უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინამ ბოლო ორ კვირაში ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთსა და ხერსონის ოლქში 122 დასახლება გათავისუფლა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: კონტრშეტევის დაწყების შემდეგ, უკრაინა ფრონტის ხაზზე წინ მიიწევს და წარმატებულად ათავისუფლებს დასახლებებს.

  • ბოლო რამდენიმე დღეა უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში წარმატებით ახორციელებენ კონტრშეტევას და ოკუპანტებს პოზიციების დატოვებას აიძულებენ;
  • 5 ოქტომბერს ხერსონში წარუმატებლობების შემდეგ რუსეთი ისევ გადაჯგუფებაზე ალაპარაკდა.

დეტალები: უწყების განცხადებით, კონტრშეტევის დროს უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვსა და დონეცკში 93, ხოლო 29 დასახლება ხერსონის ოლქში გაათავისუფლეს.

  • ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილის, ალექსეი გრომოვის განცხადებით, ხერსონის მიმართულებით მტერი კონტრშეტევის განხორციელებას რეზერვების ხარჯზე ცდილობს.
  • გუშინ, 6 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ ხერსონის რეგიონში ჯამში 400 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლა.

გარდა ამისა, უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, გაზრდილია რუსეთის სამხედრო დანაკარგიც.

  • დღევანდელი ინფორმაციით, ბოლო 24 საათში უკრაინელებმა 350 ოკუპანტის ლიკვიდაცია შეძლეს.
  • ომის დაწყებიდან დღემდე 61 680 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.
  • ასევე, ოკუპანტებმა ჯამში დღემდე დაკარგეს 2 466 ტანკი, 266 თვითმფრინავი და 233 ვერტმფრენი.