NASA-ს აპარატმა მარსზე დიდი ოდენობით ორგანული მატერიის შემცველი ნიმუშები მოიპოვა
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მარსმავალმა პერსევერანსმა წითელ პლანეტაზე ახალი ნიმუშები მოიპოვა, რომლებშიც ორგანული მატერიის განსაკუთრებულად მაღალი კონცენტრაციაა. ასეთ ქანებს აპარატმა იმ არეალში მიაგნო, სადაც ძველად ტბა და მდინარის დელტა იყო.
"რა თქმა უნდა, ორგანული მოლეკულები სიცოცხლის საშენი მასალაა, ამიტომ ძალიან საინტერესოა, რომ გვაქვს ქვები, რომლებიც ტბაში, სიცოცხლისთვის თავსებად გარემოში დაილექა და ორგანულ მატერიას შეიცავს", — აცხადებენ მეცნიერები.
3.5 მილიარდი წლის წინ ფორმირებული დელტას მიმდებარედ შეგროვებული 4 ახალი ნიმუშით საერთო გეოლოგიური მასალის რაოდენობამ 12-ს მიაღწია. თითოეული მათგანი იეზეროს კრატერშია მოპოვებული, რომელიც ძველად წყლით იყო სავსე.
ამჟამად პერსევერანსი იმდროინდელ მდინარის შესართავს იკვლევს, კერძოდ, დანალექ ქანებს. პირველ ეტაპზე კი მან კრატერის ფსკერი შეისწავლა და ვულკანური წარმოშობის ქვებს მიაგნო.
აღსანიშნავია, რომ ორგანული მატერიისთვის იქ პერსევერანსა და მის წინამორბედ კურიოზიტის აქამდეც მიუკვლევია, თუმცა არა ამ რაოდენობით. თანაც უკანასკნელი ნიმუშები ისეთ არეალს ეკუთვნის, სადაც წარსულში დანალექი და მარილები წყლიან, სიცოცხლისთვის თავსებად პირობებში დაგროვდა. მათ შორისაა კრატერის მოშორებით არსებული ადგილებიდან იქ მოხვედრილი ფრაგმენტებისგან შედგენილი ქვიშაქვა და ორგანული ნაერთების შემცველი არგილიტი.
მარსმავალზე დამონტაჟებული, SHERLOC-ის სახელით ცნობილი ხელსაწყოს მეშვეობით დადგინდა, რომ უკანასკნელ ნიმუშებში არის ორგანული მოლეკულები, რომლებიც სულფატის მინერალებს უკავშირდება. ამას მაშინდელი გარემოს შესახებ ღირებული ინფორმაციის მოცემა შეუძლია.
"მსგავსი ურთიერთკავშირი მიუთითებს, რომ, როცა ტბა ორთქლდებოდა, სულფატებიცა და ორგანული ნაერთებიც დაილექა, შეინახა და ამ არეალში მოიყარა თავი. ვფიქრობ, ეს შედეგები გასაოცარია, რადგან გვანიშნებს, რომ მნიშვნელოვან მომენტში სწორ ადგილას სწორი ხელსაწყოებით ვართ", — ამბობს მეცნიერი სუსანდა შარმა.
აღნიშნული მოლეკულები ნახშირბადზე დაფუძნებულ ნაერთებს წარმოადგენს და, როგორც წესი, წყალბადისა და ჟანგბადის ატომებს აერთიანებს. ისინი შესაძლოა, სხვა ელემენტებს, მაგალითად, აზოტს, ფოსფორსა და გოგირდსაც შეიცავდეს. არაა გამორიცხული, რომ ასეთი მატერია ბიოლოგიური წარმოშობის იყოს.
მარსზე შეგროვებული გეოლოგიური მასალის ჩამოტანაზე NASA ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან ერთად მუშაობს. ამისთვის წითელ პლანეტაზე სპეციალური აპარატების გაგზავნა იგეგმება. დედამიწამდე ნიმუშები 2030-იან წლებში მოაღწევს.
კომენტარები