ინოვაცია: ეს რობოთევზი პლასტმასს ჭამს და წყალს ასუფთავებს
რობოთევზი დაახლოებით ორაგულის ზომისაა და აქვს ლაყუჩები, რომელსაც ის ცურვის მომენტში წყლის გასაფილტრად იყენებს.
ვისაც Pixar-ის ლეგენდარული ანიმაცია WALL-E გახსოვთ და გიყვართ, შესაძლოა ამ სტატიის მთავარი გმირი გეცნოთ: სარის უნივერსიტეტის რობოტიკის შეჯიბრში გამარჯვებული რობოტი-თევზი, რომელსაც მიკროპლასტმასის გაფილტრვა შეუძლია, უკვე მზადაა.
20 ოქტომბერს გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით, რობოტიკის მკვლევრება რობოტი-თევზის იდეა რეალობად აქციეს.
"წყლის დაბინძურება, განსაკუთრებით პლასტმასით, ძალიან დიდი პრობლემაა. ეს არა მხოლოდ ოკეანეს, არამედ მდინარეებს, დინებებს, ტბებსა და ნაკადულებსაც ეხება, რაც პრობლემას უნივერსალური გადაჭრის არმქონედ აქცევს. ჩემი დიზაინი ფოკუსირებულია ფუნქციების მრავალფეროვნებაზე. რომელ არსებას შეუძლია წყალქვეშა პრობლემების მოგვარება თუ არა მას, რომელიც იქ ცხოვრობს?" — განაცხადა სარის უნივერსიტეტის სტუდენტმა, შეჯიბრში გამარჯვებულმა ელეანორ მაკინტოშმა.
რობოტი-თევზი დაახლოებით ორაგულის ზომისაა და აქვს ლაყუჩები, რომელსაც ის ცურვის მომენტში წყლის გასაფილტრად იყენებს.
"თევზი საკუთარ გარემოსთან ადაპტირებული არსებაა, ლაყუჩები კი ბუნების იდეალური მექანიზმია, რომელიც თევზს წყლიდან ჟანგბადის მიღებაში ეხმარება – შესაბამისად, ჩემი დიზაინი სწორედ მათი მიხედვით ავაგე იმ განსხვავებით, რომ ის მიკროპლასტმასს გაფილტრავს", — აცხადებს მაკინტოში
პლასტმასისმჭამელი რობოტი
პირღია რობოტი წყალში კუდის რხევით გადაადგილდება და კორპუსში, რომელიც ცარიელი ღრუა, შეაქვს მიკროპლასტმასით გაჯერებული წყალი.
როცა ცარიელი სივრცე ივსება, თევზი პირს ხურავს, და ზეწოლით ლაყუჩებიდან წყალს გარეთ უშვებს. ფილტრი, რომელიც ლაყუჩებშია მოთავსებული, უშვებს წყალს, თუმცა პლასტმასს თავისთვის იტოვებს.
50სმ-ის ზომის რობოტ-თევზს უკვე 2მმ-ის სიმცირის ნაწილაკების შემჩნევაც შეუძლია. IMU-თან (inertial measuring unit) ერთად, რომელიც საშუალებას გვაძლევს მისი მოძრაობა ვაკონტროლოთ, ის შეიარაღებულია სენსორებითაც, რომლის საშუალებითაც აფასებს წყალქვეშა ხილვადობის დონეს და შეუძლია ღამის განათების გამოყენებაც.
არსებული მოდელი სრულად დისტანციურად მართვადია.
სამომავლო ვერსიებს ბევრად მცირე ნაწილაკების დაჭერა შეეძლება, ექნება მეტად ჰიდროდინამიკური ფორმა, ძლიერი კუდი და დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობა.
კონკურსი
სარის უნივერსიტეტის რობოტების კონკურსი, რომელიც მაისში გამოცხადდა, საზოგადოებას მოუწოდებდა, გაეგზავნათ მცენარის ან ცხოველის რობოტების ესკიზები, რომელთაც ეკოსისტემისათვის სამსახურის გაწევა შეეძლებოდათ.
შეჯიბრში გამარჯვებული კონკურსანტის იდეა სარის უნივერსიტეტს რეალურ პროტოტიპად უნდა ექცია. საბოლოოდ, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტის, ელეანორ მაკინტოშის იდეამ გაიმარჯვა და რამდენიმე დღის წინ პლასტმასისმჭამელი თევზიც მივიღეთ.
"ჩვენ არ ვიცით, სად მიდის წყალში მოხვედრილი პლასტმასის უდიდესი ნაწილი. იმედი გვაქვს, ეს რობოთევზი და მისი შთამომავლები იქნებიან პირველი სწორად გადადგმული ნაბიჯი, რომელიც დაგვეხმარება პლასტმასით დაბინძურების პრობლემის გაკონტროლებაში", — განაცხადა სარის უნივერსიტეტის პროფესორმა რობერტ სიდალმა.
მიუხედავად იმისა, რომ მიკროპლასტმასისმჭამელი რობოტი-თევზის იდეა ახალი არ არის, ტექნოლოგია, რომელსაც მაკინტოშის მოდელი იყენებს, ნამდვილად ინოვაციურია.
ასევე იხილეთ: მკვლევრებმა თევზისებრი რობოტი შექმნეს, რომელიც წყლიდან მიკროპლასტმასას აგროვებს
სამწუხაროდ, გადაჭრით ვერ ვიტყვით, გაამართლებს თუ არა რობო-თევზი და გაივსება თუ არა ზღვები და ოკეანეები მიკროპლასტმასაზე მონადირე ავტონომიური რობოტებით, თუმცა ორი აზრი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ სიტუაცია საგანგაშოა.
კომენტარები