ლაბორატორიული სისხლი? — ისტორიაში პირველად, ხელოვნური ერითროციტები ადამიანებზე გამოცადეს
წარმატების შემთხვევაში, ეს სისხლის იშვიათი დაავადებების დამარცხებას ძალიან გაამარტივებს
მსოფლიოში პირველი კლინიკური ცდის ფარგლებში, ბრიტანელმა მეცნიერებმა ლაბორატორიაში გაზრდილი სისხლის წითელი უჯრედები მოხალისეების ორგანიზმში შეუშვეს. ცდას შეუძლია, რევოლუციური ცვლილებები შეიტანოს ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიისა და თალასემიის მკურნალობის მეთოდიკაში.
სისხლის უჯრედები დონორების ღეროვანი უჯრედებიდან გაზარდეს, რაც სამომავლოდ შესაძლებელს გახდის, დონორის მოწოდებული მცირე რაოდენობით სისხლი გადასხმამდე რამდენიმეჯერ გამრავლდეს. ამჟამად კვლევის მიზანი ლაბორატორიაში გამოზრდილი ერითროციტების სიცოცხლის ხანგრძლივობის შესწავლაა იმავე დონორის სისხლის ბუნებრივ წითელ უჯრედებთან კონტრასტში.
"ეს გამოწვევებით სავსე და გასაოცარი ცდა გიგანტური ნახტომია ღეროვანი უჯრედების საშუალებით სისხლის წარმოების საქმეში. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ლაბორატორიაში გამოყვანილი სისხლის გადასხმა მოხდა და ჩვენც აღტაცებით ველით, თუ როგორი შედეგი ექნებათ ამ უჯრედებს ცდის დასასრულს", — განაცხადა ბრისტოლის უნივერსიტეტის პროფესორმა, მკვლევარმა ეშლი ტოიმ.
ბრისტოლის უნივერსიტეტისა და NHS Blood-ის პროექტ Restore-ის ფარგლებში, ორ ჯანმრთელ მოხალისეს ლაბორატორიაში შექმნილი ერითროციტები შეუყვანეს. ნეგატიური გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა.
ამ ეტაპზე, ახლო მომავლის ორი უპირატესობა იკვეთება: პირველ რიგში, ამ მიდგომის გამოყენებით დაიძლევა დონორების დეფიციტი სისხლის იშვიათი ჯგუფის მქონე ადამიანებისათვის, რომელთაც რეგულარული გადასხმა ესაჭიროებათ ისეთი დაავადებების გამო, როგორიც ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია და თალასემიაა.
მეორე, რაც უფრო საინტერესოა, ლაბორატორიის სისხლი, მკვლევრების აზრით, უფრო დიდ ხანს გაძლებს, ვიდრე ბუნებრივად შექმნილი. ერითროციტების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 120 დღეა, დონორის მიერ გადასხმული სისხლი კი სხვადასხვა ასაკის უჯრედებს შეიცავს. თუ კვლევა წარმატებული იქნება, ლაბორატორიული სისხლის გადასხმა პაციენტს შედარებით იშვიათად დასჭირდება, რაც ჰემოსიდეროზს (რკინის ჭარბ დაგროვებას) აარიდებს თავიდან.
"იმედი გვაქვს, ჩვენი ლაბორატორიის ერითროციტები უფრო დიდ ხანს იცოცხლებენ ვიდრე ისინი, რომელსაც სისხლის დონორებისგან ვიღებთ. თუ ჩვენი უპრეცედეტო ცდა წარმატებული იქნება, ეს ნიშნავს, რომ პაციენტებს, რომელთაც მუდმივი გადასხმა სჭირდებათ, მკურნალობა უფრო გაუმარტივდებათ", — განაცხადა კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა სედრიკ გევარტმა.
სისხლის ისეთი დაავადებების მქონე ადამიანებს, როგორიც ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია და თალასემიაა, სისხლის რეგულარული გადასხმა სჭირდებათ. ზოგ შემთხვევაში ეს ყოველ ოთხ კვირაშია საჭირო. დამატებითი პრობლემა კი დონორების სიმცირეა ფერადკანიან და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საზოგადოებებში.
ლაბორატორიაში სისხლი დონორის ნიმუშიდან აღებული ზრდასრული ღეროვანი უჯრედებისგან გამოყავთ, რომლებსაც შესაბამის გარემოში 18-21 დღის განმავლობაში ამყოფებენ.
უჯრედები, რომლებიც მოხალისეთა ორგანიზმში შეიყვანეს მონიშნულია, რათა ექვსი თვის შემდეგ აღებულ ანალიზებში სხვა უჯრედებისგან გაარჩიონ.
კვლევის კიდევ 10 მონაწილე 4 თვის ინტერვალით ორ მინი გადასხმას გაიკეთებს, ერთ შემთხვევაში გადაისხამს ჩვეულებრივ, დონორისგან მიღებულ სისხლს, მეორე შემთხვევაში კი ლაბორატორიულს, რათა საბოლოოდ დადასტურდეს, რომელი უჯრედები უფრო დიდ ხანს ცოცხლობენ.
რამდენიმე თვეში საბოლოოდ გვეცოდინება, გაამართლა თუ არა ამ ამბიციურმა პროექტმა, თუმცა პირველადი ცდების წარმატება და თეორიული გამართულობა გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ სისხლის იშვიათი დაავადებების დამარცხებას უფრო და უფრო ვუახლოვდებით.
ცდების დეტალები ბრისტოლის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა.
კომენტარები