ახალმა ზელანდიამ მიიღო კანონი, რომელიც მომავალი თაობისთვის მოწევის აკრძალვას ისახავს მიზნად. მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად 14 წლის არიან, ვეღარ შეძლებენ ოდესმე ლეგალურად იყიდონ სიგარეტი ქვეყანაში.

ახალი ზელანდიის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ზრდასრული მოსახლეობის 13,4 პროცენტი მწეველია. ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებებისგან 4 000-დამ 5 000-მდე ადამიანი კვდება. კანონმდებლის მიზანია, რომ ადამიანებმა უფრო დიდხანს იცხოვრონ და აღარ დასჭირდეს ჯანდაცვის სისტემას ისეთ დაავადებებზე ზრუნვა, რომელიც პირდაპირაა მოწევით გამოწვეული, მაგალითად, სიმსივნე და გულის შეტევა.

ახალი ზელანდია ასევე გეგმავს, რომ თამბაქოს ფასი გაზარდოს, რათა მოწევა ნაკლებ ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის. ასევე შემცირდება ნიკოტინის რაოდენობა თამბაქოს პროდუქტებში და სიგარეტი მხოლოდ სპეციალურ თამბაქოს მაღაზიებში გაიყიდება და არა — ნებისმიერ სუპერმარკეტში. მაღაზიების რაოდენობა, რომლებსაც კანონით სიგარეტის გაყიდვის ნებართვა ექნება, საგრძნობლად შემცირდება და 6 000-იდან 600-მდე დაიკლებს ქვეყნის მასშტაბით.

ახალი კანონი ძალაში უკვე 2023 წელს შევა, რადგან ახალი ზელანდია გეგმავს, 2025 წლისთვის ქვეყანა მოწევისგან თავისუფალი გახადოს.

აღსანიშნავია, რომ კანონი ელექტროსიგარეტების გაყიდვას არ ზღუდავს, რადგან ქვეყნის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, უამრავმა ადამიანმა ნიკოტინის მოხმარება შეამცირა ელექტროსიგარეტების დახმარებით.