ჰარი პოტერის ბლოკბასტერი სერიის შემქმნელ კინოკომპანიას Warner Bros. ფრენჩაიზისთვის ახალი ფილმების შექმნა სურს. კომპანიაში, სადაც ამ წლის გაზაფხულზე რეორგანიზაცია მოხდა და Warner Bros. Discovery ჩამოყალიბდა, სამომავლოდ სხვა ცნობილი სერიების გაგრძელებაზეც ფიქრობენ.

"ვაპირებთ, ფრენჩაიზებზე ვკონცენტრირდეთ", — ამბობს კინოკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ზასლავი, — "13 წელია, სუპერმენის ახალი ფილმი არ გადაგვიღია. 15 წელია, ჰარი პოტერს არ შევხებივართ. DC-ისა და ჰარი პოტერის ფილმებმა კი ბოლო 25 წლის განმავლობაში Warner Bros.-ს დიდი სარგებელი მოუტანა".

ზასლავის თქმით, ისურვებდნენ, ჰარი პოტერის ახალი ფილმები გადაეღოთ, თუკი ამაზე ჯადოსნური სამყაროს შემქმნელი ჯოან როულინგი თანახმა იქნება.

ფოტო: Warner Bros.

Warner Bros.-ში შექმნილი ჰარი პოტერის ფილმები 2001-დან 2011 წლამდე პერიოდში გამოვიდა. რვავე ფილმის შემოსავალმა, ჯამში, $7,7 მილიარდს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით კომპანიამ როულინგთან ისევ ითანამშრომლა და ჯადოსნური ცხოველების ფრენჩაიზისთვის 5 ფილმის შექმნა დაგეგმა. ამ დროისთვის მათგან მხოლოდ სამია გამოსული.

რადგან ბოლო წლებში ბრიტანელი მწერალი და ჰარი პოტერის ავტორი, ჯოან როულინგი, ტრანსფობიის ბრალდებით არაერთხელ იქცა კრიტიკის სამიზნედ, ზოგი ფიქრობდა, რომ Warner Bros.-სა და მას შორის ურთიერთობა დაიძაბა. თუმცა, ეს მოსაზრება ორივე მხარემ უარყო.

სხვათა შორის, 2016 წელს როულინგმა ასევე ითანამშრომლა დრამატურგთან და თეატრის რეჟისორთან, რათა პოტერიადის გაგრძელება, პიესა და სპექტაკლი ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი შექმნილიყო. მოგვიანებით, ჰარი პოტერის პირველი ფილმის რეჟისორმა, კრის კოლამბუსმა, სურვილი გამოთქვა, პიესის კინოადაპტაცია გადაეღო.

ნახეთ ჩვენი ყველა მასალა ჰარი პოტერზე.