რა შეიძლება იწვევდეს კუჭ-ნაწლავში აირის დაგროვებასა და მუცლის ტკივილს — 8 მიზეზი
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ კუჭ-ნაწლავში აირის დაგროვება და მისი გამოთავისუფლება აბსოლუტურად ნორმალური ბიოლოგიური მოვლენაა. იქ მისი მოხვედრა ამა თუ იმ საკვებით (რძის პროდუქტი, ბროკოლი, ლობიო და ა.შ.), ასევე, ჰაერის სხვადასხვა გზით ჩაყლაპვითაა შესაძლებელი. ასეთია:
- საღეჭი რეზინის ღეჭვა
- მოწევა
- გაზიანი სასმლის მიღება
- ძალიან სწრაფად ჭამა ან სმა
- მყარი ტკბილეულის მოწუწნა
- არასაკმარისად მჭიდროდ მორგებული კბილის პროთეზი
თუ ზედმეტ აირს პირიდან უკან არ ამოვუშვებთ, ის საჭმლის მომნელებელ სისტემაში გადავა და ორგანიზმს ანუსიდან დატოვებს. მსგავსი პროცესი მიანიშნებს, რომ სხეულს საკმარისი რაოდენობის ბოჭკოს აწვდით და კუჭის ჯანსაღი მიკრობიომი გაქვთ. ამის მიუხედავად, თუ ამ ყველაფერს თან ანორექსია, ხანგრძლივი შებერილობა, მუცლის ტკივილი, წონის უეცარი კლება, მწვავე დიარეა, ღებინება ან მაღალი ტემპერატურა ერთვის, სჯობს, ექიმს მიმართოთ, რადგან ეს შესაძლოა, რაიმე დაავადების ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემის ნიშანი იყოს.
წინამდებარე სტატიაში სწორედ აირის დაგროვებისა და მუცლის ტკივილის გამომწვევ 8 პოტენციურ მიზეზს გაგაცნობთ.
1. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
თუ აირის დაგროვებას მუცლის მწვავე ტკივილი, დიარეა, შეკრულობა ან შებერილობა ემატება, რომელიც თვეში სამჯერ მაინც გახსენებთ თავს, შეიძლება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი გქონდეთ. ამ დროს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნერვები აირის მიმართ მეტად მგრძნობიარეა.
ეს სინდრომი ქრონიკულია და საკმაო დისკომფორტს ქმნის, თუმცა თავად კუჭ-ნაწლავის ტრაქტს არ აზიანებს. მასთან საბრძოლველად და სიმპტომების შესამცირებლად მედიკამენტები გამოიყენება.
2. ლაქტოზის აუტანლობა
ზოგჯერ აირი კონკრეტული საკვების მიღების შემდგომ გროვდება, მაგალითად, ასეთია რძის პროდუქტი, რომელიც ლაქტოზას შეიცავს. არაა გამორიცხული, რომ თქვენ სწორედ ამ დისაქარიდის აუტანლობა გაწუხებდეთ.
ეს მუცლის ტკივილსაც იწვევს, რადგან ნაწლავში ბაქტერიებს ლაქტოზის გადამუშავება უჭირთ, იქ ამისთვის საჭირო ფერმენტი ნაკლებად გამოიყოფა ან ფრუქტოზას ვერ შთანთქავთ, შაქარს, რომელიც ბევრ საკვებში გვხვდება.
3. პანკრეატიტი
როგორც უკვე ვახსენეთ, გარკვეულ ზღვრამდე კუჭ-ნაწლავში აირის დაგროვება და გამოთავისუფლება ნორმალურია, თუმცა თანდართული ღებინება, სიცხე და შებერილობა კარგის ნიშანი ნამდვილად არაა.
ხსენებული სიმპტომები პანკრეატიტს ახასიათებს, ანუ პანკრეასში მიმდინარე ანთებით პროცესს. ეს ჯირკვალი საჭმლის მონელებაში მონაწილეობს, ხოლო მისი გაღიზიანებისას ჭარბი აირი ხშირია.
4. პეპტიკური წყლული
პეპტიკური წყლული შეიძლება ბაქტერიამ გამოიწვიოს და მუცლის მწვავე ტკივილით გამოვლინდეს. ეს უკანასკნელი დროდადრო იჩენს თავს და რამდენიმე წუთის განმავლობაში ან საათობით გრძელდება. როგორც წესი, ასეთ დისკომფორტს მაშინ გრძნობენ, როცა კუჭი ცარიელია. თანმხლებ სიმპტომებს შორისაა ღებინება, შებერილობა, აირთან დაკავშირებული ტკივილი და წონის კლება.
მსგავსი წყლული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერ ნაწილში ჩნდება, უფრო ხშირად კი — მუცლის შიდა საფარველში, წვრილი ნაწლავის დასაწყისსა და საყლაპავ მილში. ის მარტივად იკურნება, თუმცა სერიოზული გართულებებიც არაა გამორიცხული, ამიტომ საეჭვო ნიშნები საყურადღებოა.
5. ცელიაკია
ცელიაკია ავტოიმუნური დაავადებაა, რომლის სიმპტომებიც მწვავე დიარეა, უჩვეულო ექსკრემენტები და წონის კლებაა. ამის მიზეზი გლუტენზე, ანუ მარცვლეულში არსებულ ცილაზე ორგანიზმის იმუნური რეაქციაა, რომლის გამოც ნაწლავის საფარველი იცვლება, საკვების გადამუშავებას უშლის ხელს და აირს წარმოქმნის.
თუ ცელიაკიას არ უმკურნალებთ, მას თქვენი ნაწლავების დაზიანება შეუძლია, დიაგნოსტირების შემდეგ კი რაციონიდან გლუტენის შემცველი პროდუქტი უნდა ამოიღოთ.
6. აპენდიციტი
მუცლის ტკივილი აპენდიციტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, რომელიც ბრმა ნაწლავის გაღიზიანების შედეგია. სხვა თანმდევ ნიშნებს შორისაა აირის გამოთავისუფლების პრობლემები, ღებინება, სიცხე და ყაბზობა.
აპენდიციტი მეტწილად გარდატეხის ასაკში ან უფრო მოზრდილებში იჩენს თავს და უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში, სერიოზული გართულებებიც მოჰყვება. მსგავსი პრობლემის აღმოჩენისას, ბრმა ნაწლავის ამოჭრა ხდება საჭირო.
7. ნაღვლის ბუშტის პრობლემები
კუჭ-ნაწლავში ზედმეტი აირი შესაძლოა, ნაღვლის ბუშტის პრობლემებთან იყოს დაკავშირებული, მითუმეტეს, თუ მას ქრონიკული დიარეა, გულისრევა და მუცლის ტკივილი ახლავს თან. ასეთი პრობლემებია კენჭები ან ანთებითი პროცესი.
ზოგჯერ ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობას სიმპტომები სულაც არ აქვს, მაგრამ ნებისმიერი საეჭვო ნიშნის გამოვლენისთანავე, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
8. დივერტიკულიტი
საჭმლის მომნელებელ სისტემაში აირის დაგროვება, რასაც მუცლის ქვედა მარცხენა მხარეს ტკივილიც ერთვის, შესაძლოა, დივერტიკულიტზე მიანიშნებდეს. ეს უკანასკნელი მსხვილი ნაწლავის ღრუების ანთებაა.
ამის შედეგად ზოგჯერ მუცლის შებერილობა, ტკივილი, სპაზმები და ყაბზობა ვითარდება. რა თქმა უნდა, ამ პრობლემის მკურნალობაც აუცილებელია, რადგან არაა გამორიცხული, რომ რთულ ფორმებში გადაიზარდოს.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები