მარიხუანის მოხმარება, შესაძლოა, ფილტვებს თამბაქოზე მეტად აზიანებდეს — კვლევა
15 ნოემბერს გამოქვეყნებული, კანადაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კანაფი, შესაძლოა, ფილტვებსა და სასუნთქ სისტემას უფრო აზიანებს, ვიდრე თამბაქო.
კვლევის ფარგლებში, ოტავას უნივერისტეტისა და ოტავას ჰოსპიტლის გუნდმა 2005-2020 წლებში გადაღებული გულ-მკერდის რენტგენის ნიმუშები შეამოწმა. გამოყენებული 56 ნიმუში ეკუთვნოდა პაციენტებს, რომლებიც მარიხუანას რეგულარულად მოიხმარდნენ (მათ შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც პარალელურად სიგარეტსაც ეწეოდა), 57 ნიმუში არამწეველების იყო, ხოლო 33 ნიმუში — მხოლოდ თამბაქოს მწეველების.
მკვლევრებმა სასუნთქი გზების ანთებისა და ფილტვების ქრონიკული დაავადება ემფიზემის მეტი შემთხვევა კანაფის მწეველებს შორის დააფიქსირეს, ვიდრე მხოლოდ თამბაქოს მომხმარებლებსა და არამწეველებს შორის.
ოტავას ჰოსპიტლის რადიოლოგისა და კვლევის ერთ-ერთი თანაავტორის, ჟიზელ რევას აზრით, პრობლემა ფორმაა, რომლითაც ადამიანი ამ ნივთიერებებს იღებს:
"მარიხუანას მოხმარება იზრდება და საზოგადოებას სჯერა, რომ ეს უსაფრთხოა, ან, ყოველ შემთხვევაში, თამბაქოს მოხმარებაზე მეტად მაინც, თუმცა კვლევას ამ რწმენაში ეჭვი შეაქვს. მარიხუანას ფილტრის გარეშე ეწევიან, რის საპირისპიროდაც, თამბაქოს პროდუქტებში, ძირითადად, ფილტრი გვხვდება. უფილტროდ რაიმეს მოწევისას სასუნთქ გზებში მეტი ნაწილაკი ხვდება, რაც ანთებას იწვევს. გარდა ამისა, მარიხუანას შესუნთქვისას მწეველი, დიდი ალბათობით, კვამლს ამოსუნთქვამდე უფრო მეტ ხანს აჩერებს ფილტვებში, რაც დაზიანების ხარისხს ზრდის". — განაცხადა რევამ.
ჟიზელ რევას აზრით, აკრძალვების გამო, რომელსაც მრავალი სახელმწიფო კანაფის მოხმარების წინააღმდეგ იყენებს, ამ ნივთიერების კვლევა თითქმის არ ხდება, რაც პრობლემას უფრო ბუნდოვანს ხდის.
მიუხედავად პირველადი დასკვნებისა, ავტორები დამატებითი კვლევების ჩატარებასაც აპირებენ, რადგან ზოგი ნიმუში ეკუთვნოდა ადამიანებს, რომლებიც ორივე ნივთიერებას მოიხმარენ, რაც მაინცდამაინც ზუსტი დასკვნების გამოტანის საშუალებას არ იძლევა.
კანადაში მარიხუანის მოხმარება 2018 წლიდან ლეგალიზებულია.
კვლევა ჟურნალ Radiology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები