NASA-ს სიმულაციაში კაცობრიობამ დედამიწა ასტეროიდთან შეჯახებისგან ვერ იხსნა
წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღესაც დედამიწისკენ მომავალი 70-მეტრიანი ასტეროიდი, პირობითი სახელით TTX22 აღმოვაჩინეთ, თუმცა კატასტროფის შესაჩერებლად ძალიან ცოტა დრო გვაქვს. რა მოხდება?
NASA-ს პლანეტური თავდაცვის საკოორდინაციო სამსახურის ახალი სიმულაცია სპეციალისტებმა სწორედ ამ სცენარზე ააგეს. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ეს ასტრონომიული სხეული ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში შემოიჭრა. კოსმოსური ობიექტი აშშ-ს ქალაქ უინსტონ-სეილემის თავზე აფეთქდა და 10 მეგატონა ტროტილის ეკვივალენტური ენერგია გამოათავისუფლა. მსგავსი რამ სინამდვილეში რომ მომხდარიყო, მთელ ქალაქსა და მის მიმდებარე ტერიტორიას გაანადგურებდა, ათასობით ადამიანი კი დაიღუპებოდა.
საბედნიეროდ, ეს მხოლოდ რიგით მეოთხე ამგვარი სიმულაცია გახლდათ, რომელიც მიზნად ისახავდა გაგვერკვია, რამდენად შეგვიძლია ასეთ სიტუაციასთან გამკლავება. მასში მონაწილეობა 16 ფედერალურ, სახელმწიფო და ადგილობრივ ორგანიზაციაში მომუშავე 200-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. უნდა აღინიშნოს, რომ ამოცანა ძალზე რთული, პრაქტიკულად გადაუჭრელი იყო.
"მონაწილეები შეჯახების თავიდან ასაცილებლად ვერაფერს იზამდნენ. ჩვენ გვსურდა გაგვერკვია, რამდენად ეფექტიანია აშშ-ის სააგენტოებსა და საქმეში ჩართულ სხვა ორგანიზაციებს შორის კომუნიკაცია თუ ქმედითი ნაბიჯები და პრობლემები გამოგვევლინა", — ამბობენ სიმულაციის ავტორები.
დადგინდა, რომ მსგავსი მცირე ზომის და სწრაფი ასტეროიდების დროულად დაფიქსირება გაგვიჭირდება და ასეც რომ არ იყოს, შეჯახების შეჩერება უფრო დიდი გამოწვევაა. ამისთვის ბირთვული იარაღის გამოყენება კი რისკის შემცველია. დამატებითი პრობლემა მოსალოდნელი დეზინფორმაციაა, რაც ხელის შემშლელი იქნება.
ასევე, გასათვალისწინებელია, რომ მისიისთვის მომზადებას გარკვეული დრო და შესაბამისი კოსმოსური ხომალდები სჭირდება, რომლებიც ასეთი შემთხვევისთვის მზადყოფნაში არ გვაქვს. მაგალითისთვის, ზემოხსენებული ასტეროიდის ტრაექტორიის შესაცვლელად სულ მცირე 12 კინეტიკური აპარატი იქნებოდა აუცილებელი, დაახლოებით ისეთი, როგორიც ახლახან მისია DART-ში ამავე მიზნისთვის გამოვიყენეთ. ცნობისთვის, ამ უკანასკნელის იდეიდან განვითარებასა და განხორციელებას 5 წელზე მეტი მოვანდომეთ.
რაც შეეხება პლუსებს, NASA-ს მიერ ინფორმაციის გავრცელება და სააგენტოებს შორის კომუნიკაცია/კოორდინაცია სპეციალისტებმა დადებითად შეაფასეს. მათ დაასკვნეს, რომ საქმეში ჩართული პირები სამეცნიერო მონაცემებით არ უნდა გადაიტვირთონ, რათა ამის გადამუშავებამ ზედმეტი დრო არ წაიღოს, საზოგადოებასთან კომუნიკაციისთვის კი ისეთი ადამიანი უნდა შეარჩიონ, რომელსაც ხალხი ენდობა.
ყველაზე დიდი პრობლემა მაინც დროის ნაკლებობა აღმოჩნდა. სპეციალისტების თქმით, 10 წელი მსგავსი შემთხვევისთვის მოსამზადებლად საკმარისია, ხოლო 30 წელი — იდეალური. ასეა თუ ისე, DART-ის მისიამ აჩვენა, რომ პლანეტური თავდაცვის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმულია და წარმატების მიღწევა შესაძლებელია.
კომენტარები