რატომ იღვიძებენ კაცები ერექციით? — ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
კაცების დიდი ნაწილი დილაობით ერექციით იღვიძებს, რაც ძალზე საინტერესო ფიზიოლოგიური ფენომენია. ის, ასევე, ადამიანის სქესობრივ ფუნქციებზე გვაწვდის ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ მსგავსი რამ არა მხოლოდ ზრდასრულებში, არამედ ბავშვებშიც გვხვდება, ქალებში კი ძილის დროს ან გაღვიძებისას კლიტორის დასივებით გამოიხატება, თუმცა ეს ნაკლებადაა შესწავლილი.
რა იწვევს ერექციას?
ერექციას პენისში არსებულ სისხლძარღვებზე ნერვული და ენდოკრინული სისტემის ერთობლივი გავლენა იწვევს. სქესობრივი აღგზნებისას ტვინში იმპულსები წარმოიქმნება, სასქესო ორგანოს ნერვებს გადაეცემა და იქ სისხლის გაძლიერებულ მიწოდებას განაპირობებს, რომელიც პენისის კუნთებში ექცევა და მას ადიდებს.
ასეთ რეაქციაში რამდენიმე ჰორმონი მონაწილეობს, მათ შორის ტესტოსტერონი, მაგრამ ეს პროცესი შესაძლოა, ტვინის ჩართულობის გარეშეც წარიმართოს, როგორც უკონტროლო რეფლექსი ზურგის ტვინში. ამით აიხსნება ფაქტი, რომ ერექციას სქესობრივი აღგზნება ყოველთვის არ უძღვის წინ.
ერექცია ძილის დროს
სტატიის დასაწყისში ხსენებული ფენომენი ძილის ფაზის განმავლობაში ვლინდება, რომელსაც თვალის სწრაფი მოძრაობის ფაზას უწოდებენ. ამ დროს ტვინის ზოგიერთი არეალი აქტიურდება, მათ შორის პარასიმპათიკური ნერვული სისტემის მასტიმულირებელი და სიმპათიკური ნერვული სისტემის დამთრგუნველი ადგილები. ასევე, ითრგუნება ჰორმონ სეროტონინის გამოყოფაზე პასუხისმგებელი რეგიონიც.
თვალის სწრაფი მოძრაობის ფაზაში სიმპათიკურიდან პარასიმპათიკური სტიმულაციისკენ ვინაცვლებთ. ეს ცვლილება პარასიმპათიკური ნერვების რეაქციას უწყობს ხელს, რის შედეგადაც ერექციას ვიღებთ. ეს სპონტანურად ხდება და ადამიანის ფხიზლად ყოფნას არ საჭიროებს.
დილაობით ერექცია სწორედ იმას მიეწერება, რომ კაცები თვალის სწრაფი მოძრაობის ფაზიდან მღვიძარე მდგომარეობაში გადადიან, თანაც დღის ამ ნაწილში ტესტოსტერონის დონე მომატებულია.
იქიდან გამომდინარე, რომ ძილის ფაზები იცვლება, ღამის განმავლობაში კაცებს შეიძლება დაახლოებით 5-ჯერ ჰქონდეთ ერექცია, რომელიც 20-30 წუთი გრძელდება. თუმცა, ეს ძილის ხარისხსა და სხვა ფაქტორებზეცაა დამოკიდებული.
დილის ერექციის დანიშნულება
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დილაობით ერექციით გაღვიძება შესაძლოა, ორგანიზმის მიერ შემუშავებული მექანიზმი იყოს, რომელიც კაცებს ატყობინებს, რომ შარდის ბუშტი სავსეა და დაცლას საჭიროებს. ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ, როგორც წესი, მოშარდვის შემდგომ ერექცია ქრება.
სავარაუდო მექანიზმი ასეთია: სავსე შარდის ბუშტი ასტიმულირებს ნერვებს, რომლებიც ხერხემალში გადის და ზურგის ტვინში რეფლექსს წარმოქმნის, რასაც ერექცია მოჰყვება.
დილის ერექცია და ჯანმრთელობა
ჯერჯერობით დამტკიცებული არაა, რამდენად განსაზღვრავს დილის ერექცია პენისის სიჯანსაღეს, მაგრამ ის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის და ზოგიერთი დაავადების ნიშანიცაა. მაგალითად, დიაბეტის დროს თუ ერექციით იშვიათად გეღვიძებათ, შესაძლოა, ეს ნაკლები სისხლის მომარაგებით ან ნერვების დაქვეითებით გამოწვეულ ერექციულ დისფუნქციას მიეწერებოდეს.
ასევე, ამ ფენომენით ვიგებთ, რამდენად აქვს სხეულს ერექციის უნარი შენარჩუნებული, რადგან ის სხვადასხვა ფსიქოლოგიურ ფაქტორზე მეტწილად არაა დამოკიდებული, თუ არ ჩავთვლით მძიმე დეპრესიას და სხვა რთულ მენტალურ პრობლემებს.
საბოლოო ჯამში, დილის ერექცია კარგ ჯანმრთელობაზე მიუთითებს და ზოგადად, ამ მხრივ დადებით ფენომენად აღიქმება.
კომენტარები