514 მილიონი წლის წინანდელმა ნამარხებმა ჩონჩხის წარმოქმნის საიდუმლოს მოჰფინა ნათელი
მეცნიერებმა ჩინეთში მდებარე იუნანის პროვინციაში ნამარხებს მიაკვლიეს, რომლებიც 514 წლის წინ მცხოვრებ ორგანიზმებს ეკუთვნის. ისინი პირველი ცხოველები იყვნენ, რომლებსაც მყარი ჩონჩხი ჩამოუყალიბდათ, რაც მრავალი საუკუნის განმავლობაში არსებულ ევოლუციურ თავსატეხს ჰფენს ნათელს.
მსგავსი ადრეული ნიმუშების უმეტესობას რამდენიმე მილიმეტრიდან რამდენიმე სანტიმეტრამდე სიგრძის ღრუიანი მილისებრი სტრუქტურა აქვს. მათი იდენტიფიცირება მხოლოდ დღემდე მოღწეული რბილი ქსოვილების შესწავლის გზით მოხერხდა. აქამდე მსგავსი შესაძლებლობა მეცნიერებს არ ჰქონიათ.
"ეს აღმოჩენა მართლაც მილიონში ერთია. მსგავსი იდუმალებით მოცული მილები ხშირად ასობით ორგანიზმისგან შედგენილ ჯგუფებში გვხვდება, მაგრამ აქამდე ისინი პრობლემურ ნამარხებად მიიჩნეოდა, რადგან მათი იდენტიფიცირება არ შეგვეძლო",— აცხადებენ სპეციალისტები.
ეს არსებები Gangtoucunia-ს სახელით ცნობილ გვარში ერთიანდებიან, მათი მსგავსი მახასიათებლები კი თანამედროვე მედუზებში, ზღვის ანემონებსა და სხვა ამგვარ ორგანიზმებში შეინიშნება. მკვლევართა თანახმად, ისინი სციფოიდურ მედუზათა პოლიპებს ჰგავდნენ და საცეცებიანი პირი ჰქონდათ. საჭიროების შემთხვევაში, წანაზარდები მტაცებლებისგან თავის დასაცავად მილისებრ ღრუში შედიოდა, ისე კი, სავარაუდოდ, საკვების მოსაპოვებლად გამოიყენებოდა.
თავად მილი კალციუმის ფოსფატისგან იყო შედგენილი, რომელიც ჩვენს კბილებსა და ძვლებშიცაა, თუმცა მედუზებში არ გვხვდება. დროთა განმავლობაში ის ცხოველთა ჩონჩხში ნაკლებად გავრცელებული კომპონენტი გახდა.
ახალი ნამარხები ეჭვქვეშ აყენებს მოსაზრებას, რომ Gangtoucunia რამენაირად რგოლოვან ჭიებს უკავშირდება, რადგან ამ არსებების სხეული ხსენებული ჭიების მსგავსად დანაყოფებიანი არ იყო.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the Royal Society B გამოქვეყნდა.
კომენტარები