გაიცანით მიქაელ გაგოშიძე — ელექტროინჟინერი, რომელიც Qualcomm-ში მიკროჩიპების დიზაინს ქმნის
მიქაელ გაგოშიძე ელექტროინჟინერია, რომელიც კემბრიჯში, Qualcomm-ში მუშაობს. თუ თანამედროვე ტექნოლოგიის ენთუზიასტი ხართ ან ტექნოლოგიურ სიახლეებს ადევნებთ თვალს, ეს კომპანია თქვენთვის ნაცნობი უნდა იყოს. Qualcomm უამრავ პროდუქტს ქმნის, მათ შორის ნახევარგამტარებსა და მიკროჩიპებს, რომლებიც უამრავ სმარტფონში, უსადენო ყურსასმენში და კომპიუტერში შეგხვდებათ.
მიქაელი ახლა ციფრული დიზაინერია (Digital designer), რაც არ უნდა აგერიოთ გრაფიკულ დიზაინერში. ის მუშაობს მიკროჩიპების დიზაინებზე, რომლის მიხედვითაც ეს ჩიპები იწყობა და შემდეგ ინტეგრირდება სხვადასხვა მოწყობილობაში. ამ ეტაპზე, მიქაელი კონკრეტულად უსადენო ყურსასმენების მიკროჩიპებზე მუშაობს.
მიუხედავად იმისა, რომ მიქაელი ახლა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ტექნოლოგიურ კომპანიაში მუშაობს, მას აქამდე მისასვლელად საკმაოდ დიდი გზის გავლა მოუწია. ვფიქრობ, მისი ისტორია შეიძლება ბევრი ახალგაზრდა მეცნიერისთვის და ინჟინერისთვის შთაგონების წყარო გახდეს.
ბაკალავრიატი და თვითგანათლების აუცილებლობა
"ბავშვობიდან მიყვარდა ხელით მუშაობა", — ამბობს მიქაელი, "პატარა რაღაცების აწყობა ყოველთვის მეხალისებოდა და რადგან ფიზიკა და მათემატიკაც მაინტერესებდა, გადავწყვიტე, რომ ინჟინერია კარგი ბალანსი იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ აბიტურიენტობისას კონკრეტულად არ ვიცოდი რისი კეთება მინდოდა".
მიქაელი ამბობს, რომ პირველ კურსზე უკვე გაუჩნდა გარკვეული ინტერესები. მაგალითად, აინტერესებდა პლატის შექმნა, მიკროჩიპების მუშაობა და ა.შ. მის ყურადღებას ელექტროინჟინერიის თანამედროვე გარღვევებიც იპყრობდა, თუმცა უნივერსიტეტში გააცნობიერა, რომ უამრავი რამის სწავლა "თავისით" მოუწევდა. რაც, მისი თქმით, ელექტროინჟინერის პროფესიისთვის სახასიათოა, მაგრამ ნაწილობრივ საქართველოს განათლების სისტემის ნაკლოვანებებით იყო განპირობებული.
"საქართველოში, უნივერსიტეტში განათლება ზოგადად იმდენად კარგია, რამდენადაც ლექტორები", — ამბობს მიქაელი. "ისე არაა, როგორც მაგალითად კემბრიჯში ან რამე ტოპ უნივერსიტეტში სადაც მრავალწლიანი, ხანდახან მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია არსებობს ამა თუ იმ სფეროში და რაღაც დაგროვილი ცოდნაა. შევამჩნიე, რომ აგრარულში სადაც ვსწავლობდი და ალბათ, სხვა უნივერსიტეტებშიც იყვნენ ძირითადად მხოლოდ შედარებით ასაკოვანი ან ძალიან ახალგაზრდა, ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი ლექტორები. ამის მიზეზი ისაა, რომ 90-იანებში და მომდევნო წლებში, ქვეყანაში ერთგვარი ჩავარდნა იყო სამეცნიერო განვითარების მხრივ".
მიქაელის თქმით, "გარდამავალი თაობა" 90-იანებში ჩავარდა". არის გამონაკლისებიც, მაგრამ ზოგადად ისეთი სიტუაციაა, რომ ძველმა ლექტორებმა ძალიან კარგად იციან ფუნდამენტები, ანუ თეორიები, რომლებიც რა თქმა უნდა, დღემდე საჭიროა. არიან ახალგაზრდა ლექტორები, რომლებმაც თანამედროვე პრაქტიკული რაღაცები იციან. თუმცა, როგორც "აკადემიკოსებს" FPGA-ებთან ან მსგავს ტექნოლოგიებთან ინტენსიური შეხება არ ჰქონიათ.
მიქაელის თქმით მიუხედავად ამისა, მას გაუმართლა, რომ აგრარულ უნივერსიტეტში ჩააბარა, რადგან უნივერსიტეტი შეძლებისდაგვარად დიდ რესურსს ხარჯავდა, რომ სტუდენტები ინტერესებს გაჰყოლოდნენ. ეს დიდწილად ფაკულტეტის ლექტორების დამსახურებაა, რომლებიც სტუდენტებს ყოველთვის ეხმარებოდნენ.
"აგრარულში რაც ვისწავლე, 70% მოდის საკურსო პროექტებიდან. ყოველი სემესტრის ბოლოს უნდა გაგვეკეთებინა რამე ინდივიდუალური პროექტი, რომლისთვისაც ნასწავლ მასალას გამოვიყენებდით, თუმცა ცხადია, შეგვეძლო ჩვენით გვესწავლა რაღაცები, რაც საუნივერსიტეტო მასალაში არ შედიოდა. ეს იდეა ძალიან მომეწონა და ამიტომ რეგულარულად დავიწყე ლაბორატორიაში სიარული. მიზნად დავისახე, რომ ისეთი საკურსო პროექტები გამეკეთებინა, რომ ახალი მასალის სწავლა დამჭირვებოდა, მაგალითად მიკროკონტროლერების პროგრამის დაწერა, პლატის ხაზვა და აწყობა და ა.შ".
იულიხი და მეცნიერების გემო
ბაკალავრიატის ბოლო წლებში მიქაელი რამდენიმე ქართველ სტუდენტთან ერთად იულიხის კვლევით ცენტრში გაემგზავრა, სადაც ის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტში და ელექტროინჟინერიის ინსტიტუტში მუშაობდა.
მიქაელი იულიხში ორ საკმაოდ დიდ კვლევაში მონაწილეობდა. ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერები სამყაროს დაბადებას იკვლევდნენ, კერძოდ კი ცდილობდნენ ფუნდამენტური ფიზიკის მნიშვნელოვან კითხვაზე "რატომ არსებობს რაღაც, არაფრის ნაცვლად" პასუხი ეპოვათ.
ცნობილია, რომ დაახლოებით 13.7 მილიარდი წლის წინ, დიდი აფეთქებისას ანტიმატერია და მატერია გაჩნდა, თუმცა რომ არა რაღაც ასიმეტრია, ანტინაწილაკები და ნაწილაკები ანიჰილაციას გამოიწვევდნენ და სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, სავარაუდოდ, არ იარსებებდა.
მიქაელი სხვა ინჟინრებთან ერთად აწყობდა მაღალი სიზუსტის კვების ბლოკებს და პოლარიზატორებს, რომელიც თეორიულ "დიპოლურ მომენტს" გაზომავდა ამაჩქარებელში.
"არსებობს თეორია, რომ თუ მაგალითად პროტონში კვარკები თანაბრად არიან განაწილებული სივრცეში, მათ შორის მანძილის განსხვავება ძალის მომენტის მსგავს ფენომენს გამოიწვევს, სწორედ ამ დიპოლურ მომენტს", — ამბობს მიქაელი.
ელექტროინჟინერიის დეპარტამენტში მეცნიერები PET scan-ის და MRI-ის "გაერთიანებას" ცდილობენ, ანუ მოწყობილობის შექმნას, რომელიც ორივეს ფუნქციურობას შეითავსებდა.
მიქაელის თქმით, დიდ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში მუშაობა განსხვავდება იგივე უნივერსიტეტში მუშაობისგან საქართველოში. "პირველ რიგში, თითო კვლევას იმხელა დაფინანსება აქვს, რაც შეიძლება მთელ უნივერსიტეტს ჰქონდეს".
თანამედროვე მეცნიერება განსხვავებულია მეცნიერების იმ "რომანტიკული" ეპოქისგან, როცა ერთ ადამიანს შეეძლო ფიზიკოსობა, ბიოლოგობა, მწერლობა და მოგზაურობა. დისციპლინები ზედმეტად სპეციფიური გახდა და თუნდაც ფუნდამენტურ ფიზიკას უფრო და უფრო მეტი დაფინანსება სჭირდება, რადგან ბევრად უფრო ზუსტი და მასშტაბორი გაზომვების ჩატარებაა საჭირო. თანამედროვე კვლევებზე ხშირად ასობით მეცნიერი მუშაობს, სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები. კვლევებისგან შედეგების მიღებას და მონაცემების შეგროვებას მეტი დრო სჭირდება.
მაგალითად, იულიხის ბირთვული ფიზიკის ეს კვლევა, რომელიც ელექტრულ დიპოლურ მომენტს ზომავდა, 2.5 მილიონამდე ევროთი დაფინანსდა. ეს ფული კვლევის პირველ 5 წელზე იყო გათვალისწინებული. "მოლოდინი არაა, რომ მეცნიერები შედეგებს ეგრევე დადებენ", — ამბობს მიქაელი, ზოგი კვლევა შეიძლება ათწლეულებიც გაგრძელდეს.
სამწუხაროდ, მეტწილად სწორედ ფინანსური პრობლემების გამო კვლევა, რომელშიც მიქაელი მონაწილეობდა შეჩერებულია და იულიხის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი დაიხურა.
"ასეთი დიდი კვლევები გრანტებით არსებობს. ყველამ იცის, რომ ექსპერიმენტი 2-5 წელიწადში არ დამთავრდება, ამიტომ დაფინანსების მოძიება რთულია. მით უმეტეს თუ კვლევა ძალიან აქტუალურ საკითხს არ ეხება".
"აზრი", მაგისტრატურა და ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა სტუდენტებს
ბაკალავრიატის დამთავრების და იულიხში მუშაობის შემდეგ მიქალი საქართველოში, კომპანია "აზრიში" მუშაობდა, რომელიც ელექტრინჟინერიის მხრივ აქ ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. ბევრი ახალგაზრდა ინჟინერისთვის "აზრი" ძალიან კარგი ადგილია არამხოლოდ გამოცდილების მისაღებად, არამედ პროფესიული კარიერის გასაგრძელებლად. მიქაელის ბევრ კურსელს მაგისტრატურაზე სწავლა აღარ გაუგრძელებია, რადგან მათი სპეციალობა უამრავი მიმართულებით მუშაობის საშუალებას აძლევთ.
"შემეძლო დავრჩენილიყავი ან საზღვარგარეთ დამეწყო შემდეგ მუშაობა, მაგრამ სულ რაღაცნაირი სურვილი მქონდა, რომ მენახა, როგორია სწავლა მართლა კარგ და მსოფლიო დონის უნივერსიტეტში".
ინგლისში წასვლამდე მიქაელმა CV არაერთ ევროპულ უნივერსიტეტში გაგზავნა, თუმცა ბევრგან სადაც სწავლა უნდოდა, უარი მიიღო. ეს ცოტა უცნაურია თუ გავითვალისწინებთ, რომ მას საკმაოდ შთამბეჭდავი სამუშაო გამოცდილება ჰქონდა.
"ერთხელაც უბრალოდ გადავწყვიტე, მოკლედ, უბრალოდ მივწერე აახენის უნივერსიტეტს, რომ აი, რა კრიტერიუმებს უყურებენ სტუდენტების მისაღებად ან რა შემიძლია გავაკეთო, რომ მათთან მოვხვდე", — ამბობს გაგოშიძე. "მორალზეც იყო დარტყმა, რომ 41 უნივერსიტეტს მივწერე და ყველამ უარი მითხრა. საბედნიეროდ აახენის ადმინისტრაციამ ბევრ რამეში გამარკვია".
"თვითონ აახენის უნივერსიტეტში კრედიტების მხრივ შეუთავსებლობა იყო, ანუ აქაური ბაკალავრიატის სტუდენტები აგრარულში სხვა რაღაცებს გადიოდნენ, როცა უფრო მეტი კრედიტი შეიძლება სხვა რამეში სჭირდებოდათ. ამას გარდა აღმოჩნდა, რომ საქართველოს განათლების სამინისტროში "აგრარული უნივერსიტეტი" არასწორად ეწერა, ჩვენი ფაკულტეტის დახასიათებაც ცუდად იყო გაკეთებული თვითონ აგრარულის საიტზე. ამიტომ დეკანთან ერთად ეს რაღაც პრობლემები ჩავასწორეთ".
მიქაელის თქმით, მას აახენში უთხრეს, რომ თუ, მაგალითად, აგრარულიდან მანამდე სტუდენტი არ ყოლიათ, მაშინ Background check-ის გაკეთება უწევთ და თუ ცხადია ამასაც ვერ ამოწმებენ, ბევრად დაბალია ალბათობა, რომ ვინმე უნივერსიტეტში მიიღონ.
პრობლემების გამოსწორებისა და 1-2 IELTS გამოცდის შემდეგ, მიქაელი ინგლისში წავიდა. მის გამგზავრებას ცუდად დაემთხვა COVID-19-ის პანდემია, რის გამოც ბირმინგემში, ისევე როგორც მსოფლიოს უამრავ უნივერსიტეტში, დისტანციურ სწავლებაზე იყვნენ გადასული.
"ასე დავსეირნობდი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე და გარედან ვათვალიერებდი შენობებს", — იხსენებს მიქაელი, "თუმცა ლაბორატორიული სამუშაოები მაინც ადგილზე გვიტარდებოდა და ნუ ნელ-ნელა სიტუაცია გამოსწორდა".
მიქაელის თქმით, არსებითად სწავლის პროცესი, ანუ ლექციები და სემინარები არ განსხვავდებოდა იმისგან, რაც აგრარულში ნახა. თუმცა, "ლექციები უნივერსიტეტის ძალიან მცირე ნაწილია", — ამბობს მიქაელი.
"უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება, განათლების გარდა, არის ის, რომ კვლევები აწარმოოს. მთავარი განათლება, განსაკუთრებით მეცნიერებაში და ინჟინერიაში სწორედ აქედან მოდის. სტუდენტებს კვლევაში ჩართვით საშუალება ეძლევათ ძალიან ახალ რაღაცებს გაეცნონ. ეს აქტუალურია, როგორც ბაკალავრიატისთვის და მაგისტრატურისთვის, ისე დოქტორანტურისთვის. მე მაგალითად ყველაზე მეტი ჩემი საკურსო პროექტების კეთებისას ვისწავლე, მაგრამ კარგ უნივერსიტეტში სწავლა საშუალებას გაძლევს შენი შრომა სხვებისას შეუთავსო და ასე გროვდება ცოდნა და იქმნება ბაზა."
მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, მიქაელმა მუშაობა მალევე დაიწყო Qualcomm-ში, როგორც შესავალში აღვნიშნე. ამ კომპანიაში მუშაობის შესახებ მიქაელი კითხვებით არ დავღალე, რადგან საკმაოდ სპეციფიურ საქმეს აკეთებს. კითხვაზე თუ რას ურჩევს სხვა ახალგაზრდა ინჟინრებს, რომლებსაც საზღვარგარეთ სწავლა ან მუშაობა სურთ, მიქაელს მარტივი პასუხი აქვს:
"მოკლედ, არაფერი არაა ინგლისურის ცოდნაზე მნიშვნელოვანი. ოღონდ ისეთი ცოდნა არა, რომ Iron man-ს უყურო და გაიგო. ზოგადად, (თუმცა გამონაკლისებიცაა) თუ ხარ რაღაც "საშუალო დონის" ინჟინერი, მაგრამ ინგლისური კარგად იცი, უფრო მეტი შანსი გაქვს, ვიდრე ძალიან მაგარ ინჟინერს, რომელმაც ინგლისური არ იცის".
კომენტარები