მაინც რას ნიშნავს "სიბერით სიკვდილი"?
ალბათ, ბევრ თქვენგანს სმენია ფრაზა: "სიბერით მოკვდა". ცნობისმოყვარე ადამიანები ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაფიქრდებოდნენ, მაინც რა ფიზიოლოგიური პროცესების შედეგად იღუპება ხანდაზმული, როცა ეს მოვლენა კონკრეტულად ასაკს მიეწერება და არა რაიმე დაავადებას.
რეალურად, "სიბერით სიკვდილი" ბუნდოვანი და უზოგადესი ცნებაა, რადგან თავის თავში მრავალ ფაქტორს აერთიანებს. დიდ ბრიტანეთში, მაგალითად, მასთან ერთად სიტყვა "ავადობას" იყენებენ. XIX საუკუნეში ეს აღწერა მიესადაგებოდა სიტუაციას, როცა ადამიანი მოულოდნელად იღუპებოდა ან მას უკვე მკვდარს პოულობდნენ. დღესდღეობით გაერთიანებულ სამეფოში კრიტერიუმები ბევრად გამკაცრებულია.
კერძოდ, ექიმმა სიკვდილის მიზეზად ხანდაზმულობა რომ მიუთითოს, აუცილებელია, პაციენტის მდგომარეობას დიდი ხნის განმავლობაში პირადად ადევნებდეს თვალს. ასევე, მისი ჯანმრთელობის დაქვეითების პროცესის მომსწრე უნდა იყოს, გამორიცხოს სიკვდილის გამომწვევი დაავადების არსებობა და არ ჰქონდეს ეჭვი, რომ მკვლელობის შემთხვევასთან აქვს საქმე.
დაბერების პარალელურად, ორგანიზმში სხვადასხვა პრობლემა იჩენს თავს: იმუნური სისტემა სუსტდება, უჯრედები თვითაღდგენას ისე მარტივად ვეღარ ახერხებს და ა.შ. შესაბამისად, მრავალი გართულებაა, რომელსაც ახალგაზრდები ადვილად უმკლავდებიან, ხანდაზმულებისთვის კი ისინი ფატალური შეიძლება აღმოჩნდეს.
"სიბერით სიკვდილს" უწოდებენ მოხუცის ისეთ სიკვდილსაც, რომელიც ღამით ფიქსირდება. ხშირად, ამის ძირეული მიზეზი ძილში გულის გაჩერებაა. როცა ადამიანის სიცოცხლე დასასრულს უახლოვდება, რამდენიმე ნიშანი იკვეთება:
- დიდხანს ძილი, რადგან ენერგია იკლებს.
- შფოთვა და დეპრესია, რაც სიკვდილის შიშით ან ახლობლებზე დარდითაა გამოწვეული.
- მადისა და საჭმლის მონელების ცვლილება, რაც მეტაბოლიზმის შენელებითაა განპირობებული.
- სასიცოცხლო ნიშნების ცვლილება, მაგალითად, კიდურების გაცივება და კანის მოლურჯო-მოიისფროდ შეფერვა.
- გრძნობითი ორგანოების ფუნქციის დაქვეითება — ჰალუცინაციები, მხედველობის გაუარესება და სხვა.
- დაბნეულობა და მეხსიერებაში ჩავარდნები.
- შარდის შეუკავებლობა.
- ცნობიერების დაკარგვა.
- სუნთქვის ცვლილება — ამ დროს კუნთები მოდუნებულია და დახველება ვერ ხერხდება, რის გამოც ადამიანი ხრიალს იწყებს.
აღსანიშნავია, რომ "სიბერით სიკვდილის" საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება, რადგან 1800 წლიდან მოყოლებული, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა გლობალურად დაახლოებით 2-ჯერაა გაზრდილი, რაც მედიცინაში წინსვლის დამსახურებაა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ 2020-21 წლებში ამ მაჩვენებლის დაღმასვლა შეინიშნა, რის მიზეზადაც კორონავირუსის პანდემიას ასახელებენ.
კომენტარები