როდის უნდა გავიხეხოთ კბილები — საუზმემდე თუ შემდეგ?
დილით კბილების გახეხვაზე რომ მიდგება საქმე, ადამიანები, ძირითადად, ორ ნაწილად იყოფიან: ისინი, ვინც კბილებს საუზმემდე იხეხავენ და ისინი, ვინც ამას საუზმის შემდეგ აკეთებენ. რაც შეეხება იმ ნაწილს, რომელიც დილით კბილებს არ იხეხავს, იმედია, სტატიის წაკითხვის შემდეგ ქცევა შეეცვლება.
რომელ ბანაკსაც უნდა მიეკუთვნებოდეთ, ალბათ, ბევრი კვლევა-ძიება არ ჩაგიტარებიათ იმის გასარკვევად, როდის სჯობს კბილების გახეხვა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, კბილების გახეხვის დროს ღრმა გავლენა აქვს თქვენს "მარგალიტებზე" და, მეტწილად, დამოკიდებულია იმაზე, თუ რით ისაუზმეთ.
მაშ, როდის გავიხეხოთ კბილები დღისით?
დიდი ალბათობით, კბილებს დღეში ორჯერ, დილით და ღამით, იხეხავთ. ეს წესი ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ დამკვიდრდა და საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა იგი არაფერს გვეუბნება იმის შესახებ, თუ ზუსტად როდის ჯობია კბილების გახეხვა.
მედისონ კაპლანი, რეგისტრირებული სტომატოლოგიური ჰიგიენისტი კალიფორნიაში, ამბობს, რომ ის ყველა თავის პაციენტს მოუწოდებს, კბილები საუზმის შემდეგ გაიხეხონ. ეს საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ მოიშოროთ საკვებისა და სასმლის ნარჩენები, რომლებსაც შეუძლია კბილებზე ლაქების წარმოქმნა.
კბილების გახეხვა საუზმის შემდეგ ნიშნავს, რომ თქვენი კბილები დღის განმავლობაში თავისუფალია საკვების ნაწილაკებისგან და, ამდენად, პირის ღრუში არსებულ ბაქტერიებს ნაკლები დრო აქვს შაქრის მეტაბოლიზებისა და კარიესის გამოწვევის ან მინანქრის გაფუჭებისთვის.
თუმცა, თუკი დილით მჟავას შემცველ საკვებს ან სასმელს მიირთმევთ, უმჯობესია, კბილები საუზმემდე გაიხეხოთ. კბილების გახეხვამ რაიმე მჟავას შემცველი საკვებისა თუ სასმლის — ყავა ან ხილი, მაგალითად — მოხმარების შემდეგ, შეიძლება დააზიანოს კბილების მინანქარი. ამ მიზეზით, ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაცია გვირჩევს, ამ საკვების ჭამიდან მოვიცადოთ 60 წუთი და შემდგომ გავიხეხოთ კბილები.
თუკი საუზმის შემდეგ არ გაქვთ დრო, რომ ერთი საათის განმავლობაში მოიცადოთ, გამოივლეთ წყალი, რომ საკვები არ დარჩეს კბილებს შორის. "რაც მეტად გამოდევნით საკვებსა და ბაქტერიებს, მით უფრო ოპტიმალურ პირის ღრუს ჯანმრთელობას მიაღწევთ", — აღნიშნავს კაპლანი.
შეიძლება, რომ კბილები საუზმემდეც გავიხეხოთ და საუზმის შემდეგაც?
საუზმემდე ან ყავამდე და შემდეგ კბილების გახეხვა ერთ-ერთი გზაა დილით პირის უსიამოვნო სუნისა და შემდგომ საკვების ნარჩენების მოსაშორებლად. თუმცა კბილების მეტისმეტად ხშირად გახეხვაც არ შეიძლება.
"არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა კბილების ზედმეტი გახეხვა და მას შეუძლია ღრძილების გაფუჭება", — ამბობს კაპლანი. თუ გსურთ კბილების გახეხვა საუზმის წინ და მის შემდეგ, ყურადღება გაამახვილეთ გახეხვის კარგ ტექნიკაზე, რაც გადამწყვეტია ღრძილების ტრავმის ან ღრძილების რეცესიის თავიდან ასაცილებლად. "ნაზი დაწოლა, ნელი ტემპი და ჯაგრისის სათანადო თავი არის გასაღები [ღრძილების რეცესიის] პრევენციისთვის."
ამდენად, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დღის განმავლობაში კბილები და ღრძილები სუფთად გქონდეთ. რაც შეეხება კბილების გახეხვის დროს, შესაძლებელია, რომ იგი სხვადასხვა ინდივიდისთვის განსხვავებული იყოს, იმისდა მიხედვით, თუ რას მიირთმევენ საუზმეზე.
კომენტარები