მეცნიერებმა 20 ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დაავადების მიმდინარეობა შეისწავლეს — კვლევის შედეგები
როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები მომდევნო 10 წლის განმავლობაში, თუკი პაციენტს ერთი დეპრესიული ეპიზოდის ქონა დაუდასტურდა?
"ვნახოთ, როგორ წავა საქმე", — ხშირად ეუბნებიან ფსიქიატრები ერთმანეთს, როცა პაციენტი პირველ დიაგნოზს იღებს. არა, არ გეგონოთ, თავდაპირველი დასკვნა იყოს მცდარი — ექიმებმა კარგად იციან, რომ ფსიქიატრიული დიაგნოზები დროის გასვლასთან ერთად იცვლება.
მეცნიერებმა დანიაში 180 000-ზე მეტი ფსიქიატრიული პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის განვითარებას მიადევნეს თვალი. შედეგად დადგინდა, რომ მათ 47%-ს პირველი დიაგნოზის მიღებიდან ათი წლის განმავლობაში სხვა დიაგნოზსაც უსვამენ.
"ფსიქიკური აშლილობები დინამიკურია. ისინი ცხოვრების განმავლობაში იცვლება. შესაბამისად, არ მიკვირს, რომ ამ პაციენტებში შედარებით დიდ დიაგნოსტიკურ განვითარებას ვხედავთ", — აცხადებს ანდრეს იორგენსენი, ნაშრომის თანაავტორი და კლინიკური კვლევის ასოცირებული პროფესორი კლინიკური მედიცინის დეპარტამენტში.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა სცადეს ეჩვენებინათ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები 20 ყველაზე გავრცელებული დიაგნოზის დასმის შემდეგ. დადგინდა, რომ დროთა განმავლობაში დიაგნოზის ცვლილების ალბათობა ყველაზე დიდია მწვავე ფსიქოზის, ადიქციისა და დეპრესიის შემთხვევაში.
მეორე მხრივ, ცვლილების შანსი ყველაზე ნაკლებია ფუნქციურ ქმედუუნარობასთან დაკავშირებული დიაგნოზების (ფიზიკური უნარების ხანგრძლივი შეზღუდვა ფიზიკური მიზეზის გარეშე), კვებითი აშლილობებისა და სქესობრივი დარღვევების (სექსუალური ინტერესის შემცირება ანდა ერექციული დისფუნქცია ფიზიკური მიზეზის გარეშე) დროს.
მაშინ, როდესაც პაციენტი პირველ დიაგნოზს მიიღებს, ექიმებს უკვე შეეძლებათ, სხვების მაგალითს შეავლონ თვალი და შესაბამისი პროგნოზი გააკეთონ.
"ექიმებს, რომელთაც მკურნალობისათვის სწორი მიდგომის შერჩევა უნდათ და სურთ შეეძლოთ, პაციენტებს პროგნოზები გააცნონ, ეს მონაცემები სჭირდებათ. საბოლოო ჯამში, იმედი გვაქვს, რომ ეს მიდგომებს გააუმჯობესებს და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მეთვალყურეობას უზრუნველყოფს. რაც მეტი იცი ავადმყოფობის შესაძლო მიმდინარეობის შესახებ, მით უკეთესი შეიძლება იყოს სამკურნალო მიდგომაც", — აცხადებს ანდერს იორგენსენი.
გასათვალისწინებელია, რომ კვლევის ფარგლებში მხოლოდ იმ პაციენტთა შემთხვევებია განხილული, რომლებიც ფსიქიატრთან მკურნალობდნენ. შესაბამისად, ის ადამიანები, რომელთაც დაავადების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებდათ და მხოლოდ ფსიქოლოგი იყო ჩართული საქმეში, კვლევაში არ მონაწილეობდნენ.
დეპრესია ერთ-ერთი ყველაზე ბუნდოვანი დიაგნოზია
კვლევის ფარგლებში შესწავლილ სამ ყველაზე გავრცელებულ აშლილობას შორის იმ პაციენტებს, რომელთაც დეპრესიის ერთი ეპიზოდი დაუფიქსირდათ, ყველაზე მაღალი აქვთ რისკი, რომ მომდევნო ათი წლის განმავლობაში სხვა დიაგნოზსაც დაუსვამენ.
"კვლევის მიხედვით, ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებს 60%-იანი შანსი აქვთ, რომ მომდევნო ათი წლის განმავლობაში ახალი აშლილობა დაუდგინდებათ", — აცხადებს ასოცირებული პროფესორი ტერეზა სარა ჰოი იორგენსენი (საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის სოციალური მედიცინის სექცია).
მეორე მხრივ, შესაძლოა, რიცხვებმა შეცდომაში შეგვიყვანოს, რადგან მათ უმრავლესობას (20%), ვისაც დეპრესიის ცალკეული ეპიზოდი დაუდგინეს, მოგვიანებით განმეორებადი დეპრესიის დიაგნოზს უსვამენ.
"გასაკვირი არაა, რომ დეპრესიის ცალკეული ეპიზოდი შეიძლება, განმეორებად ეპიზოდებად იქცეს", — ამბობს ანდერს იორგენსენი.
პერიოდულ დეპრესიას თუ არ ჩავთვლით, ყველაზე დიდია შანსი, რომ დეპრესიის დიაგნოზს პიროვნული აშლილობის ანდა სტრესზე რეაქციის აშლილობების დიაგნოზი მოჰყვეს. ეს უკანასკნელი ფენომენია, როდესაც სერიოზული ინციდენტის (მაგალითად, განქორწინება ანდა უახლოესი ადამიანის სიკვდილი) შედეგად პაციენტს ისეთი ფსიქიკური დაავადება უვითარდება, რომელიც სტრესს ანდა დეპრესიას წააგავს.
ანდერს იორგენსენი იმედოვნებს, რომ ახალი მონაცემები დეპრესიის მქონე ადამიანებისათვის სამკურნალო მიდგომების გაუმჯობესებაში დაგვეხმარება.
"იმ პაციენტებისგან განსხვავებით, რომლებიც ფსიქოზს პირველად განიცდიან, დეპრესიის პირველი ეპიზოდის მქონეთათვის ამჟამად არანაირი უნიფიცირებული სამკურნალო მიდგომა არ გვაქვს. შესაძლოა, ამგვარი ვარიანტის შექმნა განვიხილოთ, ჩვენი მონაცემები კი ეფექტიანი სამკურნალო მიდგომის შექმნაში დაგვეხმარება", — დასძენს ის.
ასევე იხილეთ: მეცნიერებმა ახალი ანტიდეპრესანტი შექმნეს, რომელიც არსებულ მედიკამენტებზე სწრაფად მოქმედებს
როგორ წარიმართა კვლევა?
დანიური რეესტრის მონაცემების გამოყენებით მკვლევრებმა 18 წელს ზემოთ ასაკის პირების იდენტიფიცირება შეძლეს, რომელთაც 20 ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური აშლილობიდან ერთ-ერთის დიაგნოზი ჰქონდათ. ჯამში მათ 184 949 ადამიანის მონაცემი შეაგროვეს.
მეცნიერები პაციენტებში პირველი დიაგნოზის მიღების მომენტიდან დიაგნოზების ცვლილებას დააკვირდნენ. მათი განვითარების გასაანალიზებლად მათ ე.წ. თანმიმდევრული ანალიზი გამოიყენეს.
კვლევის ფარგლებში სამი ყველაზე გავრცელებული დიაგნოზის ტიპური განვითარება შეისწავლეს
დეპრესია: იმ ადამიანთა 60 პროცენტს, რომლებსაც ერთი დეპრესიული ეპიზოდი დაუფიქსირდათ, მომდევნო ათი წლის განმავლობაში ახალი დაავადების დიაგნოზს უსვამენ. 20%-ს პერიოდული დეპრესია უვითარდება, 10%-ს — სტრესთან დაკავშირებული აშლილობა, 6%-ს კი — პიროვნული აშლილობა.
ადიქცია: ათი წლის განმავლობაში 52%-ს ახალ დიაგნოზს უსვამენ. 8%-ს სტრესთან დაკავშირებული აშლილობა უვითარდება, 5%-ს პიროვნული აშლილობა, 5%-ს კი — შიზოფრენია. კატეგორია ალკოჰოლზე, ოპიოიდებზე, კანაფზე მიჩვევასა და ადიქციასთან დაკავშირებულ ყველა სხვა დიაგნოზს აერთიანებს. დამოკიდებულების ზოგიერთი ფორმა სხვებზე ბუნდოვანია.
სტრესზე რეაქციის აშლილობა: მომდევნო ათი წლის განმავლობაში ახალ დიაგნოზს 36%-ს უსვამენ. 8%-ს ცალკეული დეპრესიული ეპიზოდი უვითარდება, 7%-ს პიროვნული აშლილობა, 6%-ს კი — პერიოდული დეპრესია.
კომენტარები