ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს შორის, რომლებიც წლების განმავლობაში ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილი იყო, ჯერ კიდევ მიმდინარეობს სასამართლო დავა ფრანგულ ღვინის ქარხანასთან დაკავშირებით.

სასამართლო პროცესის ფარგლებში ცნობილი გახდა ახალი დეტალები 2016 წლის ინციდენტთან დაკავშირებით, რამაც საბოლოოდ წყვილის განქორწინება განაპირობა. ანჯელინა ჯოლის ადვოკატების თქმით, 6 წლის წინ, როცა ცოლ-ქმარი ბავშვებთან ერთად საფრანგეთიდან ლოს-ანჯელესში ბრუნდებოდა, ბრედმა ოჯახის წევრებზე იძალადა. მას მიაჩნდა, რომ ანჯელინა ზედმეტად დამთმობი იყო შვილების მიმართ და კამათის გასაგრძელებლად თვითმფრინავის საპირფარეშოში გასვლა მოსთხოვა. ანჯელინას ადვოკატების თქმით, პიტმა თავით დაიჭირა ჯოლი და შეაჯანჯღარა, შემდეგ მხრებში ჩაავლო ხელი და იგივე გაიმეორა, სანამ საბოლოოდ ხელს ჰკრავდა და საპირფარეშოს კედელს მიანარცხებდა. შემდეგ საპირფარეშოს ჭერს დაუწყო მუშტის რტყმა, ჯოლი კი იქაურობას გაერიდა.

როდესაც მშობლების კონფლიქტში ერთ-ერთი ბავშვი ჩაერია, ანჯელინას იურისტების განცხადებით, ბრედმა დასარტყმელად გაიწია და ანჯელინამ უკნიდან დაიჭირა, რომ ეს არ ექნა. თავის გასათავისუფლებლად ქმარი უკან თვითმფრინავის სავარძელს დაეჯახა განზრახ, რამაც ანჯელინას ზურგისა და იდაყვის დაზიანება გამოიწვია. ბრედმა ასევე დაარტყა ერთ-ერთ ბავშვს და მეორეს ყელში ხელი წაუჭირა. ამის შემდეგ, როცა ანჯელინა და ბავშვები ჩუმად, გაუნძრევლად ისხდნენ თვითმფრინავში, ჯოლის ადვოკატების თქმით, ბრედი ისევ განაგრძობდა მათ ვერბალურ შეურაცხყოფას და განზრახ ალკოჰოლიც კი გადაასხა მათ.

ცნობილია, რომ ანჯელინასთან განქორწინების შემდეგ, 2019 წელს ბრედ პიტი ალკოჰოლიკების ანონიმურ ჯგუფს შეუერთდა სამკურნალოდ. მან ეს თავად განაცხადა New York Times-თან ინტერვიუში.

რაც შეეხება ფრანგულ ღვინის ქარხანასთან დაკავშირებულ სასამართლო დავას, ბრედის ადვოკატების განცხადებით, ის ორივე მათგანს ეკუთვნოდა და არც ერთს შეეძლო თავისი წილი გაეყიდა მეორეს თანხმობის გარეშე. მათი თქმით, ანჯელინამ წილის გაყიდვით ბრედის მრავალი წლის შრომა წყალში ჩაყარა და მისი ბიზნესი დააზიანა. ჯოლის იურისტების თქმით კი, მას აღარ სურდა ალკოჰოლის ბიზნესთან რამე კავშირი ჰქონოდა, რადგან სწორედ ალკოჰოლის ბრალი იყო ბრედის ცვლილება და საბოლოოდ მათი განქორწინება.

ბრედ პიტი ძალადობის ყველანაირ ბრალდებას უარყოფს.