მასალა შესაძლოა შეიცავდეს სენსიტიურ ინფორმაციას იმ ადამიანებისთვის, ვინც კვებით აშლილობას ებრძვის.

გლობალური დათბობა, არასაკმარისი საკვები, მსოფლიო მოსახლეობის ზრდა, გენდერული სტერეოტიპების ცვლილება — კვების ტრანსფორმაცია უფრო და უფრო გვიახლოვდება. თუმცა სანამ სუპერ აბები საკვებს ჩაანაცვლებენ, მისი ყიდვა, მომზადება, შემდეგ კი დასუფთავება, ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.

ადამიანები დღის განმავლობაში საათზე მეტს საკვების მიღებაზე ხარჯავენ. ბევრისთვის ეს პროცესი უფრო მეტია, ვიდრე ყოველდღიური რუტინა. ზოგჯერ ეს სიამოვნების მიღების, კმაყოფილების განცდისა და სტრესის დაძლევის ძირითადი წყაროა.

ჩვენ ვიცით, რომ დამოკიდებულებას მხოლოდ ნარკოტიკები არ იწვევს. ადამიანები დამოკიდებულნი ხდებიან აზარტულ თამაშებზე, პორნოზე, სექსზე, სოციალურ მედიაზე, თამაშებზე, საყიდლებზე და რა თქმა უნდა საკვებზე.

საკვებზე დამოკიდებულება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული და მომაკვდინებელი ადიქციაა. მიუხედავად გავრცელების ფართო არეალისა, დაავადება უჩინარია, რადგან კვება, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. კვებითი აშლილობა ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ჭამასთან დაკავშირებული არაჯანსაღი ჩვევებით ხასიათდება.

ცნობიერების მიღმა

ნინუცა, რომელსაც კვებითი აშლილობა დიაგნოსტირებული აქვს, თერაპიაზე დეპრესიის გამო მივიდა. თვითრეფლექსიის დროს გამოიკვეთა, რომ სხეულის მიუღებლობის და უკონტროლო კვებითი ქცევების მიღმა ხანგრძლივი კვებითი აშლილობაა, რომელიც სათავეს ბავშვობიდან იღებს.

9 წლის იყო, როცა მშობლებმა მისი კვების კონტროლი დაიწყეს. საგანგაშო წონა არ ჰქონია, თუმცა, აკვირდებოდნენ, რამდენს გადაიღებდა სადილის დროს თეფშზე. ყოფილა შემთხვევები, როცა მშობლების დაჟინებული მზერის გამო, სუფრიდან ტირილით ამდგარა. ამ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, ბავშვობის რაღაც პერიოდი გამუდმებით მშიერი იყო.

ერთხელ, ღამე ძალიან მომშივდა. ავდექი და ყველაფერი, რაც ხელში მომხვდა — პური, კარაქი, ყველი, ხილი, ყველაფერი შევჭამე. ვგრძნობდი, ამ პროცესს მე ვერ ვაკონტროლებდი. ვერ მივხვდი, როგორ გავჩერებულიყავი, ან რა იყო ჩემში ისეთი, რომელიც ჩემს მიღმა მოქმედებდა. Როცა გავიზარდე, მივხვდი რომ ეს იყო უკონტროლო კვების ე.წ Binge Eating-ის ეპიზოდი, რომელიც ხანგრძლივ შიმშილს მოსდევს.

ნინუცა

ამ დროს ტვინის ცხოველური ნაწილი იმდენად აქტიურდება, რომ ცნობიერს სჯობნის და აიძულებს, თვითგადარჩენის მოტივით ყველაფერი ჭამოს, რაც ხელში მოხვდება. ბავშვს, რომელსაც ამის აღქმა არ შეეძლო, დაბნეულობა და შიში დაეუფლა. ჰქონდა შეგრძნება, რომ მშობლებს და საკუთარ თავს იმედი გაუცრუა.

ფოტო: ილუსტრაცია: ნატალია ავალიანი / On.ge

ის ვაშლი

გარდატეხის პერიოდში, როცა საკუთარი სხეულის მიმართ ისედაც გაუცხოებული ხარ, ხშირია მსგავსი რჩევა-დარიგებები: "5, 10 კილო რომ დაიკლო, კარგი გოგო იქნები", "რა ლამაზი სახე გაქვს, სიგამხდრე როგორ მოგიხდება". ამბობენ მშობლები, ნათესავები, მეზობლები, კლასელები. აქ გასათვალიწინებელია უფრო მასიური გავლენის მექანიზმებიც, კულტურული კონტექსტი.

ჩვენთან წონაზე საუბარი ზედმეტად ნორმალიზებულია. ადამიანები ერთმანეთის სხეულზე მუდმივად აკომენტარებენ. გამარჯობის შემდეგ პირველს მაგას გეუბნებიან: უი, გამხდარხარ, უი, გასუქებულხარ, ან უარესი — შენ გასუქდი ხომ? და ელოდებიან თავის მართლებას, ახსნას ან დასტურს შენგან. ამ შეძახილებით საზოგადოება მენტალურ ციხეში გვათავსებს. საშინელებაა, როცა ქალის სხეულის ტიპი, რომელსაც სურვილისამებრ ვერ ცვლი, შეიძლება მოდაში შემოვიდეს, ან გადავიდეს.

ნინუცა


15 წლის ნინუცამ გადაწყვიტა რადიკალური ზომებისთვის მიემართა, "სამაგალითო ნებისყოფა" გამოეჩინა და მთელი ზაფხულის განმავლობაში დღეში მხოლოდ 1 ვაშლი ეჭამა. მშობლებისთვის ანგარიში არ ჩაუბარებია, თუმცა ოჯახურ სადილებზე უარს ამბობდა. როცა წონის კლება თვალსაჩინო გახდა, მშობლებმა შვილის ნებისყოფისა და პრინციპულობის შექება დაიწყეს. მათი აზრით, ასე ეხმარებოდნენ გოგოს, გამხდარიყო "თავისი თავის საუკეთესო ვერსია".

აღფრთოვანებას ჯანმრთელობის პრობლემები მოჰყვა — გულის არითმია, ზოგადი სისუსტე, მენსტრუალური ციკლის არევა. ანალიზებმა აჩვენა, რომ 15 წლის ნინუცას კალციუმის დონე იმდენად დაბალი იყო, ძვლები კი იმდენად გათხელებული, როგორიც შესაძლოა ქალს მენოპაუზის შემდეგ ჰქონოდა.

მკურნალობამ შედეგი გამოიღო, თითქოს ჯანმრთელობა მოწესრიგდა. მაგრამ ხანგრძლივმა შიმშილმა მეტაბოლიზმი ისე დაუზიანა, რომ უკვე საკვების სტანდარტულზე მცირე რაოდენობით მიღებაც კი წონაში ადვილად მატებას ნიშნავდა. ასე გადაიქცა ცხოვრება კვების კონტროლის მცდელობების ჯაჭვად.

ვაშლი, რომელსაც მთელი ზაფხული ვჭამდი, ჩემს სოფელში, ერთ-ერთ ხეზე იზრდებოდა. დედაჩემი, რომელიც კვლავაც ვერ აცნობიერებს ამ თემის სიმძაფრეს, სოფლიდან რომ ჩამოდის, მეუბნება: "აი, ის ვაშლი ჩამოგიტანე, ძალიან რომ გიყვარდა". ეს ყველაფერი კი ჩემი ფსიქიკისთვის ყველაზე ბნელ პერიოდთან ასოცირდება.

ნინუცა

ფოტო: ილუსტრაცია: ნატალია ავალიანი / On.ge

მენტალური ციხე

ზოგჯერ, Როცა ძალიან იზღუდავ თავს, შენი ორგანიზმი შურს იძიებს და საჭმელზე დამოკიდებული ხდები. ხოლო ვისაც უკონტროლო კვებითი ქცევები აქვს, შემდეგ ანორექსიისკენაა მიდრეკილი. ეს ერთი ციკლის ორი ნაწილია. ჭამას შეზღუდვა მოაქვს, შეზღუდვას კი — სხეულის ამბოხება და უკონტროლოდ ჭამა.

ახლა, როცა ამ თემაზე უამრავი ლიტერატურა აქვს წაკითხული, ხოლო თერაპიაზე უამრავი საათი გატარებული, ნინუცას ეგონა, რომ კვებითი აშლილობა მის ცხოვრებაში სრული სიმძაფრით აღარ დაბრუნდებოდა. თუმცა ხმა, რომელიც ათას სისაძაგლეს გეუბნება, არსად წასულა.

გასულ ზაფხულს ხანგრძლივი შიმშილის ეპიზოდები დაბრუნდა.

ნებისმიერი სირთულის დროს, განსაკუთრებით რომანტიკულ ურთიერთობებში წარუმატებლობისას, ვფიქრობ ეს ნიშანია, რომ უნდა გავხდე. გახდომა ჩემთვის არაცნობიერად ნიშნავს საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის სადავეების აღებას. ასევე, ბევრ გოგოს აქვს ცხოვრება იმის მიხედვით დალაგებული, თუ როდის მიაღწევს სასურველ წონას: "ასეთ კაბებს მერე ჩავიცვამ, როცა გავხდები, ესა თუ ის ჰობი მას შემდეგ მექნება, როცა გავხდები". ამგვარად, სხეულის ამჟამინდელი მდგომარეობა არასდროს მოგწონს, ან ძველ ფორმებს მისტირი და გეგმებსაც იმ მომავალ ვერსიაზე აწყობ, რომელიც ჯერ არ ხარ.

ნინუცა

სასწორსა და აწონვის პროცესს კვებითი აშლილობის მქონე ადამიანებში მძაფრი რეაქციის გამოწვევა შეუძლია. ნინუცა გვეუბნება, რომ თუ სასწორზე სასურველი რიცხვი არ დახვდა, ამან შესაძლოა ისევ კვების შეზღუდვის ეპიზოდებში გადაისროლოს, ამიტომაც რამდენიმე თვეა, აღარ იწონება.

ჩემი ნაწილი, რომელსაც უნდა წონაზე კონტროლი ჰქონდეს, მეუბნება რომ მე ვარ მშიშარა, რადგან არ ვიწონები. ეს შეიძლება იყოს მახე, რომელსაც ჩემი ხმა მიგებს, რომ საკვების აკრძალვისკენ შემაბრუნოს. ამდენი ფიქრი საკუთარ გონებასთან ბრძოლას ჰგავს.

ნინუცა


ამ ბრძოლაში ცდილობს, ოქროს შუალედი იპოვოს. სხვა დამოკიდებულებებისგან (ნარკოტიკების, სასმლის, აზარტული თამაშებისგან) განსხვავებით, საკვებზე სამუდამოდ უარის თქმა არარეალისტურია. ადამიანისთვის, ვინც კვებითი აშლილობით იტანჯება, ყველა ჭამა არის სტრესი, არჭამა — ასევე სტრესი. საჭიროა ფრთხილი ნაბიჯების გადადგმა, რათა შენი ფსიქიკა წლობით ჩაბეჭდილი არასწორი მექანიზმებისაგან გაათავისუფლო.

ვერასდროს იქნები ყველას მოსაწონი, ვერასდროს მოიპოვებ ყველას პატივისცემას. რომც მოიპოვო, ესეც წარმავალია. გარეგნობაზე ამხელა ფსონის დადება შეუძლებელია. საჭიროა ჩვენს თვითაღქმაზე სხვების აზრის გავლენა შევამციროთ. შიგნიდან უნდა გჯეროდეს, რომ ხარ კარგი, იმსახურებ სიყვარულს, მოწონებას, რომ შენი სხეული უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ დასაკვირვებელი ობიექტი.

ხანდახან მშობლებს ჰგონიათ, რომ ბავშვებს ეხმარებიან, როცა დიეტაზე სვამენ. თუ ბავშვს სკოლაში წონის გამო აბულინგებენ, ზოგჯერ მშობლები "გამოსავლის" ძიებაში ერთვებიან და ამით არაცნობიერად ასწავლიან შვილებს, რომ საზოგადოებრივი აზრის მიხედვით უნდა შეიცვალონ. ხანდახან საუკეთესო გამოსავალია, ბავშვს სულაც არაფერი უთხრა და წაახალისო, მასთან ერთად ფიზიკურ აქტივობებში ჩაერთო. ჯობია არ ჩავაგონოთ, რომ მის ღირებულებას კონკრეტული წონა განსაზღვრავს.

ნინუცა

არარაციონალური შიმშილი

ფსიქოლოგები საუკუნეზე მეტი ხანია სწავლობენ შიმშილის მდგომარეობას. შიმშილი არ არის მხოლოდ კუჭში ან სისხლში შაქრის დონეში. ის გონებაშია. ეს არის გონების მოტივირებული მდგომარეობა. ფსიქოთერაპევტ მაიკლ გრაციანოს განმარტებით, ის, რომ გარკვეული ინტერვალებით გვშია, მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. ხოლო შიმშილი არის პროცესი, რომელიც ყოველთვის არსებობს, ფონურად მიმდინარეობს და მხოლოდ ხანდახან ამოდის ცნობიერებაში. ეს უფრო განწყობას ჰგავს. როდესაც ის ნელ-ნელა იმატებს ან იკლებს და მაშინაც კი, როდესაც ის ცნობიერების ქვეშ იმყოფება, მოქმედებს ჩვენს გადაწყვეტილებებზე. შიმშილის განწყობის კონტროლი ძნელია, ზუსტად იმიტომ, რომ ის მოქმედებს ცნობიერების მიღმა.

ფოტო: Tjalf Sparnaay – Food Scape 2014

ნათელას კვებითი უნარ-ჩვევები ასაკთან ერთად იცვლებოდა. ბავშვობაში ჭამას აძალებდნენ კიდეც. ცნობიერი ასაკიდან კი, როგორც ადამიანთა უმეტესობას, ეს პროცესი ძალიანაც შეუყვარდა. ვარაუდობს, რომ 3-4 წელია საკვებისადმი დამოკიდებულება ერთგვარ ობსესიაში გადაეზარდა. მისი დაკვირვებით, ეს ცვლილება წარსული ცხოვრების გარკვეულ სტრესულ ეპიზოდს უკავშირდება.

კვებითი აშლილობის დიაგნოზი არ აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ საკვებთან მისი დამოკიდებულება სპეციალისტის დახმარებას საჭიროებს. მუდმივად აქვს განცდა, რომ შია. საკვების მიღებას შორის 3-4 საათიანი ინტერვალები მისთვის ხანგრძლივი შიმშილია.

ერთხელ, როცა რამდენიმე საათი საკვების მიღება ვერ მოახერხა, შიმშილისგან ქუჩაში მოულოდნელი პანიკური შეტევა დაეწყო, მოხუც კაცთან მივიდა და პური სთხოვა.

გეხვეწებით, მომეცით ეგ პური, ახლა უნდა ვჭამო, ვთქვი და პური გამოვართვი.

ნათელა ჯანელიძე

შიმშილის უმართავი მდგომარეობის ფონზე ურჩიეს შაქრიანი დიაბეტი გამოეკვლია. ვარაუდობდა, რომ მისი მდგომარეობა ჰგავს ე.წ. craving-ს, შიმშილს, როცა თუ ვერ ჭამე, გგონია მოკვდები. დიაბეტი არ აღმოაჩნდა. ფიქრობს, რომ ყველაფერი ტვინიდან მოდის. საკვებისადმი არარაციონალურ დამოკიდებულებას კი მოთმინების არ ქონით ხსნის. სურს ყველა არსებული პრობლემა სწრაფად გადაჭრას, ხოლო როცა გადაწყვეტილებას ვერ პოულობს, ტვინს ჭამა საუკეთესო გამოსავალი ჰგონია.

ჩვენი სხეული ხშირად განკითხვის მთავარი საგანია. საკვებზე დამოკიდებულება დაავადებად ნაკლებად აღიქმება, როცა ემოციური კვების ეპიზოდები სხეულის ფორმებზე ასახული არ არის.

ნათელა ამბობს, რომ როცა ჭამაზე დამოკიდებულება ყოველდღიურობაში ხელისშემშლელი ფაქტორია და დაძაბულობას იწვევს. ეს იმის სიგნალია, რომ მდგომარეობა ეტაპობრივად გამწვავდება. შესაძლოა, ბევრი ჭამა უკონტროლო ჭამაში გადავიდეს, რაც მნიშვნელოვნად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს.

აპირებს, არარაციონალური შიმშილის სამართავად პროფესიონალს მიმართოს. ხოლო ადამიანებს, ვისაც მსგავსი შფოთვები აწუხებს, ურჩევს: "გამკლავების გზაზე პირველი ეტაპია იგრძნო, რომ ეს არის პრობლემა. სპეციალისტის დახმარებით სახელი დაარქვა და მოგვარების გზებზე იმუშაო, იქნება ეს სამედიცინო მკურნალობა, რაციონის შედგენა, დღის დაგეგმვა თუ სხვა".

როგორ ამოვიცნოთ კვებითი აშლილობები

ნინო პატურაშვილი ევროპის კოგნიტურ ბიჰევიორული თერაპიის მიერ აკრედიტებულია ფსიქოთერაპევტია, რომელიც უკვე 5 წელია კვებითი აშლილობის მქონე პაციენტებთან მუშაობს.

განმარტავს, რომ კვებითი აშლილობები ფსიქიკური აშლილობებია, რომლებიც კვებითი ქცევის მძიმე და ხანგრძლივი დარღვევით, ასევე კვებასთან დაკავშირებული ნეგატიური ემოციებით და აზრებით ხასიათდება. ეს მდგომარეობა სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ ფუნქციებს.

ანორექსია, ბულიმია, უკონტროლო კვებითი აშლილობა — სიმპტომატიკის მიხედვით ერთმანეთს ძალიან ჰგავს. განსხვავება ხშირად მხოლოდ სხეულის მასაშია. ფსიქოთერაპევტი ამბობს, რომ ანორექსიის დროს ადამიანი დიეტების დახმარებით ახერხებენ დაბალი წონის მიღწევას, შეიძლება ამას თან ერთვოდეს გაწმენდის ქცევებიც, როგორიცაა პირღებინება, საფაღარათო საშუალებების გამოყენება და ა.შ. ბულიმიის შემთხვევაში, ხშირია უკონტროლო კვების ეპიზოდები, რასაც თითქმის ყოველთვის მოსდევს ე.წ. გაწმენდის ქცევები. უკონტროლო კვების ეპიზოდების დროს, მიღებული საკვების შეწოვა მთლიანად ხდება და შესაბამისად — წონა ჭარბია.

ფოტო: ილუსტრაცია: ნატალია ავალიანი / On.ge

დასაწყისი

ფსიქოთერაპევტის განმარტებით, კვებითი აშლილობებისთვის დამახასიათებელია გადაჭარბებული წარმოდგენები სხეულის მასაზე. ადამიანები ყველა თვისებას სხეულის ფორმებთან მიმართებაში განიხილავენ, ჰგონიათ — თუ ვიქნები გამხდარი ვიქნები წარმატებული, ბედნიერი, მოსაწონი, თავდაჯერებული.

ისევე, როგორც ყველა სხვა ფსიქიკურ აშლილობას, ამ მდგომარეობასაც იწვევს ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების ერთობლიობა. დასაწყისში გროვდება პრობლემები, რასაც პაციენტმა თავი ვერ გაართვა. ამას მოსდევს თვითშეფასების დაქვეითება, შფოთვები. მოზარდის შემთხვევაში, შესაძლოა, სტრესული ფაქტორი იყოს სკოლის გამოცვლა, კონფლიქტი სამეგობროსთან, ოჯახში დაძაბული გარემო.

ხშირად ადამიანი ცდილობს მოერგოს კონკრეტულ კულტურულ სტანდარტებს, მოდელს სიგამხდრეზე; ამ დროს კი სოციუმში პოპულარულია კონკრეტული დიეტა, რომელიც მან სცადა და გამოუვიდა. შედეგად, ისეთი სფერო იპოვა, რომელსაც თავად გაკონტროლებს. მსგავსი დიეტის დაწყება მას თავს ოსტატად და პროფესიონალად აგრძნობინებს. შემდეგ კი პაციენტი ამ განცდას მუდმივად ეძებს. დიეტა უფრო და უფრო მკაცრდება, შედეგად — უფრო რთული და შფოთვის მომტანი ხდება.

ეს პრობლემა ხშირად უვითარდებათ ბავშვებს, რომლებსაც პერფექციონისტული დამოკიდებულებები აქვთ, რომლებსაც ასწავლიან, რომ აუცილებელია ყველაფერი სწორად გააკეთონ. მოზარდი, რომელმაც 15-16 წლის ასაკში პროფესია ვერ აირჩია, ხშირად სოციალური წნეხის ქვეშაა. ჰგონია, რომ ვალდებულია იცოდეს, რა უნდა. სირცხვილის და დაბნეულობის გრძნობა ეუფლება.

ნინო პატურაშვილი

ფსიქოთერაპევტის გამოცდილებით, პაციენტები პირველ ეტაპზე მიმართავენ ჩვეულებრივ ვარჯიშს, დიეტას. ისინი ახერხებენ დამალონ თავიანთი კვებითი ქცევები ისე, რომ ხშირად მშობლებიც ვერ ამჩნევენ ამას, სანამ მაგალითად შვილს ციკლი არ შეუწყდება, ან ძალიან დაბალი/მაღალი წონა არ ექნება.

მსგავს შემთხვევებში მოზარდები ფართო ტანსაცმელს იცვამენ, რომ ცვლილებები გარეგნულად არ შეეტყოთ. პირღებინებასთან დაკავშირებული ქცევებიც ძალიან შეფარულია. როდესაც ეს მანიფესტირდება, დიაგნოსტირება მარტივია.

ნინო პატურაშვილი

ფოტო: ილუსტრაცია: ნატალია ავალიანი / On.ge

ანორექსიის ხმა

დეპრესია, შფოთვითი აშლილობა, თვით შიზოფრენიაც კი, ეგო დისტონური აშლილობებია და პაციენტს სურს მათგან განთავისუფლდეს. კვებითი აშლილობები ასეთი არ არის.

პატურაშვილის შეფასებით, ამ აშლილობის მკურნალობისას ძირითადი სირთულე სწორედ მეს და კვებითი აშლილობის გამიჯვნაა.

კვებითი აშლილობა განიცდება როგორც დამხმარე და არა როგორც პრობლემა. პაციენტები ფიქრობენ რომ ეს პრობლემა კი არა, პრობლემასთან ბრძოლის გზაა. ეს ვითომ ეხმარებათ, რომ სასურველი გარეგნობა მიიღონ, გაუმკლავდნენ ნეგატიურ ემოციებს, დაივიწყონ პრობლემები. ასე ხედავენ და ამბობენ — ეს მე ვარ.

ხმა, რომელიც მათ ეუბნებათ, რომ ასე უნდა გააკეთო, აღარ უნდა შეჭამო, საზიზღარი ხარ, ეს თავისი თავი ჰგონიათ. რეალურად — ეს არის ანორექსიის ხმა. პაციენტები ფიქრობენ, რომ თვითონ აკონტროლებენ ამ კვებით ქცევას, მაგრამ რეალურად, ავადმყოფობა აკონტროლებს მათ.

ნინო პატურაშვილი

შედეგად, ფსიქოთერაპევტი ამბობს, რომ პაციენტებს ისეთი განცდები უჩნდებათ, თითქოს მათი განცალკევება იგივეა, რაც დედისთვის ბავშვის მოშორება. მათ ეს ხმა უყვართ, ეხმარებათ, მისით ამაყები არიან. ასევე, ბევრ რამეში ხელს უშლით, ისევე როგორც ბავშვი დედას, როცა დედა ვერ მუშაობს, მეგობრებს ვეღარ სტუმრობს.

მკურნალობის სირთულეები

თუმცა კვებითი აშლილობა არამხოლოდ მენტალურ მდგომარეობას და სოციალურ ცხოვრებას, ფიზიკურ ჯანმრთელობასაც მძიმედ ეხება. პაციენტებს ხშირად აქვთ გულსისხლძარღვთა სისტემისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ენდოკრინული დარღვევები. დაზიანებული აქვთ კბილები, თმა, ფრჩხილები. ფსიქოთერაპევტის შეფასებით, კვებითი აშლილობების სამკურნალოდ საჭიროა კომპლექსური მიდგომა, სადაც ჩართული იქნება ფსიქიატრი, თერაპევტი, ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი.

ხშირად პაციენტები ვერ ხვდებიან, რომ ეს დაავადება შეიძლება ლეტალურად დასრულდეს. მას კარდიოლოგმა ან გასტროენტეროლოგმა უნდა აუხსნას, რამ შეიძლება გულის გაჩერება გამოიწვიოს. აუხსნას ის, რომ ეს გაუთავებელი პირღებინება გამოიწვევს საყლაპავი მილის და კუჭის დაზიანებას, გასკდომას და ა.შ.

ნინო პატურაშვილი

საქართველოში არ არსებობს მრავალპროფილური დაწესებულება, სადაც პაციენტი სრულფასოვან მკურნალობას შეძლებს. ასევე, არ იწარმოება კვებითი აშლილობების სტატისტიკა.

კვებითი აშლილობის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია. აქ საყურადღებოა რეციდივის პრევენციაზე მუშაობა. შედეგად, პაციენტი სწავლობს ნეგატიური ემოციების და პრობლემების ამოცნობას, რაზეც უკვე რაციონალური გზებით რეაგირებს და არა კვებითი აშლილობისთვის დამახასიათებელი ქცევებით.

თუ აქ ჩამოთვლილი სიმპტომები შენთვის ნაცნობია, აუცილებლად მიმართე ფსიქოლოგს / ფსიქიატრს შესაბამისი მკურნალობის დასანიშნად. თუ ეს თემა შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში მენტალური ჯანმრთელობის ფორუმი