ახალი კვლევის თანახმად, რომელიც დღეს კიბოს კვლევის ამერიკის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა, დღეში მხოლოდ ერთი ალკოჰოლური სასმელის მიღებაც კი, ქალებში მკერდის კიბოს გაჩენის რისკს ზრდის. ინტენსიური ვარჯიში - პირიქით, ამცირებს.

დასკვნა, რომელიც 12 მილიონი ქალის, მკერდის კიბოს 260 ათასი შემთხვევისა და 120 კვლევის შედეგს შეიცავს, კიბოს კვლევის ამერიკის ინსტიტუტმა და კიბოს კვლევის მსოფლიო ფონდმა ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოაქვეყნეს.

"დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფიზიკურად აქტიური ცხოვრების სტილი, ჯანსაღი წონა და ალკოჰოლის ცოტა რაოდენობით მიღება არის ის ნაბიჯები, რომლებიც ქალებმა მკერდის კიბოს რისკის დასაწევად უნდა გადადგან", ამბობს დასკვნის ერთ-ერთი ავტორი, კიბოს კვლევის ფრედ ჰაჩინსონის სახელობის ცენტრის პრევენციის ექსპერტი ენი მაკტიერნანი.

კვლევის მიხედვით, მენოპაუზამდელი ასაკის ქალებში, დღეში თუნდაც 10 გრამი ალკოჰოლის მიღება მკერდის კიბოს განვითარების შანსს 5%-ით ზრდის, რაც ერთი შეხედვით მცირე მაჩვენებელია, მაგრამ საერთო ჯამში მნიშვნელოვანი ფაქტორია. მენოპაუზის შემდგომი ასაკის ქალებში იმავე რაოდენობის ალკოჰოლი რისკს 9%-ით ზრდის. ეს დასკვნა ჯამში 32 კვლევასა და მათში მონაწილე 40 ათასამდე ქალის მონაცემებს ეფუძნება.

მეცნიერები ვერ ამბობენ, ყოველდღიურად მცირე რაოდენობის ალკოჰოლის მიღება და კვირაში ერთხელ შედარებით მეტი ან დიდი რაოდენობით დალევა რისკს ერთნაირად ზრდის თუ არა.

რაც შეეხება რისკის შემცირებას, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მენოპაუზის შემდგომ პერიოდში მკერდის კიბოს განვითარების რისკებს მცირე ვარჯიშიც კი ამცირებს. ფიზიკურად აქტიურ ამ ასაკის ქალებში კიბოს განვითარების საშიშროება - 17 პროცენტით, ხოლო მენოპაუზამდელ ასაკის ქალებში 10 პროცენტით მცირდება.

მეცნიერები ამბობენ, რომ სწორი კვება და ვარჯიში ვერ იქნება იმის გარანტია, რომ მკერდის კიბო არ წარმოიქმნება, მაგრამ რისკებს საგრძნობლად შეამცირებს.