ასტეროიდ რიუგუს ნიმუშის კვლევა დედამიწის წარმოშობაზე კიდევ უფრო მეტს გვიყვება
იაპონურმა ასტეროიდების მისიამ, Hayabusa2-მა, თითქმის, 2 წლის წინ დააბრუნა დედამიწაზე ასტეროიდ რიუგუდან მოპოვებული ნიმუში და ის ბევრ რამეს გვიმხელს მზის სისტემის ადრეული ისტორიის შესახებ.
პრესრელიზის მიხედვით, პარიზის ფიზიკის ინსტიტუტის, პარიზის უნივერსიტეტისა და CNRS1 მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ახლახან გამოავლინა ასტეროიდი რიუგუს თუთიისა და სპილენძის იზოტოპური შემადგენლობა. ახალმა აღმოჩენებმა ნათელი მოჰფინა ასტეროიდის ქიმიურ შემადგენლობას, რასაც გამიზნულად იკვლევდნენ, რათა მზის სისტემის ადრეული ისტორიის შესახებ მეტი გაგვეგო.
უძველესი ასტეროიდის ანალიზი
იზოტოპური ხელწერები ცხადყოფს, რომ "რიუგუს შემადგენლობა მსგავსია ივუნას ტიპის ნახშირბადოვანი ქონდრიტებისა და რომ რიუგუს ტიპის მასალა გარე მზის სისტემიდან შეადგენს დედამიწის მასის, დაახლოებით, 5-6%-ს", — ნათქვამია პრესრელიზში.
მეცნიერებმა, რომლებმაც თავიანთი დასკვნები ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოაქვეყნეს, გააანალიზეს ასტეროიდის 5 გრამი მასალა, რომელიც დედამიწაზე დაბრუნდა იაპონური კოსმოსური სააგენტო (JAXA) Hayabusa2-ის მისიით.
JAXA-მ სამიზნედ აირჩია ასტეროიდი რიუგუ, რადგან მასში ნახშირბადის მაღალი შემცველობა აქცევდა მას კოსმოსურ კლდედ, რომელსაც შეეძლო, გამოევლინა უზარმაზარი ინფორმაცია ჩვენს მზის სისტემაში სიცოცხლის წარმოშობის შესახებ.
რიუგუს წინა ანალიზმა აჩვენა, რომ ის, თავდაპირველად, მზის ნისლეულში ჩამოყალიბებული მშობელი ასტეროიდის ნაწილი იყო და მისი ადრეული ევოლუციის დროს, დედამიწის წყლის დიდი ნაწილი, შესაძლოა, მსგავსი შემადგენლობის ასტეროიდებიდან მოდიოდეს.
ნიმუშის პირველი ანალიზი ჩაატარა საერთაშორისო ჯგუფმა. მათი ანალიზის მიხედვით, ასტეროიდი რიუგუს შემადგენლობა ახლოსაა ივუნას ტიპის ნახშირბადის ქონდრიტებთან (CI), რომლებიც, ქიმიური შემადგენლობის მიხედვით, ყველაზე პრიმიტიულ მეტეორიტებად ითვლება, რადგან ისინი, ასტეროიდების სხვა ტიპებთან შედარებით, ყველაზე მეტად ჰგავს მზის შემადგენლობას.
საერთაშორისო გუნდმა აჩვენა, რომ რიუგუს ნიმუშებში სპილენძისა და თუთიის იზოტოპური თანაფარდობა CI ქონდრიტების იდენტური იყო, მაგრამ განსხვავდებოდა ყველა სხვა ტიპის მეტეორიტისგან. რიუგუსა და CI ქონდრიტებს შორის მსგავსების საბოლოოდ დადასტურებით, კვლევა ადგენს, რომ რიუგუს ეს პრიმიტიული ნიმუშები წარმოადგენს მზის შემადგენლობის საუკეთესო შეფასებას.
თუთია და სპილენძი არის ორი ზომიერად აქროლადი ელემენტი და წარმოადგენს საკვანძო ელემენტებს ტელურული პლანეტების ფორმირების დროს აქროლადი ნივთიერებების აკრეციის პროცესების შესასწავლად. რიუგუს თუთიისა და სპილენძის იზოტოპური შემადგენლობის დამატებითი ანალიზის ჩატარებით, მეცნიერებს მიეცათ წვდომა ასტეროიდის წარმოშობის შესასწავლად მნიშვნელოვან ხელსაწყოზე.
და ბოლოს, რიუგუს თუთიის იზოტოპური შემადგენლობა ასევე შეიძლება გამოვიყენოთ დედამიწაზე ზომიერად აქროლადი ელემენტების აკრეციული ისტორიის შესასწავლად, რომლებიც აუცილებელია პლანეტებზე სიცოცხლის განვითარებისთვის.
კომენტარები