კომერციული თევზჭერის ბნელი მხარე — კვლევა
წყალში ყოველწლიურად მოხვედრილი სათევზაო წნულები და ბადეები რომ შეგვეერთებინა, მიღებული თოკი დედამიწას 18-ჯერ შემოეხვეოდა...
ოკეანეში კომერციული სათევზაო ინდუსტრიის "დამსახურებით" ყოველწლიურად მილიარდობით კაუჭი, მილიონობით ხაფანგი, ასობით ათასი კილომეტრი წნული და სათევზაო ბადე ხვდება. წყალქვეშ მოხვედრილი ამ სათევზაო ინვენტარის მსხვერპლი თევზები და ამ ეკოსისტემის სხვა მკვიდრები ხდებიან, რასაც ხშირად ტერმინ მოჩვენებითი თევზაობით (Ghost Fishing) მოიხსენიებენ.
ამ ინსტრუმენტების მიერ შექმნილი პრობლემა ემატება ოკეანის დაბინძურების ისედაც უზარმაზარ პრობლემას, რომელიც დიდი ხანია საფრთხეს უქმნის მსოფლიოს ველურ ბუნებას.
ავსტრალიელი მკვლევრების კვლევის მიხედვით, წყალში ყოველწლიურად მოხვედრილი სათევზაო წნულები და ბადეები რომ შეგვეერთებინა, მიღებული თოკი დედამიწას 18-ჯერ შემოეხვეოდა.
კვლევა
"მონაცემები, რომელიც ამ კვლევის საწარმოებლად დაგვჭირდა, თავად მეთევზეებისაგან მოვიპოვეთ, რომლებიც გვისახელებდნენ დაკარგული ინვენტარის მიახლოებით რაოდენობას". — განაცხადა კელსი რიჩარდსონმა, საზღვაო სოციოეკოლოგისტმა ტასმანიის უნივერსიტეტიდან
რიჩარდსონმა და მისმა კოლეგებმა 7 ქვეყანაში 450 მეთევზე გამოკითხეს მათ მიერ ყოველწლიურად დაკარგული ინვენტარის შესახებ, რომელსაც შეიძლება წყალქვეშა სიცოცხლე საფრთხეში ჩაეგდო.
კვლევის მიხედვით, პროპორციულად მეტი ინვენტარი მცირე თევზსაჭერი გემებიდან იკარგება, ვიდრე დიდი ხომალდებიდან, რადგან ამ უკანასკნელთა უმრავლესობა უკეთესი ნავიგაციითა და სათევზაო ინვენტარითაა შეიარაღებული, რაც დანაკარგებს ამცირებს.
ბევრად ხშირია ტრალის ტიპის ბადეების დაკარგვა, რადგან ეს უკანასკნელი ფსკერს ეხება. შედარებით იშვიათად იკარგება საშუალო სიღრმისათვის განკუთვნილი ბადეები. მიუხედავად იმისა, რომ ტრალით თევზაობა ბევრად საზიანოა ველური ბუნებისთვის, ის ძალიან მომგებიანია, რადგან თევზის საერთო მიწოდების თითქმის მეოთხედი სწორედ მასზე მოდის.
ინვენტარის დაკარგვაზე ხშირად ცუდი ამინდიც ახდენს გავლენას.
მკვლევართა ჯგუფის გამოთვლებით, თუ ტემპი შენარჩუნდება, დაახლოებით 65 წელიწადში ოკეანეში იმდენი ბადე იქნება, რომ თავისუფლად ეყოფა დედამიწის დაფარვას. სიტუაციას უფრო ამძიმებს ის, რომ კვლევაში გათვალისწინებული არ არის რეკრეაციული თევზჭერა.
წყალქვეშა ეკოსისტემას მრავალი ტიპის ნარჩენმა შეიძლება შეუქმნას საფრთხე, თუმცა სათევზაო ინვენტარი მთავარი პრობლემაა, რადგან ის იმისთვის არის შექმნილი, რომ ცხოველი დაიჭიროს და მოკლას, შესაბამისად, საუკეთესოდ ეს სწორედ მას გამოსდის.
Ghost fishing განსაკუთრებულად სახიფათოა გადაშენების პირას მყოფი სახეობებისთვის, რადგან ის შერჩევითად არ მოქმედებს. მისი მსხვერპლი ზვიგენები და სკაროსებიც ხშირად ხდებიან, რომელთა რიცხვიც ბოლო 50 წელიწადში 70%-ით შემცირდა.
2019 წლის კვლევაში მოყვანილი იყო 1 000-ზე მეტი შემთხვევა, როცა ინვენტარში ზვიგენები და სკაროსები გაეხვნენ.
"კვლევის ერთ-ერთი მაგალითი იყო მაკო ზვიგენი, რომელიც სათევზაო თოკში გაეხვა. როგორც ჩანს, შემთხვევის შემდეგ ზვიგენმა ზრდა გააგრძელა, რის გამოც თოკი ჩავიდა სხეულში და ხერხემალი დააზიანა. ეს ცხოველთა ჯანდაცვის საკითხია, რადგან მას ტკივილის, ტანჯვისა და სიკვდილის გამოწვევა შეუძლია". — განაცხადა საზღვაო ბიოლოგმა კრისტიან პარტონმა.
მკვლევრები თხოვენ ადამიანებს, რომ ასეთი ცხოველის შემჩნევის ყოველი შემთხვევა შეატყობინონ.
კარგი ამბავი ის არის, რომ სათევზაო ინვენტარის დანაკარგის მასშტაბები 2019 წელს გაკეთებულ ვარაუდებზე ნაკლებია.
"გაიზარდა მონდომება, ისევე როგორც განვითარდა თევზსაჭერი ტექნოლოგიები, მათ შორის ისეთი, რომელსაც დაკარგული ინვენტარის მოძებნა და დაბრუნება შეუძლია. ჩვენი განახლებული ვარაუდები გვეხმარება ხაზი გავუსვათ პრობლემურ მიმართულებებს, რათა თევზჭერის მენეჯმენტს შევუწყოთ ხელი, რაც ინვენტარის ოკეანეში დაკარგვას შეაფერხებს." — განაცხადა რიჩარდსონმა
მიუხედავად იმედისმომცემი ტენდენციებისა, ოკეანის დაბინძურება მაინც გრძელდება და რჩება მნიშვნელოვან პრობლემად, საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი როგორც კომერციული, ისე რეკრეაციული თევზჭერის დონეზე პიროვნულ პასუხისმგებლობამდე დადის.
კომენტარები