ძუძუმწოვრების დნმ-ში არსებული ძველი ვირუსული გენები ტვინს ახალი ინფექციებისგან იცავს — კვლევა
ვირუსები ჩვენს იმუნიტეტსა და, ზოგადად, სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის, თუმცა იაპონელი მეცნიერების ახალი კვლევის მიხედვით, შესაძლოა, ორგანიზმს ასეთი ინფექციებისგან თავის დაცვის მექანიზმი ჰქონდეს. საუბარია ძველ ვირუსულ გენებზე, რომლებიც ევოლუციის შედეგად ტვინს იცავს.
საქმე იმაშია, რომ ამგვარი გენები ხშირად მატარებელი ორგანიზმის დნმ-ში ერთიანდება, შემდეგ კი თაობიდან თაობას გადაეცემა. სპეციალისტებმა მღრღნელების 2 ასეთი გენი შეისწავლეს, რომლებიც თითქმის ყველა ძუძუმწოვარში გვხვდება, მათ შორის ადამიანებშიც.
ესენი გახლავთ RTL5 და RTL6, რომლებიც ძუძუმწოვრებში რეტროვირუსებისგან მოხვდა და სულ მცირე 120 მილიონი წელია, ცხოველთა გენომში ინახება. თითოეულის დანიშნულების გასაგებად, მკვლევრებს, პირველ რიგში, მათი ზუსტი მდებარეობა უნდა დაედგინათ.
აღმოჩნდა, რომ ეს გენები ტვინის უჯრედებში, მიკროგლიებშია აქტიური. ისინი პირველადი თანდაყოლილი იმუნური უჯრედებია, რომლებიც რეცეპტორების მეშვეობით პათოგენების წინააღმდეგ იმუნური რეაქციის გამოწვევაში ცენტრალურ როლს ასრულებს. ამის გარკვევაში მეცნიერებს მათ მიერ შექმნილი ცრუ ინფექციები დაეხმარა.
ავტორთა განცხადებით, უკანასკნელი კვლევა აჩვენებს, რომ ძუძუმწოვრებში არსებული რეტროვირუსული გენები ასეთი ცხოველებისთვის დამახასიათებელი ფუნქციების ჩამოყალიბებას ხსნის.
"ვფიქრობ, რომ ეს კონცეფცია გენომის თანამედროვე ბიოლოგიაში ონტოგენეზისა (ჩამოყალიბება) და ფილოგენეტიკის (ევოლუცია) ერთმანეთთან დაკავშირების საშუალებას გვაძლევს", — ამბობს მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტი, ფუმიტოში იშინო.
მისი თქმით, მსგავს გენებს ადამიანის ზოგიერთი მახასიათებლის გაჩენასა და ჩვენს ევოლუციაში მნიშვნელოვანი როლი აქვს. ახალი ნაშრომი გამოცემაში Development გამოქვეყნდა.
კომენტარები