ისტორიაში პირველი კლონირებული მგელი ჩინეთში დაიბადა — რა ვიცით
მეცნიერებმა წარმატებით შეძლეს არქტიკული მგლის კლონირება. ეს კი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისათვის, რომ კლონირების ტექნოლოგია გადაშენების პირას მყოფი სახეობების გადასარჩენად გამოვიყენოთ.
შინაური ცხოველების კლონირების ჩინურმა კომპანიამ გამოაცხადა მსოფლიოში პირველი კლონირებული არქტიკული მგლის (Canis lupus arctos) დაბადება, რომლის სუროგატი დედაც, ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ ბიგლი იყო.
ჩინური ახალი ამბების საიტის Global Times მიხედვით, კლონირებული მდედრი მგლის ლეკვი, სახელად მაია, და მისი ბიგლი დედა სამყაროს წარუდგინეს მოკლე ვიდეოში, პრესკონფერენციაზე, რომელიც 19 სექტემბერს, Sinogene Biotechnology Company-იმ გამართა პეკინში.
სინოგენის წარმომადგენლების თქმით, მაია პეკინის ლაბორატორიაში დაიბადა და ვიდეო გამოქვეყნდა მისი დაბადებიდან 100 დღის შემდეგ — 10 ივნისს.
ჩვეულებრივ, სინოგენი სპეციალიზირებულია მკვდარი შინაური ცხოველების — როგორებიცაა კატები, ძაღლები და ცხენები — კლონირებაში, კერძო კლიენტებისთვის.
მაგრამ, როგორც Global Time-ს იტყობინება, კომპანიას ახლა სურს გამოიყენოს თავისი კომპეტენცია გადაშენების პირას მყოფი სახეობების კონსერვაციის მიზნით.
მაიას კლონირებისთვის გამოიყენეს ზრდასრული არქტიკული მგლის დნმ, რომელიც მოკვდა ხარპინ პოლარლენდში, ველური ბუნების პარკში ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, და რომელსაც ასევე მაია ერქვა.
თავდაპირველი მაია, რომელიც დაიბადა კანადაში 2006 წელს ჩინეთში გაგზავნამდე, სიბერის გამო მოკვდა 2021 წლის დასაწყისში.
"გადაშენების პირას მყოფი ცხოველის გადასარჩენად დავიწყეთ კვლევითი თანამშრომლობა ხარპინ პოლარლენდთან არქტიკული მგლის კლონირებაზე 2020 წელს. ორწლიანი საგულდაგულო ძალისხმევის შემდეგ, არქტიკული მგლის კლონირება წარმატებით დასრულდა. ეს არის პირველი ასეთი შემთხვევა მსოფლიოში", — განაცხადა მი ძიტუნგმა, კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე.
სინოგენის მკვლევრებმა თავდაპირველად შექმნეს არქტიკული მგლის 137 ემბრიონი ორიგინალი მაიას კანის უჯრედების შერწყმით ძაღლების მოუმწიფებელ კვერცხუჯრედებთან, რისთვისაც გამოიყენეს პროცესი, რომელიც ცნობილია როგორც სომატური უჯრედის ბირთვული ტრანსფერი (SCNT).
ამ ემბრიონებიდან 85 წარმატებით გადანერგეს ბიგლის შვიდ სუროგატში. გადანერგილი ემბრიონებიდან კი ორსულობის დროს მხოლოდ ერთმა მოახერხა განვითარება.
მკვლევრებმა ბიგლის სუროგატები გამოიყენეს, რადგან ექსპერიმენტებისთვის საჭირო რაოდენობის მდედრი მგელი არ ჰყავდათ. საბედნიეროდ, ძაღლები საკმარის დნმ-ს იზიარებენ მგლებთან, რაც საშუალებას იძლევა, რომ ჰიბრიდული ორსულობა წარმატებით განხორციელდეს.
მაია ახლა სუროგატ დედასთან ერთად ცხოვრობს სინოგენის ლაბორატორიაში სუჭოუში, აღმოსავლეთ ჩინეთში, მაგრამ მგლის ლეკვს საბოლოოდ გადაიყვანენ ხარპინ პოლარლენდში სხვა არქტიკულ მგელებთან ერთად საცხოვრებლად. თუმცა, როგორც Global Time იუწყება, იზოლირებული აღზრდის გამო, მას მოუწევს ნელნელა შეეგუოს გარემოს.
სინოგენმა ასევე გამოაცხადა, რომ არქტიკული მგლის მეორე კლონი, რომელიც შეიქმნა უცნობი მამრის დნმ-ის გამოყენებით, უნდა დაბადებულიყო ხუთშაბათს, 22 სექტემბერს. თუმცა, ლეკვის დაბადების შესახებ ჯერჯერობით დადასტურებული ინფორმაცია არ გაგვაჩნია.
სინოგენმა ასევე განაცხადა, რომ აპირებს პეკინის ველური ბუნების პარკთან თანამშრომლობას, რათა უფრო მეტი გადაშენების პირას მყოფი სახეობის კლონი შექმნას. მიუხედავად ამისა, კომპანიას კონკრეტული პროექტები ჯერ არ წარუდგენია.
როგორც CBS News იტყობინება, 2019 წელს სინოგენი ასევე ჩართული იყო პროექტში, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა გერმანული ნაგაზის 6 იდენტური კლონი, რომლებიც შემდეგ პეკინის პოლიციაში "დაასაქმეს".
გადაშენების პირას მყოფი ცხოველების კლონირება
Global Times-ისა და სხვა მედიასაშუალებების ცნობების მიუხედავად, არქტიკული მგლები, რომლებიც რუხი მგლების (Canis lupus) ქვესახეობაა, არ არიან გადაშენების პირას მყოფი ცხოველები. პირიქით, ისინი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის მიერ ყველაზე ნაკლები საფრთხის მქონეთა სიაში არიან, თუმცა WWF-ის თანახმად, კლიმატის ცვლილება, სავარაუდოდ, სერიოზულად შეაფერხებს მათ ველურ ბუნებაში საკვების მიწოდებას მომდევნო ათწლეულებში.
აღსანიშნავია, რომ გადაშენების პირას მყოფი სახეობების კლონირება აქამდეც მომხდარა.
2020 წელს, აშშ-ში დაფუძნებული კომპანიის Revive & Restore-ს მეცნიერებმა წარმატებით მოახერხეს გადაშენების პირას მყოფი შავფეხა ქრცვინის (Mustela nigripes) კლონირება.
იმავე წელს კომპანიამ ასევე წარმატებით შექმნა გადაშენების პირას მყოფი პრჟევალსკის ცხენის (Equus przewalskii) კლონი და მათი ტექნიკოსები ახლა ცდილობენ გააცოცხლონ გადაშენებული სამგზავრო მტრედი (Ectopistes migratorius) კლონირების ტექნოლოგიის გამოყენებით.
"კლონირება ძალიან არასაკმარისად გამოყენებული ინსტრუმენტია, მომავალში ის შეიძლება იყოს პირდაპირი ხსნა იმ სახეობებისთვის, რომლებიც უფრო იშვიათი ან უარესი, გადაშენებულია", — განუცხადა ბენ ნოვაკმა, Revive & Restore-ის წამყვანმა მეცნიერმა Live Science-ს.
ნოვაკის თქმით, გადაშენების პირას მყოფი სახეობების კლონირების მთავარი უპირატესობა ის არის, რომ იგი ინარჩუნებს გენეტიკური მრავალფეროვნების რაოდენობას სახეობებში.
თუ კლონები შეძლებენ გამრავლებას სხვა არაკლონირებულ ინდივიდებთან ერთად, ეს საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობებს მისცემს ბრძოლის შანსს და ადაპტაციის საშუალებას სელექციურ ზეწოლასთან, რომელსაც ისინი გადაშენებისკენ მიჰყავს.
"კლონირების კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია "ტყვეობაში მოშენების" არსებულ პროგრამებთან ერთად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოიყენება სხვა სახეობის სუროგატი დედები", — დასძინა ნოვაკმა.
ტყვეობაში მყოფი სარეზერვო პოპულაციის შესაქმნელად ველური ცხოველების გამოყენების ნაცვლად, მეცნიერებს შეუძლიათ გარეული ცხოველების გენეტიკური ნიმუშების აღება და ლაბორატორიაში კლონების შექმნა უფრო ხელმისაწვდომი სუროგატების გამოყენებით, როგორც გააკეთეს მაიასა და მისი ბიგლი დედის შემთხვევაში.
ეს გენეტიკური სარეზერვო საშუალებები შეიძლება შემდეგ შეიტანონ ველურ ბუნებაში, რათა დაეხმარონ პოპულაციებს, რომლებსაც გადარჩენა უჭირთ.
"ძუძუმწოვრებისთვის, როგორც ჩანს, ორი სახეობა საერთო წინაპარს უნდა იზიარებდეს 5 მილიონ წელზე ნაკლები ხნის წინ", რათა სუროგატის ორსულობა წარმატებული იყოს, — თქვა ნოვაკმა. ეს გვაძლევს გადაშენებული სახეობების აღორძინების შესაძლებლობას, მჭიდროდ დაკავშირებული ცოცხალი სუროგატი სახეობების გამოყენებით.
თუმცა, ასევე არსებობს კლონირებასთან დაკავშირებული ძირითადი ლიმიტებიც.
ნოვაკის თქმით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი ისაა, რომ ყველა ცხოველის წარმატებით კლონირება ჯერჯერობით შეუძლებელია. დღეისათვის მხოლოდ ძუძუმწოვრების, თევზების, ამფიბიებისა და მწერის ერთი სახეობის კლონირება მოხერხდა SCNT-ის გამოყენებით.
"ფრინველებზე, ქვეწარმავლებსა და კვერცხისმდებელ ძუძუმწოვრებზე, როგორიცაა პლატიპუსები და ექიდნა, SCNT არ მუშაობს, რადგან კვერცხები სათანადოდ არ ვითარდება", — დასძინა მან.
ნოვაკმა ისიც აღნიშნა, რომ კლონირებას ასევე აქვს ძალიან დაბალი წარმატების მაჩვენებელი ხელოვნურ ან ინ-ვიტრო განაყოფიერებასთან შედარებით.
როგორც მგლის ლეკვი მაიას შემთხვევაში, მკვლევრებს ხშირად უწევთ ასობით ემბრიონის შექმნა და მათი იმპლანტაცია რამდენიმე სუროგატში, რის შედეგადაც მხოლოდ ერთი ცხოველი იბადება. ამან შეიძლება კლონირება ძვირადღირებულ პროცესად აქციოს.
ამ მაღალი ხარჯების გამო, კერძო კომპანიების გაჩენა, როგორიცაა სინოგენი და Revive & Restore, სავარაუდოდ გადამწყვეტ როლს შეასრულებს კონსერვაციული კლონირების მომავალში. ისტორიულად, კლონირების კვლევების უმეტესი ნაწილი ჩატარებულია უნივერსიტეტების მიერ, რომლებიც არასაკმარისად ფინანსდებიან.
აქედან გამომდინარე, "მომგებიანი კომპანიების პარტნიორობა კონსერვაციის პროგრამებთან არის გასაღები იმისათვის, რომ კლონირება იშვიათად გამოკვლეული ტექნიკიდან კონსერვაციის ღირებულ ინსტრუმენტად იქცეს", — თქვა ნოვაკმა.
კლონირების დამცველებისთვის მაიას დაბადება კიდევ ერთი ნაბიჯია ამ სფეროს სწორი მიმართულებით კვლევისთვის.
"სასიამოვნოა ველური ბუნების კლონირების კუთხით გაღებული ძალისხმევის დანახვა", — აღნიშნა ნოვაკმა. "იმედი მაქვს, რომ კლონირების ყველა ბოლო მიღწევა აჩვენებს მსოფლიოს, რომ ეს მეთოდი მზადაა, გახდეს ველური ბუნების კონსერვაციისთვის სასარგებლო ინსტრუმენტი."
კომენტარები