გლობალური დათბობის გამო, არქტიკაში პოლარული და მურა დათვების ჰიბრიდები გამოჩნდნენ
ხმელეთის ერთ-ერთი უდიდესი მტაცებლები სულ უფრო ხშირად იკვეთებიან მურა დათვებთან. ამის შედეგად არქტიკაში ჰიბრიდი დათვები გამოჩნდნენ.
2006 წელს კანადის არქტიკაში მონადირემ ესროლა დათვს, რომელიც სხვებს არ ჰგავდა. მოგვიანებით დნმ-ის ტესტირებამ დაადასტურა, რომ ცხოველი ნაწილობრივ გრიზლი, ნაწილობრივ პოლარული დათვი იყო.
მომდევნო წლებში ჩრდილოეთ ამერიკაში სულ მეტი მსგავსი დათვი დააფიქსირეს. ახლა კი მეცნიერები პროგნოზირებენ, რომ იგივე მოხდება ყველგან სადაც ყინულოვანი ჩრდილოეთია.
"მურა დათვები ტუნდრაში გადადიან. ყავისფერი დათვები ნახეს მდინარე კოლიმას ქვედა დინებაში, სადაც პოლარული დათვები ცხოვრობენ. მურა დათვები დააფიქსირეს ანაბარის რეგიონშიც. სავარაუდოა, რომ მომავალში პოლარული და მურა დათვების ჰიბრიდები გვეყოლება", — განუცხადა TASS-ს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევარმა ინოკენტი ოხლოპოვმა.
პოლარული და ყავისფერი დათვები ერთმანეთის 500 000 წლის წინ გამოეყვნენ. თუმცა, მათ შორის შეჯვარებით ჯანმრთელი ნაშიერი იბადება.
კლიმატის ცვლილებებთან ერთად ჩნდება ახალი მიწები და საკვები. შესაბამისად, მურა დათვები ჩრდილოეთით მიიწევენ და სულ უფრო ხშირად იკვეთებიან პოლარულ დათვებთან. ამის პარალელურად ყინულის დნობა პოლარულ დათვებს ხმელეთის სიღრმეში შესვლისკენ უბიძგებს. საბოლოოდ ამით ამ ორი სახეობის გზები კიდევ უფრო იკვეთება.
რუსეთის რამდენიმე რეგიონში ადგილობრივებმა ბევრჯერ შენიშნეს ეს ორი სახეობა ერთად. უკვე შეინიშნებიან დათვების პოტენციურად ახალი სახეობები, რომლებიც შეიძლება სწორედ შეჯვარებისგან ჩნდებოდნენ.
ზოგიერთი კვლევის მიხედვით, პოლარული დათვები შეიძლება გადაშენების პირას აღმოჩნდნენ 2100 წლისთვის. და თუ მათი საკმარისი რაოდენობა შეჯვარდება ყავისფერ დათვებთან, ისინი შეიძლება კიდევ უფრო ადრე გაქრნენ.
მეტიც, პოლარული დათვების რიცხვი უკვე მნიშვნელოვნად შემცირდა, რადგან ზღვის ყინული დნება.
პოლარული დათვებისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად ხორცით იკვებებიან, მურა დათვებს მრავალფეროვანი რაციონი აქვთ. ისინი მიირთმევენ თითქმის ყველაფერს, რაზეც ხელი მიუწვდებათ. ეს ნიშნავს, რომ ისინი უკეთესად გაუმკლავდებიან გარემოს ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც შეიძლება მომავალში მოხდეს.
თუმცა, ისიც სავარაუდოა, რომ მურა დათვების გენები პოლარულ დათვებს გადარჩენაში დაეხმარონ. მიუხედავად ამისა, ისინი აღარასდროს იქნებიან ზუსტად ისეთები როგორც ახლა. ვნახოთ რა იქნება შემდეგი.
კომენტარები