250%-ით გაზრდილი რისკი — ყველაზე მეტად რა უწყობს ხელს დემენციის განვითარებას?
კვლევა 13 მილიონზე მეტი ადამიანის მონაცემს ეყრდნობა და ასკვნის, რომ ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობაზე ზრუნვამ შეიძლება ხელი შეუწყოს დემენციის თავიდან აცილებას.
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევრების მიერ ჩატარებული არსებული მტკიცებულებების მიმოხილვის თანახმად, ფსიქოტური აშლილობის (იგივე ფსიქოზის სპექტრის აშლილობების), მაგალითად, შიზოფრენიის, მქონე ადამიანებს დემენციის განვითარების 2,5-ჯერ მეტი შანსი აქვთ.
ბოლოდროინდელი სისტემური მიმოხილვა და მეტა-ანალიზი, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ Psychological Medicine-ში, მიუთითებს იმაზე, რომ ფსიქოტური აშლილობები შეიძლება უფრო მჭიდროდ იყოს დაკავშირებული დემენციასთან, ვიდრე სხვა ფსიქიკური აშლილობები, როგორებიცაა: დეპრესია და შფოთვა.
უფროსმა ავტორმა, ექიმმა ჟან სტაფორდმა, აღნიშნა: "ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ფსიქოტური აშლილობის დიაგნოზი დაკავშირებულია მოგვიანებით დემენციის განვითარების უფრო მაღალ რისკთან. ჩვენი დასკვნები დასძენს იმის მტკიცებულებას, რომ ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვამ მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება ხელი შეუწყოს დემენციის თავიდან აცილებას."
ეს კვლევა არის პირველი მაღალი ხარისხის სისტემური მიმოხილვა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ფსიქოტური აშლილობებისა და დემენციის რისკის კორელაციაზე. შიზოფრენია და სხვა მსგავსი ფსიქოტური აშლილობები წარმოადგენს მძიმე დაავადებებს, რომლებიც მოიცავს სიმპტომებს, როგორებიცაა: ჰალუცინაციები და ბოდვები და სოციალური გარიყვა. ბევრი ადამიანი ასევე განიცდის კოგნიტური და ფუნქციური უნარების დაქვეითებას.
მკვლევრებმა შეაგროვეს მონაცემები 11 კვლევიდან, რომლებიც ჩატარდა ცხრა სხვადასხვა ქვეყანაში ოთხ კონტინენტზე და, საერთო ჯამში, მოიცავდა 13 მილიონზე მეტ მონაწილეს.
მათ აღმოაჩინეს, რომ ასაკისდა განურჩევლად, ფსიქოტური დაავადებები ზრდიდა დემენციის რისკს. ზოგიერთ კვლევაში მონაწილეობდნენ ადამიანები, რომლებსაც ფსიქოტური აშლილობის დიაგნოზი ჰქონდათ მოზარდობაში. გარდა ამისა, ასევე აღმოაჩინეს, რომ ფსიქოტური აშლილობების ისტორიის მქონე პირებს დემენციის დიაგნოზის დასმის გაცილებით მეტი შანსი აქვთ, როდესაც ისინი ჯერ კიდევ 60 წლის არიან.
ასევე იხილეთ: დემენციის ნიშნები დიაგნოზამდე თითქმის 10 წლით ადრე ვლინდება — ახალი კვლევა
დასკვნები ემატება დემენციის მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორების სიას. UCL-ის მკვლევრებმა ადრე დაადგინეს, რომ დემენციის 10 შემთხვევიდან 4 შეიძლება თავიდან ავიცილოთ ან გადავავადოთ რისკ-ფაქტორების მიზანში ამოღებით. ამჟამინდელი კვლევის უფროსმა ავტორმა, ექიმმა ვასილიკი ორგეტამ, ადრე აღმოაჩინა, რომ PTSD, დეპრესია და შფოთვა ზრდის დემენციის ალბათობას, მაგრამ ეს უკანასკნელი აღმოჩენები ვარაუდობს, რომ ფსიქოტურ აშლილობებს აქვს ყველაზე ძლიერი კავშირი დემენციის რისკთან.
მკვლევრებმა ვერ დაადასტურეს კორელაციის მიზეზი; გაურკვეველია, არის თუ არა ეს გამოწვეული ფსიქიკური დაავადებით, თუ შესაძლოა იმიტომ, რომ ფსიქოტური აშლილობები ზრდის ალბათობას იმ გარემოებებისა, რომლებიც ხელს უწყობს დემენციის განვითარებას. ასევე, ფსიქოტური სიმპტომები შეიძლება იყოს დემენციის ადრეული მარკერები ზოგიერთი ადამიანისთვის, მაგრამ ის ფაქტი, რომ ზოგიერთ კვლევას ჰქონდა ძალიან ხანგრძლივი შემდგომი პერიოდი და მოიცავდა ადამიანებს, რომლებიც განიცდიდნენ ფსიქოტურ დაავადებებს ახალგაზრდა ასაკში, მიუთითებს იმაზე, რომ ეს არ არის ერთადერთი ახსნა.
"ფსიქოტური აშლილობის მქონე ადამიანებს უფრო ხშირად აქვთ სხვა ჯანმრთელობის პრობლემები, როგორებიცაა: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სიმსუქნე, — რამაც შეიძლება გაზარდოს დემენციის რისკი. მათ ასევე უფრო ხშირად აქვთ ცუდი კვების რაციონი, ეწევიან ან მოიხმარენ ნარკოტიკებს, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობას იმგვარად, რომ გაზარდოს დემენციის განვითარების ალბათობა", — აღნიშნა ორგეტამ.
წამყვანი ავტორი სარა ელ მინიავი, რომელმაც დაასრულა კვლევა, როგორც სამაგისტრო დისერტაცია, ამბობს, რომ "კოგნიტური დაქვეითება და ჰალუცინაციები შეიძლება იყოს როგორც დემენციის, ასევე ფსიქოტური აშლილობის სიმპტომები, ამიტომ შესაძლებელია ორ დაავადებას შორის იყოს კავშირი. ამ დარღვევამ ასევე შეიძლება შეზღუდოს ადამიანების კოგნიტური რეზერვი და გაზარდოს მათი მოწყვლადობა დემენციის სიმპტომების მიმართ."
მკვლევრებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს, შეუძლია თუ არა ფსიქოტური აშლილობების ეფექტურ მკურნალობას დემენციის რისკის შემცირება, ან შეიძლება იყოს თუ არა ანტიფსიქოტური მედიკამენტები დემენციის გამომწვევი ფაქტორი.
კომენტარები