რამდენი ჭიანჭველა ბინადრობს დედამიწაზე? — მეცნიერებს პასუხი აქვთ
ოდესმე გიფიქრიათ, რამდენი ჭიანჭველა ბინადრობს დედამიწაზე? ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერები პასუხზე შეჯერდნენ. მათი თქმით, ჩვენს პლანეტაზე ამ მწერების საერთო რაოდენობა დაახლოებით 20 კვადრილიონია, რომელიც ციფრებით ასე დაიწერება: 20 000 000 000 000 000.
ეს არსებები ბუნებაში დიდ როლს ასრულებენ. მაგალითად, ნიადაგს ჰაერით აჯერებენ, მცენარეთა თესლებს ავრცელებენ, ორგანულ მატერიას შლიან, სხვა ცხოველებისთვის საცხოვრებელ გარემოს ქმნიან და კვებითი ჯაჭვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. შესაბამისად, გარემოში მიმდინარე ცვლილებების გასააზრებლად მათი რაოდენობის გამოთვლა და პოპულაციაზე დაკვირვება საჭიროა.
დედამიწაზე ჭიანჭველების 15 700-ზე მეტი სახეობა და ქვესახეობა არსებობს, ზოგი კი ჯერ კიდევ უსახელოა. მათი მაღალი დონის სოციალური ორგანიზება განაპირობებს, რომ ამ მწერებს თითქმის ყველა რეგიონსა და ეკოსისტემაში ვხვდებით, მაგრამ მიახლოებითი რიცხვის დასახელება გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ამის გამო, აქამდე სისტემური და საფუძვლიანი ვარაუდი არ გამოთქმულა.
სპეციალისტებმა ჯამში 489 კვლევა გააანალიზეს, რაც სხვადასხვა ენაზე დაწერილ მასალებს მოიცავდა და ყველა კონტინენტსა თუ გარემოს ფარავდა, მათ შორის, ტყეებს, უდაბნოებს, მინდვრებსა და ქალაქებს. მეცნიერების მიერ ჭიანჭველების მოსახელთებლად და დასათვლელად გამოყენებული იყო სტანდარტული მეთოდები, როგორიცაა, მაგალითად, ხაფანგით დაჭერა და ძირს ჩამოცვენილი ფოთლების შესწავლა.
შედეგად მიღებული რიცხვი ადრინდელ სავარაუდო მაჩვენებლებს 2-20-ჯერ აღემატება, საველე პირობებში შეგროვებულ მონაცემებზეა დაფუძნებული და ნაკლებ დაშვებას ეყრდნობა.
მეცნიერების მიზანი ჭიანჭველების საერთო სუფთა წონის გამოთვლაც იყო. მათი თქმით, აღნიშნული არსებების ბიომასა 12 მილიონი ტონა ნახშირბადია, რაც ადამიანთა ბიომასის 20%-ა, ველური ფრინველებისა და ძუძუმწოვრებისას კი აჭარბებს.
დადგინდა ისიც, რომ ჭიანჭველები ყველგან თანაბარზომიერად არ არიან გავრცელებულნი, არამედ უფრო მეტად ტროპიკებისკენ ბინადრობენ. დიდი რაოდენობით არიან ტყეებსა და მშრალ რეგიონებშიც, ხოლო ადამიანთა საცხოვრებელ არეალში — ნაკლებად.
რა თქმა უნდა, უკანასკნელი კვლევა უპირობოდ ზუსტ რიცხვს არ გვაძლევს, თუნდაც იმიტომ, რომ მის ფარგლებში მხოლოდ ხმელეთის ზედაპირია გაანალიზებული. ამის მიუხედავად, ის აქამდე ჩვენს ხელთ არსებულ ყველაზე დამაჯერებელ და მეცნიერულად გამყარებულ პასუხს გვთავაზობს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში PNAS გამოქვეყნდა.
კომენტარები