მეცნიერებმა კაცობრიობის ისტორიაში უძველესი წინადადება აღმოაჩინეს და ის ტილებს ეხება
როგორც ჩანს, 3700 წლის წინ ტილებისაგან მაღალი საზოგადოების წამომადგენლებიც იტანჯებოდნენ...
პირველი ანბანი დაახლოებით ძვ.წ 1800 წელს შექმნეს და მას ქანაანელები იყენებდნენ. მიუხედავად ამისა, აქამდე ისრაელის მიწაზე აზრიანი ქანაანური წარწერა აღმოჩენილი არ იყო და მკვლევრები მხოლოდ აქაიქ აღმოჩენილი 2-3 სიტყვით ხელმძღვანელობდნენ. ახალი, ძვ.წ 1700 წლით დათარიღებული გასაოცარი აღმოჩენა კი ქანაანურ ენაზე სრულ წინადადებას გვთავაზობს. წარწერა ამოკაწრულია სპილოს ძვლის პატარა სავარცხელზე და არც მეტი, არც ნაკლები, ტილების საწინააღმდეგო შელოცვას მოიცავს.
სავარცხელი იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტისა (HU) და სამხრეთის ადვენტისტური უნივერსიტეტის გაერთიანებულმა ჯგუფმა, პროფესორ იოზეფ გარფინკელის, მაიკლ ჰეიზელისა და მარტინ კლინგბეილის მეთაურობით ისრაელში, თელ-ლაქიშში აღმოაჩინა. წარწერა ეპიგრაფისტმა დანიელ ვაინსტუბმა გაშიფრა ბენ გურიონის უნივესიტეტში (BGU).
კვლევა გამოქვეყნდა აკადემიურ ჟურნალში Jerusalem Journal of Archaeology.
ასოები სპილოს ძვალზე ძალიან ზედაპირულად არის ამოკაწრული. ამაზე მეტყველებს ის, რომ სავარცხელი 2017 წელს ამოთხარეს, თუმცა მასზე წარწერის შემჩნევა მხოლოდ 2022 წელს გახდა შესაძლებელი.
თავად სავარცხელი მცირე ზომისაა, დაახლოებით 3.5სმX2.5სმ და კბილები ორივე მხარეს აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მათი მხოლოდ ძირები ჩანს, სავარაუდოდ ეს კბილები ნივთმა ძალიან დიდი ხნის წინ დაკარგა. ცენტრალური ნაწილი გაცვეთილია, სავარაუდოდ თმის დავარცხნისას ან ტილების მოშორებისას თითების მოჭერისგან. სავარაუდოდ, ერთ მხარეს არსებული 6 მოზრდილი, სქელი კბილი თმის ხვეულების გასახსნელად იყო განკუთვნილი, ხოლო მეორე მხარეს 14 ნაზად გამოყვანილი, მჭიდრო კბილანა ტილების მოსაშორებლად გამოიყენებოდა (ზუსტად ისე, როგორც ყველასათვის კარგად ცნობილი ორმხრიანი პლასტმასის სავარცხელი, რომელიც დღემდე ანალოგიური მიზნით გამოიყენება).
სავარცხელზე 17 ქანაანური ასოა, რომელთა ფორმაც არქაულია, რაც გვაფიქრებინებს, რომ ნივთი ანბანის შექმნის ადრეულ ეტაპზეა დამზადებული. ეს ასოები 7 ქანაანურ სიტყვას ქმნის, რომელიც დაახლოებით შეიძლება ასე ითარგმნოს: "დაე, ამან ამოძირკვოს ტილები თმიდან და წვერიდან".
"ეს ქანაანურ ენაზე შესრულებული პირველი წინადადებაა, რომლის აღმოჩენაც ისრაელში შევძელით. ქანაანელები სირიაში, უგარითშიც გვხვდებოდნენ, თუმცა ისინი განსხვავებულ ანბანს იყენებდნენ, არა იმას, რომელიც დღემდე გამოიყენება. ქანაანური ქალაქების შესახებ მოთხრობილია ეგვიპტურ დოკუმენტებში, ებრაულ ბიბლიასა და აქადურ ენაზე დაწერილ ამარნას წერილებში. სავარცხლის წარწერა მთელი 3700 წლის წინ დამწერლობის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების პირდაპირი მტკიცებულებაა", — განაცხადა გარფინკელმა.
უძველეს სავარცხლებს ხისგან, ძვლისგან ან სპილოს ძვლისგან ამზადებდნენ. ვინაიდან იმ პერიოდში ქანაანის ტერიტორიაზე სპილოს ვერ შევხვდებოდით, მისი ეშვი ძალიან ძვირადღირებული მასალა იყო, შესაბამისად, მისგან დამზადებული ნივთი ფუფუნების საგანს წარმოადგენდა. სავარაუდოდ, ეს სავარცხელი ქანაანში მეზობელი ეგვიპტიდან მოხვდა. როგორც ჩანს, ტილებისაგან მაღალი საზოგადოების წამომადგენლებიც იტანჯებოდნენ.
მიუხედავად მცირე ზომისა, სავარცხლის წარწერა უამრავ მნიშვნელოვან ინფორმაციას ატარებს, რომელიც დაეხმარება მეცნიერებას, ამოავსოს ბრინჯაოს ხანის ქანაანის კულტურული ასპექტების ცოდნის სფეროში არსებული უფსკრულები. ისტორიაში პირველად, ჩვენს ხელშია სრული წინადადება, რომელიც დაწერილია ლაქიშის ქანაანური მოსახლეობის დიალექტზე, რაც გვაძლევს საშუალებას, შევადაროთ ის სხვა წყაროებს. გარდა ამისა, აღმოჩენა იმ პერიოდის ყოველდღიური ცხოვრების ასპექტებზეც გვაწვდის ინფორმაციას.
ლაქიში ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულში დიდი ქანაანური ქალაქი იყო, რომელიც ბიბლიურ იუდეაში მნიშვნელობით მხოლოდ იერუსალიმს ჩამოუვარდებოდა. დღემდე ლაქიშში ათი ქანაანური წარწერაა ნაპოვნი, მეტი ვიდრე ისრაელის სხვა ნაწილებში. თელ-ლაქიში დღეს ისრაელის მიერ დაცული ტერიტორიაა.
კომენტარები