მეცნიერებმა ახალი ანტიდეპრესანტი შექმნეს, რომელიც არსებულ მედიკამენტებზე სწრაფად მოქმედებს
მკვლევართა ტექნიკამ თაგვებში სწრაფი ანტიდეპრესანტული მოქმედება გამოიღო შედეგად.
კვლევის თანახმად, პატარა მოლეკულურ ნაერთს, რომელიც სეროტონერგული (სეროტონინის გამოყოფასთან დაკავშირებული) ნეირონების აქტივობას არეგულირებს, სწრაფი ანტიდეპრესანტული მოქმედება აქვს. ნაშრომი ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
დიდი დეპრესიული აშლილობა (MDD), იგივე კლინიკური დეპრესია, ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფსიქიკური დაავადებაა, რომელიც მსოფლიოს გარშემო ასობით მილიონ ადამიანს აწუხებს.
ასევე იხილეთ: მასშტაბური კვლევის მიხედვით, დეპრესია სეროტონინის ნაკლებობასთან არაა დაკავშირებული
არსებულ ანტიდეპრესანტთა უმრავლესობა სეროტონინის ტრანსპორტერს (SERT) იღებს მიზანში. ამ ტიპის მედიკამენტები მოქმედებას მინიმუმ ოთხი კვირის შემდეგ იწყებს და, შესაძლოა, არაერთი სერიოზული გვერდითი მოვლენა გამოიწვიოს, მათ შორის სუიციდი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მათი მიღების შედეგად დეპრესიისგან არც ისე ბევრი პაციენტი იკურნება.
ასევე იხილეთ: მასშტაბური კვლევის თანახმად, ანტიდეპრესანტები ცხოვრებას უკეთესობისკენ არ ცვლის
ზემოხსენებული მედიკამენტების ალტერნატივად კეტამინს განიხილავენ, თუმცა მას მიჩვევის გამოწვევა შეუძლია და შიზოფრენიის საფრთხესაც ქმნის. შესაბამისად, საჭიროა შეიქმნას უფრო სწრაფადმოქმედი და ეფექტიანი ანტიდეპრესანტები თუ ნაერთები, რომლებიც სერიოზულ გვერდით მოვლენებს არ გამოიწვევს.
ასევე იხილეთ: არაფსიქოდელიური კეტამინი? — ახალ ნაერთს ანტიდეპრესანტების ეფექტი აქვს
არსებულ პრობლემას მეცნიერი ნან სანი და მისი გუნდის წევრები გამოეხმაურნენ. მათ კვლევის ფარგლებში სწრაფად მოქმედი ანტიდეპრესანტი შექმნეს, რომელიც SERT-სა და ნეირონულ NOS-ს (აზოტის ოქსიდის სინთაზა) შორის ურთიერთქმედების ჩაშლით მუშაობს.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ თაგვების ტვინებში SERT-ისა და nNOS-ის განცალკევებამ ტვინის ერთ-ერთ რეგიონში, DRN-ში, უჯრედშორისი სეროტონინი შეამცირა. შედეგად რეგიონში სეროტონერგული ნეირონების აქტივობა გაძლიერდა და მედიალურ პრეფრონტალურ ქერქში სეროტონინის გამოყოფაც საგრძნობლად გაიზარდა. ამან MDD-ის თაგვებისეულ მოდელში სწრაფი ანტიდეპრესანტული მოქმედება გამოიღო შედეგად.
შესაძლოა, ახალი მიგნების წყალობით MDD-ისა და გუნება-განწყობის სხვა რთულად სამკურნალო აშლილობებისათვის ახალი ტიპის საშუალებები შეიქმნას, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ, მასშტაბური კვლევის თანახმად, შესაძლოა, დეპრესია სეროტონინის ნაკლებობასთან სულაც არ იყოს დაკავშირებული.
კომენტარები