გრიპის უნივერსალური ვაქცინა სულ უფრო რეალური ხდება — რა უნდა ვიცოდეთ
წამყვანი მეცნიერების თქმით, გრიპის უნივერსალური ვაქცინა, რომელიც იცავს ვირუსის ყველა შტამისგან, შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს მომდევნო ორი წლის განმავლობაში.
ახალი ვაქცინა დაფუძნებულია იმავე mRNA ტექნოლოგიაზე, რომელიც გამოიყენება კორონავირუსის წინააღმდეგ. მან მოახერხა და თაგვები მძიმე გრიპისგან დაიცვა. ეს გზას უხსნის ადამიანებში კლინიკურ კვლევებს.
პროფესორმა ჯონ ოქსფორდმა, ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტის ვირუსოლოგმა, რომელიც არ იყო ჩართული კვლევაში, თქვა, რომ პენსილვანიის უნივერსიტეტში შემუშავებული ვაქცინა შეიძლება მზად იყოს გამოსაყენებლად უკვე მომდევნო ზამთრისთვის.
"რთულია ზუსტად იმის თქმა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს მიღწევა. თუმცა, პოტენციალი უზარმაზარია. ვფიქრობ, ზოგჯერ არ ვაფასებთ ამ დიდ რესპირატორულ ვირუსებს", — უთხრა BBC-ის ჯონ ოქსფორდმა.
მკვლევრები უკვე ათ წელზე მეტი ხანია რაც გრიპის უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ. ეს უახლესი მიღწევა, რომელიც გამოქვეყნდა Science-ში, განიხილება, როგორც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება დაეხმაროს ადამიანებს გრიპის პოტენციურად დამანგრეველი პანდემიისგან დაცვაში.
სეზონური გრიპის ვაქცინები, რომლებიც გვიცავს ვირუსის ოთხამდე შტამისგან, ყოველწლიურად ახლდება რათა უზრუნველყოფილი იყოს მიმოქცევაში არსებული გრიპის ვირუსებისგან დაცვა. ახალი ვაქცინა კი შექმნილია იმუნიტეტის გასაძლიერებლად A და B გრიპის 20 ქვეტიპის წინააღმდეგ. მას შეუძლია პოტენციურად აღიჭურვოს ნებისმიერი გრიპის ვირუსის დასაძლევად.
გრიპის პანდემია მსოფლიომ ბოლოს 2009 წელს იხილა, როდესაც ვირუსი ღორებიდან ადამიანებზე გადავიდა და მთელ მსოფლიოში გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ეპიდემია გაცილებით ნაკლებად ლეტალური იყო, 1918 წლის გრიპის პანდემიამ აჩვენა, თუ რამდენად საშიში შეიძლება იყოს ახალი შტამები. მათ ათობით მილიონი ადამიანის მოკვლა შეუძლიათ.
"გრიპის შტამების სრული სპექტრის წინააღმდეგ ადამიანების იმუნიტეტის გაძლიერება ავადმყოფობების შემცირებას გამოიწვევს. ეს საბოლოოდ უამრავ სიცოცხლეს დაიცავს", — თქვა დოქტორმა სკოტ ჰენსლიმ, პენსილვანიის გუნდის მკვლევარმა.
თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა დაადგინა, რომ mRNA გრიპის ვაქცინამ გამოიწვია ანტისხეულების მაღალი დონის გამომუშავება, რომლებიც სტაბილური იყო რამდენიმე თვის განმავლობაში და იცავდა ვირუსისგან.
მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ჩატარებული ტესტების შედეგები იმედისმომცემია, საჭიროა კლინიკური კვლევები იმის დასადგენად, იცავს თუ არა ვაქცინა ადამიანებს იგივე გზით. მნიშვნელოვანია ეს პრობლემური გვერდითი ეფექტების გამოწვევის გარეშე მოხდეს.
"ეს ვაქცინა ჯერ მხოლოდ ცხოველებზეა გამოცდილი და მნიშვნელოვანი იქნება მისი უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის გამოკვლევა ადამიანებში", — თქვა დოქტორმა ენდრიუ ფრიდმანმა, კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევარმა.
ადოლფო გარსია-სასტრე, ჯანმრთელობისა და განვითარებადი პათოგენების ინსტიტუტის დირექტორი ნიუ-იორკის Mount Sinai საავადმყოფოში, ამბობს, რომ გრიპის ამჟამინდელი ვაქცინები გრიპის პანდემიებისგან ვერ გვიცავს. თავის მხრივ, თუ ეს ვაქცინა იმედებს გაამართლებს მას ამის მიღწევა შეუძლია.
თუმცა, ერთი რამ ფაქტია, ამ ეტაპზე კვლევა ძალიან პერსპექტიულია, ვნახოთ რა იქნება შემდეგი და როგორ იმუშავებს ის ადამიანებში.
კომენტარები