი ექსპოზიციიდან 5-10 წუთში და ხშირად შეიძლება, გაგრძელდეს 1-2 საათის განმავლობაში.
- მემკვიდრეობითი: სიმპტომები შეიძლება გამოჩნდეს ექსპოზიციიდან 24-48 საათის შემდეგ და გაგრძელდეს 24-48 საათის განმავლობაში.
ეს მდგომარეობა უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე კაცებში და მეტად გვხვდება ახალგაზრდებში (თუმცა ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს).
ზოგჯერ, ალერგია შეიძლება, მოულოდნელად გამოჩნდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში თავისთავად გაქრეს.
რა იწვევს ჭინჭრის ციებას?
ალერგია ჩნდება მაშინ, როდესაც სიცივე იწვევს პოხიერი უჯრედების გააქტიურებასა და ჰისტამინის (სხვა ანთებით შუამავლებთან ერთად) გამოყოფას. თუმცა, რატომ მოქმედებს სიცივე პოხიერ უჯრედებზე, მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ თავსატეხია.
როგორ ვუმკურნალოთ ჭინჭრის ციებას?
ამ მდგომარეობის პრევენციისთვის რამდენიმე ნაბიჯი არსებობს. ერთ-ერთი მათგანი ისაა, რომ თავი აარიდოთ ცივ წყალში დაბანასა და ცივი სასმელების დალევას.
ზოგიერთი ადამიანისთვის შეიძლება, საჭირო გახდეს არადამამშვიდებელი ანტიჰისტამინების მაღალი დოზები. ანაფილაქსიური რეაქციების დროს ადრენალინია საჭირო.
როგორ შევამოწმოთ, გვაქვს თუ არა ეს მდგომარეობა?
ექიმი დაგეხმარებათ მდგომარეობის დიაგნოსტირებაში. ამისათვის საჭიროა სიმპტომებისა და ჯანმრთელობის ისტორიის განხილვა და ფიზიკური გამოკვლევები. ერთ-ერთ ასეთ გამოკვლევას უწოდებენ ყინულის კუბის გამოწვევის ტესტს, სადაც ყინულის კუბი მოთავსებულია პლასტმასის პარკში, რომელსაც პაციენტს სხეულზე ადებენ რამდენიმე წუთის განმავლობაში. შემდეგ კი აკვირდებიან მას, რათა გამოავლინონ ჭინჭრის ციების სიმპტომები.
რა ზომები უნდა მიიღოთ, თუკი ამ მდგომარეობას განიცდით?
თავიდან უნდა აირიდოთ აქტივობები, რომლებიც სხეულის ტემპერატურის სწრაფ ვარდნას იწვევს. ამდენად, ცურვისა დროს მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოთ.
თუკი ზოგადი ანესთეზიის ჩატარება დაგჭირდებათ, მდგომარეობის შესახებ უნდა აცნობოთ ექიმს, რომ შეძლოს თქვენი სხეულის ტემპერატურის მონიტორინგი და კონტროლი.
კომენტარები