მეცნიერებმა რვაფეხასა და ადამიანის ტვინებს შორის მსგავსება აღმოაჩინეს
რვაფეხა ყველაზე გამორჩეული უხერხემლო ცხოველია, რომლის კოგნიტიური შესაძლებლობებიც გასაოცარია. ეს არსებები საკმაოდ გონიერები არიან, რაზეც არაერთი ექსპერიმენტი მიანიშნებს.
ახალ კვლევაში მეცნიერებმა ამ სახეობის წარმომადგენლებისა და ადამიანების ტვინებს შორის მსგავსება გამოავლინეს. კერძოდ, მათ დაადგინეს, რომ რვაფეხების ევოლუცია მათში მიკრო-რნმ-ის, ანუ არაკოდირებადი რიბონუკლეინის მჟავის ფართო გავრცელებას უკავშირდება.
როგორც ავტორები ამბობენ, თავფეხიანთა კლასის ცხოველთა და ადამიანთა ჩვენთვის ცნობილი უკანასკნელი საერთო წინაპარი ჭიის მსგავსი არსება იყო, რომელიც გონიერებით არ გამოირჩეოდა. უხერხემლოებში ისეთი რთული სტრუქტურის ტვინი არ ჩამოყალიბებულა, როგორიც ხერხემლიანებში გხვდება, მაგალითად, პრიმატებსა და სხვა ძუძუმწოვრებში. გამონაკლისად მხოლოდ თავფეხიანები მიიჩნევიან.
მეცნიერების თქმით, შესაძლოა, რთული სტრუქტურის ტვინის განვითარებაში უმთავრეს როლს სწორედ მიკრო-რნმ ასრულებდეს. მათი განცხადებით, "ეს ისაა, რაც რვაფეხებთან გვაკავშირებს". აღსანიშნავია, რომ თავფეხიანები სხვადასხვა ფერმენტს რნმ-ის რეკოდირებისთვის ხშირად იყენებენ, შესაბამისად, სპეციალისტებს უნდოდათ გაეგოთ, აქვთ თუ არა კიდევ სხვა მსგავსი უნარი რვაფეხებს.
"ცხოველთა სამყაროში ეს მიკრო-რნმ-ის ოჯახთა მესამე ყველაზე მასშტაბური, ხოლო ხერხემლიანთა მიღმა ყველაზე მასშტაბური გაფართოებაა. უკეთ რომ ავხსნათ, ხამანწკებმა, რომლებიც ასევე მოლუსკები არიან, რვაფეხებთან საერთო უკანასკნელი წინაპრის არსებობის შემდეგ მიკრო-რნმ-ის მხოლოდ 5 ახალი ოჯახი შეითვისეს, რვაფეხებმა კი 90", — აცხადებენ ავტორები.
შეგახსენებთ, რომ რვაფეხებს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემა აქვთ, საიდანაც ბოლოს დამოუკიდებლად ფუნქციონირება შეუძლია. ისინი საცეცებს გონივრულად იყენებენ, მაგალითად, მათი მეშვეობით ქილას ხსნიან. ამ ცხოველებში მეხსიერების არსებობა და ცნობისმოყვარეობა ვლინდება, ისინი ადამიანთა იდენტიფიცირების უნარს ფლობენ და ზოგჯერ რომელიმე ინდივიდს სხვებთან შედარებით უპირატესობასაც კი ანიჭებენ. ასევე, ძილის დროს მათი შეფერილობის ცვლილება შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ რვაფეხები სიზმრებსაც ხედავენ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.
კომენტარები