ბილ გეიტსის მიერ დაფინანსებული სტარტაპი ალკოჰოლს თვითმფრინავის საწვავად აქცევს
ეს იქნება პირველი საწარმო, რომელიც ალკოჰოლს საავიაციო ბიოსაწვავად აქცევს, რაც ჩვეულებრივ საწვავთან შედარებით, სათბურის აირების გამოყოფას 70%-ით შეამცირებს.
2015 წელს ბილ გეიტსმა Breakthrough Energy დააარსა, ცოტა ხნის წინ კი გამოაცხადა, რომ Catalyst-ის პროექტის ფარგლებში პირველ 50 მილიონ დოლარს დაფინანსების სახით კომპანია Lanzajet-ის ინიციატივა Freedom Pines Fuels მიიღებს, რომელმაც სოპერტონში, ჯორჯიას შტატში, საავიაციო ბიოსაწვავი (SAF) უნდა აწარმოოს.
Breakthrough Energy Catalyst (BEC) უნიკალური პროექტია, რომლის მიზანიც კომერციული მასშტაბის ინოვაციური პროექტების დასაფინანსებლად და, შესაბამისად, ტექნოლოგიური პროგრესის დასაჩქარებლად ბიზნესებსა და არაკომერციული ორგანიზაციების გაერთიანებაა.
"Breakthrough Energy Catalyst კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს დააჩქარონ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის მოხმარებაზე გადასვლა ისეთი პროექტების დაფინანსებით, რომლებიც მაქსიმალურად მცირე დროში უზრუნველყოფენ კლიმატის პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული პროდუქტის ბაზარზე მოხვედრას. LanzaJet-ის ბიოსაწვავის საწარმოს შეუძლია, ითამაშოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი ავიაციის დეკარბონიზაციაში და ანახოს, თუ როგორ შეუძლია სუფთა ენერგიის ეკონომიკის სამუშაო ადგილებსა და ბიზნესებს საზოგადოების გაძლიერება. ჩვენ Catalyst-ის პარტნიორების მადლობელები ვართ. მათ ესმით, რომ კლიმატის ცვლილებებთან გამკლავება ნიშნავს ისეთი ტექნოლოგიების მხარდაჭერას, რომელიც გააქრობს ნახშირბადის ემისიას და რომ ნულოვანი ემისიის მომავლის მისაღწევად აუცილებელია მთელი მსოფლიოს ეკონომიკური ძრავის მობილიზაცია", — განახცადა Breakthrough Energy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა როდი გუიდერომ
Freedom Pines Fuels LanzaJet-ის პირველი კომერციული SAF (Sustainable Aviation Fuel) პროექტია. გარდა ამისა, ეს იქნება პირველი საწარმო, რომელიც ალკოჰოლს საავიაციო ბიოსაწვავად აქცევს, რაც ჩვეულებრივ საწვავთან შედარებით, სათბურის აირების გამოყოფას 70%-ით შეამცირებს. პროექტი 2023 წლისთვის უნდა დასრულდეს.
პოტენციურად ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი იდეაა, რადგან მსოფლიოში ყოველწლიურად გაფრქვეული სათბური აირების 2-3% ავიაციაზე მოდის. ვინაიდან SAF განახლებადი საწვავია (drop-in fuel), ის ნახშირბადის ემისიის სწრაფად შესამცირებლად ძალიან ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.
სრულად ამუშავების შემდეგ ქარხანა SAF-ის წარმოებისა და ბაზარზე შედარებით იაფი საწვავის შეტანის პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იქნება. გეგმის თანახმად, აქ ყოველწლიურად 9 მილიონი გალონი SAF-ისა და 1 მილიონი გალონი განახლებადი დიზელის წარმოება იგეგმება. ეს მთელ აშშ-ში ყოველწლიურად წარმოებულ რაოდენობაზე ორჯერ მეტია. გარდა ამისა, იგეგმება პროექტის გაფართოება ევროპასა და აზიაში, სანამ წარმოება ყოველწლიურ მილიარდ გალონს არ გადააჭარბებს.
ცნობილია, რომ ინოვაციური ტექნოლოგიების პროექტებს ხშირად აქვთ კაპიტალის მოზიდვის პრობლემა, რადგან ხშირად აწყდებიან დამატებითი, გაუთვალისწინებელი ხარჯების პრობლემებს, განსაკუთრებით თანამედროვე ეკონომიკური კლიმატის არასტაბილურობის პირობებში. Catalyst სწორედ ამ საინვესტიციო რისკების აღმოფხვრას ემსახურება, რათა თანდათან ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების გავრცელება დააჩქაროს. ამ შემთხვევაში, გრანტი დაეხმარა Freedom Pines Fuels-ს დაფინანსების დანაკლისის ამოვსებაში და მისცა საშუალება, პროექტი გეგმის მიხედვით განვითარდეს.
აღსანიშნავია, რომ გრანტი SAF-ის სხვა ინვესტიციებსაც წაახალისებს, დაეხმარება რა ეთანოლის წარმოების ახალი ბაზრის შექმნას. გეგმის მიხედვით, წარმოების დაწყებიდან ხუთი წლის შემდეგ, ქარხანა ე.წ მეორე თაობის განახლებადი ეთანოლის წარმოებაზე გადავა. ეს ხელს შეუწყობს LansaJet-ის ჩანაფიქრს, რომ მსგავსი საწარმოები ბრიტანეთშიც ააშენოს და განვითარებული საწვავს წარმოების დასაჩქარებლად სტრატეგიული პარტნიორებიც დაიხმაროს.
"LansaJet ინოვაციებზეა დაფუძნებული და ჩვენ ყოველ დღე ვმუშაობთ, რათა გლობალური კლიმატის გამოწვევას ვუპასუხოთ. ცვლილებებზე ჩვენი გავლენისა და ჩვენი ტექნოლოგიების მასშტაბის მაქსიმალურად გასაზრდელად პარტნიორები აუცილებლად გვჭირდება. ჩვენ ახლა გვაქვს გლობალურად გავრცელების შანსი, რომელიც Breakthrough Energy-ის გარეშე არ გვექნებოდა. მან ჩვენი საერთო დანახარჯი შეამცირა", — განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯიმი სამარცისმა
SAF შეიძლება დამზადდეს სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებისგან, მყარი ნარჩენებისგან, ინდუსტრიული პროცესების მიერ გამოფრქვეული ნახშირბადითა და ა.შ. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ტრადიციული საავიაციო საწვავის შემცვლელად და, რაც ყველაზე მთავარია, ის შესაბამისობაშია დღესდღეობით არსებულ ავიაციასა და ინფრასტრუქტურასთან არ საჭიროებს დამატებით გადაწყობას.
ნავთობისგან დამზადებულ ტრადიციულ საწვავთან შედარებით, საავიაციო ბიოსაწვავი საგრძნობლად მცირე რაოდენობის აირებს გამოყოფს და ეს აირები ბევრად ნაკლებად საზიანოა.
LanzaJet-ის პროექტის დამფინანსებელთა შორის Breakthrough Energy-ის გარდა არიან აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრო, ბრისტანეთის ავიახაზები, Microsoft-ის კლიმატის ინოვაციის ფონდი, Mitsui & Co., Suncor Energy, LanzaTech და Shell. ახლა, როცა ფინანსური პრობლემები აღარ არსებობს, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ რამდენიმე წელიწადში განახლებადი საავიაციო ბიოსაწვავი ბაზრის მნიშვნელოვან წილს დაიკავებს და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში ერთ-ერთი აქტორი გახდება.
კომენტარები