დედამიწის უდიდესი აისბერგი, რომელიც ლონდონს ზომით 2-ჯერ აღემატება, ეკვატორისკენ მიცურავს
ამ "სუიციდურმა აისბერგმა" ერთი წლის განმავლობაში იცურა ანტარქტიდის გარშემო და საბოლოოდ დრეიკის სრუტისკენ მიმავალ სასიკვდილო გზას დაადგა.
NASA-ს დედამიწის ობსერვატორიის მიერ 31 ოქტომბერს გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი "A-76A" შევიდა დრეიკის სრუტეში, რომელშიც ოკეანის დინება სწრაფია და, ამდენად, აისბერგის საფლავად იქცევა.
ახალი სატელიტური სურათის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი, რომლის საერთო ფართობი, დაახლოებით, ორჯერ აღემატება ლონდონის ზომას, შესაძლოა, მალე სიკვდილის დაჩქარებულ გზას დაადგეს. ეს "სუიციდური აისბერგი" აქამდე ნელ-ნელა მოძრაობდა ანტარქტიდის გარშემო წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში და ძლივს დნებოდა.
ყინულის ეროვნული ცენტრის (USNIC) მონაცემებით, A-76A 135 კილომეტრის სიგრძისა და 26 კილომეტრის სიგანისაა.
ეს ბუნებრივი ფერის სურათი, რომელიც გადაღებულია ნასას თანამგზავრი Terra-ს საშუალო გარჩევადობის გამოსახულების სპექტრორადიომეტრით (MODIS), ნათლად აჩვენებს აისბერგს. დააკვირდით, როგორ განასხვავებს მას აისბერგის გრძელი, ფირფიტისებრი ფორმა სამხრეთის ოკეანის სამხრეთით მდებარე ზღვის ყინულისგან.
აისბერგი ყინულის შელფს 2021 წლის მაისში გამოეყო
2021 წლის მაისში, აისბერგი A-76 ჩამოიშალა ანტარქტიდის რონის ყინულის შელფიდან. იმ დროისთვის იგი იყო ყველაზე დიდი აისბერგი მსოფლიოში, თუმცა მან დაკარგა ტიტული მას შემდეგ, რაც დაიშალა სამ იდენტიფიცირებულ ნაწილად ერთი თვის განმავლობაში.
ამ ფრაგმენტებიდან ყველაზე დიდი, აისბერგი A-76A, ამჟამად ცურავს დრეიკის სრუტესთან, დაახლოებით, 2000 კილომეტრის მოშორებით. სრუტე მდებარეობს სამხრეთ ამერიკის კეიპ ჰორნსა და ანტარქტიდის სამხრეთ შეტლენდის კუნძულებს შორის.
აისბერგები ხშირად მოძრაობს აღმოსავლეთისკენ ანტარქტიდის მძლავრი წრიული დინების გამო, როდესაც ის მიედინება ჩრდილოეთით დრეიკის სრუტის გავლით. იქიდან აისბერგები ხშირად გადაადგილდება ჩრდილოეთით ეკვატორისკენ, სადაც ისინი სწრაფად დნება თბილ წყლებში.
კომენტარები