ყველაფერი, რაც ალკოჰოლზე დამოკიდებულების შესახებ უნდა იცოდეთ
თუ ალკოჰოლს კვირების, თვეების ან წლების განმავლობაში აქტიურად იღებთ, შესაძლოა, მის მიმართ დამოკიდებულება ჩამოგიყალიბდეთ, რაც ზიანს აყენებს როგორ ფიზიკურ ჯანმრთელობას, ასევე მენტალურ კეთილდღეობას. ამ დროს, როდესაც სასმელზე უარს ამბობთ, სხვადასხვა სიმპტომი იჩენს თავს და ზოგიერთი მათგანი საკმაოდ მწვავე ფორმით ვლინდება.
ალკოჰოლი ორგანიზმზე უარყოფით გავლენას ახდენს, რადგან ის ტვინის ფუნქციონირებას ანელებს და ნერვული უჯრედების მიერ სიგნალების მიმოცვლას აფერხებს. დროთა განმავლობაში ცენტრალური ნერვული სისტემა სასმლის ეფექტს ეჩვევა, სხეული კი ცდილობს, ტვინი უფრო მეტად "გააღვიძოს" და ახალ მდგომარეობას მოერგოს. შედეგად, როცა სმას წყვეტთ, მაინც შეცვლილ ფიზიკურ რეჟიმში იმყოფებით, რაც სხვადასხვა სიმპტომს ედება საფუძვლად.
ალკოჰოლზე დამოკიდებულების სიმპტომები
მსგავსი დამოკიდებულებისას ალკოჰოლზე უარის თქმით გამოწვეული სიმპტომების სიმძაფრეს ის განსაზღვრავს, თუ რამდენი ხანია, სასმელს მოიხმართ. 6-საათიანი სიფხიზლის შემდეგ ადამიანს შეიძლება აღენიშნოს:
- შფოთვა
- ხელების კანკალი
- თავის ტკივილი
- გულისრევა
- ინსომნია
- ოფლიანობა
12-48 საათის შემდეგ უფრო მწვავე ნიშნები ჩნდება, როგორიცაა ჰალუცინაციები, სპაზმები და ა.შ. 48-72 საათში იკვეთება თეთრი ცხელება, იგივე ალკოჰოლური დელირიუმი, მკაფიო ჰალუცინაციები და ბოდვა. მათ ხშირად თან ახლავს:
- დაბნეულობა
- აჩქარებული გულისცემა
- მაღალი წნევა
- სიცხე
- ძლიერი ოფლდენა
დიაგნოსტირება და მკურნალობა
ალკოჰოლზე დამოკიდებულების ამოცნობა ძნელი არაა. თუ ეჭვი გაქვთ, რომ მსგავსი პრობლემა ჩამოგიყალიბდათ, ექიმს მიმართეთ, რომელიც ამის დასადგენად კითხვებს დაგისვამთ და საეჭვო სიმპტომებსაც განიხილავს.
დიაგნოზის დასმის შემდგომ სპეციალისტი, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო მკურნალობას დაგინიშნავთ, მათ შორის მედიკამენტურს, მაგალითად, სპაზმების, ინსომნიისა და შფოთვის საწინააღმდეგო პრეპარატებს. ამ პერიოდში რეკომენდებულია:
- მშვიდ ადგილას ყოფნა
- ადამიანებთან ნაკლები კონტაქტი
- მხარდამჭერი, პოზიტიური გარემოცვა
- ჯანსაღად კვება და დიდი რაოდენობით სითხის მიღება (რა თქმა უნდა, უალკოჰოლოსი)
იმისათვის, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე არ დადგეთ, ეცადეთ, ალკოჰოლური სასმელი იშვიათად და მცირე რაოდენობით მიიღოთ. ასე თავს მასზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებისგან დაიცავთ, რითაც საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას გაუფრთხილდებით.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები