ოზონის შრე — როგორ ვიცავთ იმას, რაც თავად გვიცავს
დედამიწაზე სიცოცხლის წარმოქმნასა და შენარჩუნებას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი. ჩვენს პლანეტაზე მრავალფეროვანი ეკოსისტემების არსებობას იმ უნიკალურ პირობებს უნდა ვუმადლოდეთ, რომელიც აქაა. მათ შორისაა ატმოსფერო — ციური სხეულის აირადი გარსი, ურომლისოდაც, კოსმოსის რადიაციის გავლენით, ეს გარემო სულ სხვაგვარი იქნებოდა.
სწორედ იქ, ატმოსფეროს მეორე ფენაში, სტრატოსფეროში, დედამიწის ზედაპირიდან 12-35 კილომეტრ სიმაღლეზე, ოზონის შრე არის განლაგებული. აღნიშნულ რეგიონში ოზონის (O3) განსაკუთრებულად მაღალი კონცენტრაციაა, აირის, რომელიც მზისგან მომავალი მავნე რადიაციისგან გვიცავს, რასაც მისი შთანთქმის გზით ახერხებს.
მსგავსი გამოსხივება ცოცხალი ორგანიზმებისთვისა და მცენარეებისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი და ზიანის მომტანია, ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოზონის შრე ჩვენი სიცოცხლის სადარაჯოზე დგას. ამ სტატიაში მისი მნიშვნელობის, წარსულის, აწმყოსა და, რაც მთავარია, მომავლის შესახებ მოგიყვებით, რომელსაც ადამიანთა ქმედებები განსაზღვრავს.
ოზონის შრის ქიმია
პირველ რიგში, საინტერესოა, როგორ წარმოიქმნება ოზონი სტრატოსფეროში. ეს მაშინ ხდება, რომ მზის მაღალენერგიული ფოტონები, ანუ სინათლის ნაწილაკები ჟანგბადის მოლეკულების ქიმიურ ბმას არღვევს. ამ პროცესის შედეგად, ჟანგბადის ცალკეული ატომები გამოიყოფა და იმავე ელემენტის ხელუხლებელ მოლეკულებს უერთდება. ასეთი რეაქციების მეშვეობით O3-ს ვიღებთ, რომელიც ჩვენი პლანეტის ბიოსფეროს ფარივით აკრავს გარს.
დაახლოებით 2 მილიარდი წლის წინ ატმოსფეროში ჟანგბადის მზარდმა კონცენტრაციამ იქ ოზონის დიდი რაოდენობით დაგროვებას შეუწყო ხელი. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ოზონის შრის ფორმირებამ დედამიწაზე სიცოცხლის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, რადგან ულტრაიისფერი რადიაციის მომაკვდინებელი დონე გააუვნებლა და ოკეანეებში მობინადრე არსებებს ხმელეთზე ამოსვლის საშუალება მისცა.
თუმცა, ოზონის გარდა სტრატოსფეროში აზოტისა და წყალბადის შემცველ აირებსაც ვხვდებით, რომლებიც მას შლის და ისევ ჟანგბადად აქცევს. ამის მიუხედავად, წარმოქმნასა და განადგურებას შორის ბუნებრივი ბალანსი არსებობს, რომელიც ოზონის მუდმივი კონცენტრაციის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
ყველაფერი კარგად იქნებოდა, ზემოხსენებული ბალანსი ადამიანს რომ არ დაერღვია, მაგრამ ჩვენმა სამრეწველო საქმიანობამ და სხვა აქტივობებმა ჰაერში ქლორფთორნახშირბადებისა და სხვა ჰალოკარბონების ემისია განაპირობა. როდესაც მსგავსი ნაერთების მოლეკულები სტრატოსფეროში ხვდება, ულტრაიისფერ რადიაციასთან ურთიერთქმედებით ბრომსა და ქლორს გამოყოფს, რომლის ატომსაც ოზონის 100 000-მდე მოლეკულის განადგურება შეუძლია.
დროთა განმავლობაში ასეთმა რეაქციებმა ოზონის შრის დათხელება გამოიწვია. პოლუსების მიმდებარედ გაჩნდა რეგიონები, სადაც ეს ყველაზე მეტად შესამჩნევი იყო — ჩვენ მათ ოზონის ხვრელებს ვუწოდებთ, რომელთაგანაც უდიდესი ანტარქტიკის თავზე დაფიქსირდა. 1970-იან წლებში ეს პრობლემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიაზრეს. გაზრდილი ულტრაიისფერი რადიაციის გამო, კანის კიბოს შემთხვევებმა იმატა, ანუ სასწორზე ჩვენი ჯანმრთელობა აღმოჩნდა და მან, რა თქმა უნდა, ყველაფერი დანარჩენი გადაწონა.
"სპილო ოთახში", ანუ ოზონდამშლელი ნივთიერებები ჩვენს სახლში
ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატებმა, მარიო მოლინამ და შერვუდ როულენდმა ოზონდამშლელი ნივთიერებების გამოვლენა ითავეს. ისინი ამ მხრივ პიონერებად იქცნენ და თავიანთი კვლევებით ცხადყვეს, რომ ოზონის შრის გათხელების მიზეზი, არც მეტი, არც ნაკლები, ჩვენსავე სახლში უნდა მოგვეძებნა. რა თქმა უნდა, ამას სამრეწველო ინდუსტრიის წარმომადგენლებისგან უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი საზოგადოებას მათ მიერ წარმოებული პროდუქტების უსაფრთხოებაში არწმუნებდნენ, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
ოზონის ხვრელის გაჩენაში "დამნაშავე" აირები საყოფაცხოვრებო ტექნიკაში, მოწყობილობებში, დანადგარებსა თუ უბრალოდ საწარმოო პროცესისთვის განკუთვნილ მასალაში აქტიურად გამოიყენებოდა. ფაქტობრივად, ისინი, პირდაპირი მნიშვნელობით, ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდებოდა. მათ შორისაა: ქლორფთორნახშირბადები, ჰალონი, ნახშირბადის ტეტრაქლორიდი, მეთილქლოროფორმი, ჰიდრობრომოფთოროკარბონები, ჰიდროქრომოფთოროკარბონები, მეთილის ბრომიდი, ბრომოქლორომეთანი და სხვა (ვრცელი ჩამონათვალის სანახავად, გადადით ბმულზე).
მაცივრები, ჰაერის კონდიცირების მოწყობილობები, წყლის სადეზინფექციო ხსნარები, სახლის დასასუფთავებლად გამოყენებადი აეროზოლები, თმის სპრეები, ქაფები, კვერცხის ჩასადები მუყაოს ყუთები, კომპიუტერის ნაწილების, ელექტროსქემებისა თუ საათების საწმენდი საშუალებები, ცეცხლსაქრობები, ქიმწმენდები — ეს მხოლოდ იმ ნივთებისა და დანადგარების მცირერიცხოვანი სიაა, რომელიც ზემოხსენებული მავნე ნაერთების გამოყოფასთანაა დაკავშირებული, თითქმის ყველა ოჯახშია და ოზონის შრის დათხელებაზე პირდაპირ მოქმედებს.
ბოლო დეკადებში ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. დღესდღეობით კონდიცირების სისტემებსა თუ მაცივრებში ალტერნატიული ნივთიერებები გამოიყენება. ასევე, ხელმისაწვდომია საიზოლაციო მასალების, საკვების შესანახი კონტეინერების, შესაფუთი მატერიისა და სხვა მსგავსი პროდუქტების უსაფრთხო შემცვლელები.
როგორ შეუძლია თითოეულ ჩვენგანს ოზონის შრის დაცვა
იმისათვის, რომ ოზონდამშლელი ნივთიერებების დონე შეამციროთ:
- ეცადეთ, ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისა და ავტობუსების ნაცვლად, ელექტრომობილებით, სკუტერებით, ველოსიპედებით გადაადგილდეთ ან ფეხით იაროთ, რადგან ასეთი ტრანსპორტი ჰაერში აზოტის ოქსიდებსა და ჰიდროკარბონებს გამოყოფს.
- არ გამოიყენოთ სპრეები, საწმენდი აეროზოლები, ქაფები და ა.შ. არჩევანი მათ ეკომეგობრულ შემცვლელებზე შეაჩერეთ.
- იყიდეთ ადგილობრივად წარმოებული პროდუქტები, რადგან იმპორტირებული საქონელი თქვენამდე მოსასვლელად დიდ გზას გადის, რითაც გარემოს ირიბად აბინძურებთ.
- სათანადოდ მოუარეთ კონდიციონერებსა და მაცივრებს, რადგან ნებისმიერი ხარვეზის შედეგად შესაძლოა, მავნე ნივთიერებები გამოთავისუფლდეს.
- იყიდეთ ენერგიის დამზოგავი მოწყობილობები და ნათურები, რითაც ნაკლები თანხა დაგეხარჯებათ და გარემოსაც გაუფრთხილდებით.
- გამოიყენეთ ისეთი საყოფაცხოვრებო დანადგარები, რომლებიც ქლოროფთორონახშირბადებს არ შეიცავს.
- შეამცირეთ ხორცის მოხმარება, რადგან საქონლის ფერმებში ნაკელის დაშლა აზოტის ოქსიდის ემისიას იწვევს.
მსოფლიო ოზონის შრის გადასარჩენად
უკანასკნელ ათწლეულებში ოზონდამშლელი ნივთიერებების შემცირებას კანონის დონეზე ცვლილებებს უნდა ვუმადლოდეთ. ამ მხრივ წყალგამყოფი 1989 წელი აღმოჩნდა, როცა ძალაში მონრეალის პროტოკოლი შევიდა. ეს გახლავთ საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ოზონის შრის დაცვას ისახავს. მას ხელი 1987 წელს მოეწერა.
ვენის კონვენციის ამ უმნიშვნელოვანესი პროტოკოლის ფარგლებში, მსოფლიოში მავნე აირების გამოყენება ეტაპობრივად შეიზღუდა, რისთვისაც განვითარებადი ქვეყნებისთვის ტექნიკური და ფინანსური დახმარების გასაწევად შესაბამისი ფონდიც შეიქმნა.
1990-იან წლებსა და ადრეულ 2000-იან წლებში ქლოროფთორონახშირბადების მოხმარებას წერტილი დაესვა. 2009 წლისთვის ქიმიკატების 98% უკვე აკრძალული იყო. პროტოკოლს გაეროს წევრმა ყველა ქვეყანამ მოაწერა ხელი და ის მსოფლიოში ერთადერთი ხელშეკრულებაა, რომელმაც უნივერსალური რატიფიცირება მოიპოვა.
განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევა ევროკავშირის რეგულაციები, რომელთა მეშვეობითაც ის ოზონდამშლელ ნაერთებს ვადაზე ადრე დაემშვიდობა. გარდა იმისა, რომ იქ მათი წარმოება და გაყიდვა კონტროლდება, ყურადღება ექცევა ცალკეულ პროდუქტებსა და მოწყობილობებსაც. ევროკავშირი ამ მავნე ნივთიერებების ექსპორტისა და იმპორტის ნებართვისთვის აუცილებელ მოთხოვნებსაც აყენებს და პროტოკოლით გათვალისწინებული 90-ზე მეტი ქიმიკატის გარდა, დამატებით სუბსტანციებსაც მოიცავს.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ წინსვლა საქართველოშიც გვაქვს. მაგალითად, 2013-2020 წლებში ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარება 5.21 ტონიდან 2.4 ტონამდე შემცირდა, რაც გეგმის მიერ გათვალისწინებულ მაჩვენებელზე — 2.97 ტონაზე უკეთესი შედეგია. 2030 წლისთვის მათ სრულად ამოღებას პროგნოზირებენ, რის მიღწევაშიც ჩვენს ქვეყანას გაეროს განვითარების პროგრამა ეხმარება.
საერთო ძალისხმევით განხორციელებულმა ცვლილებებმა გლობალური მასშტაბით შედეგი ნამდვილად გამოიღო. მიუხედავად იმისა, რომ ოზონის ხვრელი ჯერ კიდევ არსებობს, ის ნელ-ნელა ძალებს იღდგენს, რასაც სხვადასხვა ხელოვნური თანამგზავრის მიერ მოპოვებული მონაცემები ადასტურებს.
ოზონის შრის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ, რაც მთავარია, დადებითი ტენდენცია შეინიშნება. ვარაუდობენ, რომ ოზონის დონე 1980 წლამდელ ნიშნულს ამ საუკუნის შუა პერიოდისთვის მიაღწევს. ოკეანური და ატმოსფერული კვლევების სააგენტომ წელს განაცხადა, რომ 1980 წლის შემდეგ დღემდე ატმოსფეროში ოზონდამშლელი ნივთიერებების რაოდენობა 50%-ით შემცირდა. იქ მომუშავე სპეციალისტები წინასწარმეტყველებენ, რომ თუ ეს ასე გაგრძელდება, 2070 წლისთვის ოზონის შრე სულად აღდგება.
ბოლოს, დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ გლობალურ პრობლემასთან გამკლავების გამოცდილება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაშიც შეიძლება დაგვეხმაროს. ეს დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა, რომლის წინაშეც კაცობრიობა დგას. მართალია, სიტუაციის გამოსასწორებლად გარკვეული ნაბიჯები იდგმება, თუმცა, ალბათ, ყველანი ვთანხმდებით, რომ მეტის გაკეთების უნარი ნამდვილად შეგვწევს. ერთი რამ ცხადია, მსოფლიო კიდევ ერთხელ უნდა გაერთიანდეს, როგორც ეს ოზონის შრის შემთხვევაში მოხდა, რადგან მომავალი ჩვენს ხელშია.
კომენტარები